- კურსკის ოლქში რუსი ოფიცრების გაქცევის შემდეგ არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა რუსი სამხედროებისა და გაწვეულების მხრიდან ერთმანეთთან დაპირისპირების, დახოცვისა და ჩაბარებისა. ასეთ დროს წესრიგის რღვევასთან ერთად ქაოსი ბუნებრივად ისადგურებს ხოლმე. მაგრამ მოდით დეტალურად გავაანალიზოთ თუ რა ხდება რუსულ არმიაში და რატომ მოხდა რომ კურსკის ოლქში რუსული არმია ასეთ კატასტროფულ შედეგებს აჩვენებს.
ახლანდელი რუსული არმია შედგება ოთხი ძირითადი ჯგუფისგან:
1. პროფესიონალური არმია - საკუთარი ნებით საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედროები;
2. მობილიზებულები - ადამიანები, რომელთაც გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური და ახლა ხელმეორედ გაწვეულ იქნენ მთავრობის მიერ. მათი ასაკი ხშირად 30-60 წელს შორის მერყეობს;
3. გაწვეული წვევამდელებისაგან - 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისაგან;
4. პატიმრებისაგან - ვადაზე ადრე გამოშვებული მსჯავრდებულებისაგან, რომელთა გამოშვებაც იმ პირობით ხდება, რომ მინიმუმ 6 თვეს გაატარებენ ფრონტის ხაზზე, რის შემდგომაც სრულად მოეხსნებათ პატიმრობა.
მაგრამ ნებისმიერი არმიის სუსტი წერტილი სწორედ მესამე პუნქტი - გაწვეული წვევამდელები არიან. გაწვევისაგან თავის არიდება რუსეთში 5000-10000 დოლარი ღირს. აღნიშნული ქრთამი ექიმებსა და კომისრებზე ნაწილდება ხოლმე. მდიდარი ან საშუალო შეძლების მოსახლეობა ამ თანხას იხდის, რის გამოც სავალდებულო სამხედრო სამსახური მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენებიდან ივსება ხოლმე, ისიც მეტწილად რუსეთის აღმოსავლური და ჩრდილოკავკასიური რეგიონებიდან.
გაწვეული წვევამდელების მნიშვნელოვან ნაწილს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს. მათი დაახლოებით 30% არამდგრადია, 10% ალკოჰოლიკი, 15% კი ზედმეტად გამხდარი. სწორედ ამის გამო ჯერ კიდევ 2000-ან წლებში რუსეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ჩიოდნენ, რომ რუსულ არმიაში გაწვეულთა უმრავლესობა ბრძოლის თვალსაზრისით ყველაზე უუნარონი იყვნენ. ანუ ჯანმრთელის დაწუნება ხდებოდა, ხოლო პრობლემების მქონე სუსტი ახალგაზრდა ჯანმრთელად ცხადდებოდა.
წვევამდელების კიდევ ერთი პრობლემა ე.წ. "დედოვშჩინაა": გაწვეულთა არმიაში ახალწვეულის უკიდურესი დამცირება, წამება, სექსუალური ძალადობაც კი ჩვეული ამბავია. ხოლო მდიდარი ბიზნესმენები ფულისა და გავლენების გამო გაწვეულ ახალგაზრდებს აუნაზღაურებელი და მონური შრომისთვის იყენებენ - ასუფთავებინებენ თავიანთი ვილების ეზოებს, არგვევინებენ ხეებს, აკრეჭინებენ გაზონს, აშენებინებენ სასტუმროებს და ასე შემდეგ. სწორედ ამის გამო რუსეთის არმიაში ყოველწლიურად ათობით შემთხვევაა სუიციდის ან საკუთარი ოფიცრების დაცხრილვის. ზოგიერთი კი ჯარიდან დახეიბრებულიც კი ბრუნდება ხოლმე.
რუსეთში დღეში გაწვეულ სამხედროს 1.5 ლარს უხდიან. გაწვეულების წვრთნა კი მინიმალურია ხოლმე. მხოლოდ უკიდურესი მორჩილებისა და უკანონო ბრძანების შესრულების სწავლებაზე იხარჯება დიდი დრო. სამაგიეროდ, გაწვეულებს შორის დემორალიზებაა მაღალი. ამას ემატება ისიც, რომ სამხედროს მორალზე მოწინააღმდეგის მდგომარეობაც მოქმედებს. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მოწინააღმდეგე მასზე უკეთაა ჩაცმული, მეტი საკვები, უკეთესი აღჭურვილობა, კარგი სამედიცინო მომსახურება და ხალხის მხარდაჭერა აქვს, მისი ბრძოლისუნარიანობა კატასტროფულად ქვეითდება. დემორალიზაციის კიდევ ერთი წყარო იყო კადიროველების გამოჩენა, რომლებიც ძალადობდნენ გაწვეულებზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე, ხოლო როგორც კი უკრაინელები შევიდნენ კურსკის ოლქში, ისინი პირველები გაიქცნენ ფრონტის ხაზიდან. შესაბამისად, რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს საშუალო გაწვეულ რუსს? არანაირი. ნაპოლეონი და კლაუზევიცი ერთდროულად აღიარებენ, რომ იმ მხარეს, რომელსაც მაღალი სამხედრო მორალი აქვს დაახლოებით იორმაგებს არმიის მოცულობასო. ამიტომაცაა, რომ არავის სურს რუსულ გაწვევაში მონაწილეობის მიღება და ამიტომაცაა, რომ რუსი გაწვეული ახალგაზრდები მალევე ნებდებიან უკრაინელებს. სხვა თუ არაფერი უკეთეს პირობებშიც კი ხვდებიან ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შემოჭრისას თვით პროფესიონალ რუს სამხედროებსაც კი გაუკვირდათ რა კარგი პირობები იყო ქართულ არმიაში და ტუალეტების ძარცვაც კი დაიწყეს ("როგორც ბომჟები ასე ვცხოვრობ" - ეს ის ცნობილი სიტყვებია, რომელიც რუსმა სამხედრომ თქვა ქართული ბაზების ძარცვის ფონზე).
