USD 2.5957
EUR 2.8875
RUB 3.2230
თბილისი
შერჩევითი ლოქდაუნი და დისკრიმინირებული ბიზნეს სუბიექტები
თარიღი:  2483

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები მხოლოდ ნაწილობრივ იხსნება. 

საბჭოს  განცხადებით "უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე“ და სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდა,რომ 24 დეკემბრიდან  2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით.

„ეკონომიკურ გუნდს და პირადად მე არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია გვქონდა სავაჭრო ობიექტებთან და ძალიან დიდი ნაწილი იმ შეზღუდვების და წესების, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მისი თქმით, სავაჭრო ობიექტები მზად არიან, თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა.

გასაოცარი ფაქტია, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ყველა მსხვილ სავაჭრო ობიექტს მიეცა მუშაობის უფლება, გარდა 4 ყველაზე დიდი სუბიექტისა - ლილო მოლი, ე.წ. სადგურის ბაზრობა, ავეჯის სახლი „საბა“ და ე.წ. ელიავას ბაზრობა. გასაოცარი კი აქ ის არის, რომ სწორედ ამ ობიექტებს აქვთ საშუალება ზედმიწევნით დაიცვან ის რეგულაციები, რომელსაც მათ უყენებს ხელისუფლება. თუმცა მათი წინადადებები არავინ გაითვალისწინა და საახალწლოდ მინიმუმ 40-50 ათასი მცირე მეწარმე და ბიზნესმენი მოკლებულია საშუალებას, სხვა თავის კოლეგების თუ კონკურენტების მსგავსად, იყვნენ ბიზნეს აქტიურები და მოახდინონ თავიანთი პროდუქციის თუ მომსახურების რეალიზაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ის ტერმინოლოგია, რომლითაც სარგებლობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რომელზეც აპელირებენ გადაწყვეტილების მიღებისას, საერთოდ არ არსებობს ბუნებაში.

არ არსებობს არანაირი „მოლი“ და არანაირი „სავაჭრო ცენტრი“, საგადასახადო კოდექსში სავაჭრო ცენტრების ტერმინი საერთოდ არ არის, კოდექსის 26-ე მუხლში გაწერილია ბაზრობის სტატუსი - თუ ბიზნესსუბიექტი ფართს 10-ზე მეტ სუბიექტზე  აქირავებს, მაშინ მას ბაზრობის სტატუსი ენიჭება.

ანუ იურიდიულად ყველა სავაჭრო ცენტრს ერთი სტატუსია აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ზარალდებიან უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით.

კიდევ უფრო საინტერესოა, რომ დაზარალებული ობიექტებიდან ერთ-ერთი -ე.წ. ელიავას ბაზრობა, თითქმის ღია სივრცეშია (15 ჰექტარი) განთავსებული და იქ, მისი სპეციფიური პროფილის გამო, არაპანდემიურ პერიოდშიც  კი 20 კვ.მ-ზე მყიდველთა რიგები არ შეინიშნებოდა.

დღეს ელიავას ბაზრობა ისევ დახურულია, თუმცა მის უშუალო კონკურენტებს სამშენებლო-სარემონტო მასალებით მოვაჭრე ჰიპერმარკეტებს („დომინო“, „გორგია“, „ბრიკორამა“ და სხვ.)  ეს შეზღუდვა არ შეხებია. რაც კიდევ უფრო საკვირველია, ელიავას ბაზრობიდან 1 კილომეტრში მდებარე ე.წ. გამოფენის ბაზრობა, რომელიც ზუსტად იგივე პროდუქციით ვაჭრობს, ლოქდაუნდის მეორე ფაზის განმავლობაში არავის დაუხურავს და ის ჩვეულებრივ ფორმატში აგრძელებდა მუშაობას.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს ყველა, ვინც ჩათვალა რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ. ლილოს ბაზრობის წარმომადგენლების თქმით, ამ ერთი კვირის განმავლობაში მუშაობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი უფრო რთული სწორედ მოლებში იქნება, რადგან დახურული სივრცეა, ხოლო ბაზრობები ღიაა.

ისინი აცხადებენ, რომ მიდგომა დისკრიმინაციულია, რადგან საბანკო ვალდებულებები და ფინანსური პრობლემები ექმნებათ არა მხოლოდ მოლებს, არამედ ჩვეულებრივ ბაზრობებსაც, რაც მთავრობას უნდა გაეთვალისწინებინა.

