10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა იკრძალება.
“სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
10 სექტემბრიდან ასევე იკრძალება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა როგორც დახურულ სივრცეში, ასევე ღია ცის ქვეშ.
ერთი თვით გადაიდო თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაც.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა, შესაბამისად უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესებისა და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომლებიც ხვალიდან შევა ძალაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი 1 ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო 1 თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება პირველი ნოემბრიდან,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.
გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების წესები მკაცრად გაკონტროლდება.
აქვე საყურადღებოა, რომ მთავრობის ადმინოსტრაციის უფროსის განცხადებით, 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ შეეხება. მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი წესები.