მაგრამ აქ სხვა ცვლადიცაა - გაწვეული წვევამდელების მშობლებს ისედაც ძალიან ცოტა ჰქონდათ დასაკარგი და ახლა, როდესაც მათი შვილები ტყვეობაში აღმოჩნდნენ კიდევ უფრო ცოტა აქვთ. მათი მხრიდან მასობრივად წერა და პროტესტი კრემლში აშინებთ. ამიტომაცაა, რომ მოსკოვში ფიქრობენ იპოვონ გამოსავალი ერთის მხრივ როგორ გააჩერონ უკრაინული შეტევა კურსკის ოლქში გაწვეულების მასობრივი გამოყენების გარეშე და მეორეს მხრივ, როგორ გამოიხსნან უკვე დატყვევებულები, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება.
- უკრაინელებმა დღეს კურსკის ოლქში ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით განახორციელეს წინსვლა: გლუშკოვოს რაიონში (სუჯას ჩრდილო-დასავლეთით), მდინარე სეიმზე ჩაარღვიეს მესამე ხიდი. შესაბამისად სეიმის აღმოსავლეთ ნაპირზე ჩარჩენილი რუსი სამხედროები იძულებულნი არიან მომარაგება სამხედრო ხიდების - პონტონების - მეშვეობით განახორციელონ. პონტონებს კი უკრაინული არტილერია თავისუფლად სწვდება. რუსეთის გენშტაბს არ სურს ამ ტერიტორიის უბრძოლველად დათმობა (პოლიტიკური მიზეზების გამო: გენშტაბის უფროსს გერასიმოვს ისედაც პრობლემები აქვს შექმნილი), მაგრამ ძალიან მაღალი იქნება იმის ალბათობა რომ ჩარჩენილი რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ან განადგურდეს ან ტყვედ იქცეს.
- სწორედ გლუშკოვოს რაიონში უკრაინელებმა დაიკავეს დასახლება ვიშნიოვკა. ამასთან ბრძოლით მიაღწიეს მდინარე სეიმამდე. რუსებს მოქმედების არეალი ძალიან ეზღუდებათ.
- სუჯას სამხრეთით უკრაინელებმა დაიკავეს დასახლება ბონდერევკა. არადა რუსების გათვლა ბონდერევკას შენარჩუნება იყო შემდგომი კონტრშეტევისათვის. რუსები თავიანთ მარცხს უკრაინული არმიის ელიტის გამოჩენით ხსნიან.
- გუშინ როსტოვის ოლქში, პროლეტარსკის სიახლოვეს დაბომბილი ნავთობტერმინალი არათუ განაგრძობს წვას, არამედ სხვა ნავთობრეზერვუარებსაც გადაედო ცეცხლი. რუსები მის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. საინტერესოა ისიც, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობას შემდგომ ორ კვირაში ქუჩაში გამოსვლისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. თითქმის ყველა ასპექტში ჩანს, რომ რუსეთი სერიოზული გამოწვევებისათვის სრულიად მოუმზადებელია ხოლმე და მხოლოდ საგარეო ექსპანსიურ ნგრევებშია მზად.
- რუსეთის ტერიტორიაზე, ბაშკირეთში ნავთობქიმიური ქარხანა აფეთქდა. მიზეზი დაბომბვაა, დივერსია თუ შემთხვევითობა ცნობილი არ არის. ქარხანა საბურავებს, პოლიეთილენს, პლასტმასსა და სხვა საჭირო ნივთებს აწარმოებდა.
- უკრაინაში, დონეცკის ოლქში უკრაინელები ქალაქ პორკოვსკისა და მირნოჰრადის გასწვრივ აგებენ თავდაცვის ზღუდეებს. რუსული წინსვლის შეჩერება სავარაუდოდ აქ უნდა მოხდეს. მოსახლეობის ევაკუაცია აქტიურად მიმდინარეობს.
- საინტერესო დაპირისპირებაა ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის. ლონდონი ვაშინგტონს სთხოვს ნუ უზღუდავს უკრაინას ფრთოსანი რაკეტების Storm Shadow-ს რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას. Storm Shadow კი ბრიტანული პროექტია (და მისი ანალოგი Scalp ფრანგული), შესაბამისად ბრიტანელებს უკრაინელებისათვის მწვანე შუქი აქვთ ანთებული, მაგრამ არის ვერსია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას აფრთხილებს, რომ თუკი ისინი ბრიტანულ ფრთოსან რაკეტებს ესვრიან რუსებს ამან შეიძლება ვაშინგტონიდან უკრაინის დახმარების შეწყვეტა გამოიწვიოსო. რეალურად რა ხდება რთული სათქმელია და შესაძლოა ესეც ფსიქოლოგიური ოპერაცია იყოს, რომ მაგალითად "აშშ ვერ აჩერებს უკრაინას მის მოკავშირეებს", მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში ძალიან სუსტი მრჩევლები როგორც ჩემბერლენები ისე იქცეოდნენ და მართლაც უკრძალავდნენ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებას ოფიციალურ კიევს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ხვდება თუ რა სახის ომთან გვაქვს საქმე და რომ მოსკოვის მიზანი მხოლოდ უკრაინის დაპყრობა კი არა დაპყრობის პრეცედენტის შექმნა და დაპყრობითი ომების დაბრუნებაა, რომელიც თავდაყირა დააყენებს არსებულ ისედაც მყიფე საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ წესრიგს.