„ჩვენც ვიცით, რა არის კორონავირუსი, სახლში გვყავს მოხუცები, ბავშვები, ვუფრთხილდებით მათ, თუმცა არსებობა ხომ გვინდა?! საჭმელი არ გვექნება ახალ წელს. ლილოში გამყიდველები დღეში 10 ლარზე მუშაობენ, ჭამა ხომ უნდათ ოჯახებში?! ხვალ მოლები გაიხსნება და გაცილებით მეტი შევიკრიბებით“, - აცხადებენ ლილოს ბაზრობის თანამშრომლები.

აქცია გამართეს „თერგის“ ბაზრობაზე დასაქმებულებმაც. მათი თქმით, თუ სავაჭრო ცენტრები იხსნება, ბაზრობებიც უნდა გაიხსნას.

ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე თეა ანდრიაძე მიიჩნევს, რომ თუ მოლებს დართეს გახსნის უფლება, გარკვეული შემსუბუქება ბაზრობებზეც უნდა გავრცელებულიყო. „არსებობს როგორც მაღაზიის ტიპის ბაზრობები, ასევე, არის დახლური ბაზრობები, რადგან მაღაზიებს ხსნიან, შესაძლებელია, მომხდარიყო დიფერენცირება, რომ ელიავას ბაზრობაზეც გახსნილიყო მაღაზიები და არ გახსნილიყო დახლები, რადგან ისინი უფრო მჭიდროდ არის განლაგებული ერთმანეთთან. ელიავაზე 90% მაღაზიებია, ხოლო 10% დახლები; ვფიქრობ, შეიძლებოდა, ამ მაღაზიების მფლობელებისთვის შეღავათი მიეცათ“.

ავეჯის სავაჭრო ცენტრის დირექტორის პაატა კაჭარავას განცხადებით, გასულ კვირას ის იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრების და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრაზე და ჰქონდა მოლოდინი, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მათაც შეეხებოდათ, რადგან „საბაში“ რეგულაციებს იმაზე მეტად იცავდნენ, ვიდრე ამის მოთხოვნა იყო.

„ნათია თურნავასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რა დაცვის საშუალებები გვქონდა „საბაში“. „საბას“ კოვიდ-რეგულაციები მაქსიმალურად ჰქონდა დაცული. კერძოდ, გაფილტრული და იონიზირებული ჰაერი მიეწოდება დიდ სავაჭრო სივრცეს, სადაც ჩვენ 40 000 მ2 გვაქვს და ცალკე ინდივიდუალური მაღაზიებია. ჩვენთან 40 მ2-ზე 1 ადამიანია გათვალისწინებული. ამასთან, უფასოდ მიეწოდებათ ნიღბები და სადეზინფექციო ხსნარები. გვაქვს მომხმარებლის შემოწმების ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც პირბადის კონტროლს ახდენს და კარს არ აღებს თუ პირს პირბადე არ უკეთია. ხდება, ასევე, ტერიტორიის დეზინფიცირება. შრომის ინსპექტირების ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ უსაფრთხოების ზომები ჩვენთან სამაგალითო იყო. შეხვედრის შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ გაგვხსნიდნენ, მაგრამ ვინაიდან ბაზრობის სტატუსი გვაქვს, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება ჩვენზე არ გავრცელდა, თუმცა ჩემთვის გაუგებარია იგივე შეზღუდვები რატომ არ ვრცელდება მოლებზე“, - განაცხადა „საბას“ დირექტორმა.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, „სავაჭრო კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანების“ წევრებიც, რომლებიც ითხოვენ 24 დეკემბრამდე გაითვალისწინონ მათი მოთხოვნებიც სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებთან და ფუნქციონირების ნებართვასთან დაკავშირებით.

ვერ გეტყვით, რამდენად მართებული იყო საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება 24 დეკემბრიდან ლოქდაუნის ნაწილობრივი მოხსნის თაობაზე, მაგრამ ის რომ ხელისუფლების ცალკეული (დაინტერესებული ?!) წევრების ინიციატივით, ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და ცალკეული ბიზნეს სუბიექტების დისკრიმინაციას, ეს კარგად ჩანს, თუნდაც ჩვენს მიერ ზევით მოყვანილი ფაქტებიდან და მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე.

ისედაც რთული პერიოდი (როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური) უდგას ქვეყანას და არც უახლოესი 5-6 თვე იძლევა დადებითი პერსპექტივის განცდას, და ასეთი მოცემულობის პირობებში, მსგავსი მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება, კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე სიტუაციას და უარყოფით მოლოდინებს ქმნის ბიზნეს წრეებში.

გოგი ლორთქიფანიძე

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის