- კურსკის ოლქში უკრაინელებმა ძალიან მნიშვნელოვანი დასახლება აპანასოვკა დაიკავეს. დასახლება უკრაინის საზღვრიდან რაიონულ ცენტრ კორენოვოსაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. რუსებს ამ მონაკვეთში საკმაოდ დიდი დანაყოფი ჰყავდათ გადასროლილი. უკან დახევისას რა ბედი ეწიათ რუსულ ნაწილებს უცნობია, თუმცა ზოგიერთი წყარო რუსების გარკვეული ძალების ალყაში მოხვედრაზე საუბრობს. თუ ეს ასეა ალბათ ვიხილავთ ტყვეების ახალ ტალღას.
- კურსკის ოლქში, გლუშკოვოს რაიონში, რომელსაც უკრაინელები უტევენ, მდინარე სეიმზე განლაგებული სამი ხიდიდან ორი განადგურებულია. გლუშკოვოსა და ზვანოეს ჩარღვეული ხიდების შემდეგ დარჩენილია კარიჟის ხიდი. რუსების მხრიდან ამ მონაკვეთიდან საკუთარი სამხედროების ევაკუაციის დაწყების შემთხვევაში უკრაინელთა მიერ დაკავებული ტერიტორია გაორმაგდება.
- კურსკის ოლქის რუსი მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა კადიროველების ყოფნით. როგორც ისინი ჰყვებიან კადიროველებმა ძარცვა-გლეჯითა და სექსუალური ძალადობა-გაუპატიურებით გამოიჩინეს თავი. თავად რუსეთშიც კი არ უხარიათ მათი გამოჩენა. ისინი მშვიდობიან ვითარებაში პირველი ძარცვავენ თავისიანებს, ხოლო ბრძოლისას პირველი გარბიან ფრონტის ხაზიდან.
- არადამაჯერებელია ბელარუსის მუქარა უკრაინის წინააღმდეგ. ოფიციალური მინსკის განცხადებით უკრაინის მხრიდან მასზე პროვოკაციული თავდასხმა გამორიცხული არააო და ამიტომაც სამხედრო მზადყოფნაზე და მუქარებზე დაიწყო საუბარი. მეტიც, ლუკაშენკა ამბობს, რომ უკრაინული დრონები პერმანენტულად არღვევენ ბელარუსის ცას და 150 ათასზე მეტი უკრაინელია მობილიზებული საზღვრის გასწვრივო. რეალურად კი ლუკაშენკა ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით ათამაშებს კუნთებს და ხელოვნურად ზრდის უკრაინულ საფრთხეს, ხოლო მეორეს მხრივ მოსკოვს უგზავნის სიგნალებს კვლავ შენს გვერდით ვარო. რეალურად კი მინსკს ძალიან ეშინია, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში ლუკაშენკას რეჟიმი შეიძლება ჩამოიშალოს კიდეც. რაც შეეხება უკრაინა-ბელარუსის საზღვრის მონაკვეთს: უკრაინელი სამხედროები სასაზღვრო ზონის სიახლოვეს არა ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ არამედ იმ მიზნით არიან განლაგებული, რომ კიევზე ლაშქრობა სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა 2022 წელს. მაგრამ ახლა საზღვარი ძალიან კარგადაა გამაგრებული და ფორტიფიცირებული. შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით კარგადაც კი. ამიტომაა, რომ ბელარუსის მხრიდან მუქარები ნაკლებად დამაჯერებელია.
- უკრაინელებმა როსტოვის ოლქში დრონებით საჰაერო იერიში მიიტანეს ნავთობტერმინალებზე. წარმატებული იყო პროლეტარსკის რაიონში არსებული ნავთობტერმინალის განადგურება, რომელსაც 3-დან 5 დრონამდე დაეცა, აალდა და აფეთქდა. რუსეთის მხრიდან ომის წარმოების დასაქვეითებლად მსგავსი ოპერაციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, ამ ომმა წარმოაჩინა, რომ იაფიან დრონებს მთლიანად შეუძლია შეცვალონ ომის წარმოება.
- რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიას: დონეცკის ოლქში ქალაქი ნიუ-იორკის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და დაცემის ზღვარზეა. არადა რამდენიმე დღის წინ რუსული შეტევა გარეუბნიდან უკუაგდეს უკრაინელებმა. 2014 წლიდან ქალაქი ფრონტის ხაზის სიახლოვეს წარმოადგენდა და რუსებს მისი აღება ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად ჰქონდათ/აქვთ გადაწყვეტილი. უკრაინელებს დონეცკის ოლქში რუსების იერიშების შეჩერება ნიუ-იორკი-ტორეცკესა და პორკოვსკის მიმართულებაზე შეეძლო, მაგრამ ამ შემთხვევაში მას კურსკის მიმართულებაზე ინიციატივის ხელში აღება გაუჭირდებოდა და შეტევის ნაცვლად დაცვაში დგომა მოუწევდა. ახლა კი სიტუაცია ისეთია, რომ რუსული ინიციატივა დონეცკის ოლქში ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად ნარჩუნდება, ხოლო უკრაინული ინიციატივა კურსკის ოლქში მინიმალური დანაკარგებით მიმდინარეობს.
ახლა რუსეთს რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი - ან მოუწევს უკრაინიდან კიდევ უფრო მეტი რეზერვის გამოყვანა და კურსკის ოლქში უკრაინული შეტევის შეჩერება და შემდეგ კონტრშეტევის დაგეგმვა (რაც უკრაინელებს დონეცკის ან სხვა ოკუპირებულ ოლქში გააქტიურების საშუალებას მისცემს, ხოლო რუსებს საკუთარი ტერიტორიების დაბომბვა მოუწევთ), ან უფრო და უფრო მეტი რუსული ტერიტორიის ჩაბარებაზე უნდა წავიდეს. ეს კი რეჟიმის მდგომარეობას ამძიმებს - ამ შემთხვევაში ომი უშუალოდ რუსებს ეხებათ რუსეთში.
ომის წარმოების ნების დაქვეითება, შიდა დაპირისპირება და ლოჯისტიკური კრიზისი არის ის გასაღები, რითაც სახელმწიფოები აგებენ ხოლმე ომებს. როგორც ცნობილია, ომში დამარცხება იშვიათად ხდება დედაქალაქების აღებითა და იძულებითი კაპიტულაციით, უფრო ხშირია, როდესაც ხალხი და მთავრობა იჯერებს, რომ ომის მოგება შეუძლებელი ხდება, ხოლო ომის წარმოება და ლოჯისტიკა კატასტროფულად რთულდება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ომში დამარცხება პირველ რიგში გონებაში შეგუებით ხდება და არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე.