USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე
Date:  1205

“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.” – ილონ მასკი

წარმატებისკენ მიმავალი გზა არაერთ იმედგაცრუებაზე გადის. რაც უფრო ამბიციურია მიზანი, მით უფრო მეტი დაბრკოლება ეღობება მას წინ. მათი გადალახვა ნიშნავს, რომ უნდა სცადო, დამარცხდე, თავიდან სცადო და ასე მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევ. მიუხედავად ამისა, ეს წარუმატებელი მცდელობები კულისებს მიღმა რჩება ხოლმე:

"დროის სწორი შერჩევა, შეუპოვრობა და ათწლიანი მცდელობები ისე ჩანს, თითქოს ერთ ღამეში მიაღწიე წარმატებას." – ტვიტერის თანადამფუძნებელი, ბიზ სტოუნი.

ეს “ათწლიანი მცდელობები” სავსეა გამოწვევებითა და წარუმატებლობებით, რომელთა გამოც ბევრი, უბრალოდ, დროზე ადრე ყრის ფარ-ხმალს. ისტორიას ქმნიან ისინი, ვის პირად ლექსიკონშიც 'შეცდომის' მაგივრად სიტყვა 'გაკვეთილი' წერია.

 

ამაზონის მიტანის სერვისმა სამ წელში 800 მილიონ დოლარიანი ზარალი ნახა

Webvan-ი, ამაზონის შვილობილი კომპანია, პროდუქტების ერთ-ერთი პირველი მიტანის სერვისი იყო. ის 1999 წელს დაარსდა, 2001 წელს კი თავისი კარები თითქმის 800 მილიონ დოლარიანი ზარალით დახურა. ეს ბევრისთვის პირველი და უკანასკნელი მცდელობა იქნებოდა, მაგრამ ამაზონი გამონაკლისი აღმოჩნდა.

პროექტის მონაწილეები რამდენიმე წელში ისევ დაუბრუნდნენ იდეას, მაგრამ, ამჯერად, იგივე შეცდომები აღარ გაუმეორებიათ. დღეს ისინი AmazonFresh-ს ხელმძღვანელობენ, რომელიც უკვე გასცდა ამერიკის შტატებს და ბერლინში, ტოკიოში, ლონდონსა და სხვა ქალაქებშიც გვხვდება.

ერთი შეხედვით, Webvan-ს ყველაფერი ჰქონდა, რაც წარმატების რეცეპტად ითვლება: დიდი ფინანსური რესურსი, გამოცდილი ანტრეპრენერები, კავშირები მსხვილ პარტნიორებთან. საბოლოოდ, ის ისტორიას შემორჩა, როგორც კარგი მაგალითი ასეთი რეცეპტის არარსებობისა. შეცდომებს ყველა უშვებს.

კომპანია იმაზე სწრაფად გაფართოვდა, ვიდრე ამის მენეჯმენტს შეძლებდა. ამას გარდა, იმ ახალ ლოკაციებში, სადაც Webvan-ი გამოჩნდა, საკმარისი კლიენტი სტაბილური შემოსავლებისთვის არ მოიძებნებოდა. პროექტის ტექნიკური მხარე მის ზრდას ვერ დაეწია, რაც, საბოლოოდ, საკმაოდ ძვირადღირებული კრახით დასრულდა.

გაკვეთილი: გაფართოვდი ნელა და მიზნობრივად

მომხმარებლებისა და თანამშრომლების საკმარისი რაოდენობის მოზიდვა გამართულ საოპერაციო სისტემაზე წინ დგას. დიდი რესურსი არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მალევე უნდა დახარჯო. სწორად შეაფასე შენი, როგორც კომპანიის, რეალური შესაძლებლობები.

 

 ტვიტერის დამფუძნებელი ეფლის წინააღმდეგ

ევან ვილიამსი ამერიკელი ანტრეპრენერია, რომელსაც ბლოგის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ. პირველი ბლოგ პლატფორმა, სახელად ‘ბლოგერი’, სწორედ მას ეკუთვნის.

რამდენიმე წარმატებული სტარტაპის შემდეგ ევანი შეუერთდა კომპანია ოდეოს, რომელიც ერთ-ერთ პირველ პოდკასტების პლატფორმად უნდა ქცეულიყო.

პროექტში დიდი ფულის ჩადების მიუხედავად, ოდეოს წევრებმა იდეისთვის თავის დანებება გადაწყვიტეს, როცა შეიტყვეს, რომ ეფლის iTunes-ს პოდკასტების სექცია დაემატებოდა.

ევანი მალევე მიხვდა, რომ ეფლს სათანადო კონკურენციას ვერ გაუწევდნენ და, მის მაგივრად, ტვიტერზე დაიწყო მუშაობა. დღეს ტვიტერის საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 30 მილიარდი დოლარია.

გაკვეთილი: ობიექტურად შეაფასე კონკურენცია

ბაზარზე კონკურენტის არსებობა არ ნიშნავს, რომ შენი პროექტი აუცილებლად წარუმატებელი იქნება. თუმცა, ეს არც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ უგულებელყო ის. აუცილებელია, ობიექტურად შეაფასო სიტუაცია და შენი კონკურენტის შესაძლებლობები. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს რომ ამაზონის ჩანაცვლებაზე იფიქრო, დასაწყისშივე წარუმატებლობისთვის ხარ განწირული (თუმცა, ამაზონის ქართული ვერსია მაინც იმუშავებს, რადგან ბაზარი და გეოგრაფიული ლოკაცია სხვადასხვაა).

 

Slack-ი და Flickr-ი ჩაფლავებული ვიდეო თამაშების შედეგია

სტუარტ ბატერფილდი იმ დიზაინერებს მიეკუთვნება, რომლებმაც, ტექნოლოგიური გამოუცდელობის მიუხედავად, სილიკონ ველიზე საერთო აღიარება მოიპოვეს. არადა, ანტრეპრენერების რიგს ის სრულიად აუთვისებელი ვიდეო თამაშის იდეით შეუერთდა. Game Neverending-ი იმით გამოირჩეოდა, რომ მოთამაშეებს ერთმანეთისთვის ნივთების გაცვლა შეეძლოთ. ამ დროს ეს ახალ აღმოჩენად ითვლებოდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ბატერფილდმა პლატფორმა 2004 წელს შექმნა – მაშინ, როცა ინტერნეტ თამაშებს მომხმარებელი თითქმის არ ჰყავდა.

იმის მაგივრად, რომ ხალხის გადმობირებაზე დაეხარჯა დრო და რესურსები, სტუარტმა სცადა ბაზრისთვის ალღო აეღო. სისტემაში რამდენიმე ცვლილების შეტანის შემდეგ, Game Neverending-ი წარმატებით გადაკეთდა სურათების გასაზიარებელ პლატფორმად. დღეს მას Flickr-ის სახელით ვიცნობთ. ის ჯერ კიდევ მაშინ დაარსდა, როცა არც აიფონი არსებობდა და არც – ინსტაგრამი.

მაგრამ, სტუარტს თავისი პირველი იდეა არ დაუვიწყებია.

მას შემდეგ, რაც Flickr-ი წარმატებით მიჰყიდა Yahoo-ს დაახლოებით 35 მილიონ დოლარად (სულ რაღაც ერთ წელში!), ბატერფილდმა Glitch-ი წამოიწყო. ეს ბევრ მოთამაშეზე გათვლილი ახალი ვიდეო თამაში იყო. პროექტი შედარებით წარმატებული აღმოჩნდა და 17 მილიონი დოლარის მოზიდვაც შეძლო.

10 მილიონი უკვე გამქრალი იყო, როცა სტუარტი მიხვდა, რომ მის პლატფორმას ხარჯების დასაფარად საკმარისი მოთამაშე არასდროს ეყოლებოდა. ისიც ადგა და, წარსულის გათვალისწინებით, კომპანია დახურა. დარჩენილი თანხა იმ საკომუნიკაციო სისტემის განვითარებას მოახმარა, რომელსაც Glitch-ზე მუშაობისას მისი გუნდი იყენებდა. Slack-იც ასე გამოჩნდა ბაზარზე და დღეს საქმიანი ურთიერთობებისთვის ნომერ პირველი საკომუნიკაციო პლატფორმაა.

გაკვეთილი: პროექტი ისე შეიძლება შეიცვალოს, ვეღარც იცნო

სტარტაპ სტრატეგიაში ძირეული ცვლილებების შეტანას პივოტი ეწოდება. ხშირად, პივოტი წარმატებულ პროექტამდე მისვლის აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ ბევრს მისი ეშინია. სტუარტმა ორჯერ გადააბიჯა საკუთარ თავსა და ამბიციებს, როცა ერთი ვიდეოთამაშიდან სურათების გასაზიარებელ პლატფორმად იქცა, მეორედან კი – ონლაინ კომუნიკაციის. მის მაგალითზე კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ბაზრის პულსის დაჭერა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

 

 ლინკდინის წინამორბედი ბიზნეს და რომანტიულ ურთიერთობებს აერთიანებდა

SocialNet-ი, რეიდ ჰოფმანის წამოწყება ლინკდინამდე, საკმაოდ ამბიციური პროექტი იყო: ამით მას ტინდერისა და ლინკდინის გაერთიანება სურდა. რა თქმა უნდა, მაშინ არც ერთი არსებობდა და არც – მეორე, თუმცა ბაზარზე პირველი მოთამაშის უპირატესობა საკმარისი არ აღმოჩენილა. მომხმარებლები ვერ ხვდებოდნენ, მაინც რა მიმართულებით უნდა ესარგებლათ პლატფორმით. საბოლოოდ, რეიდმა პროექტი მიატოვა, თუმცა იდეისთვის არ უღალატია. მალე ბაზარზე ლინკდინი გამოჩნდა – სივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობებისთვის.

გაკვეთილი: ფოკუსირდი ერთ ნიშაზე

სასიყვარულო პარტნიორებისა და საქმიანი უერთიერთობებისთვის ონლაინ სივრცის შექმნა აშკარად წარმატებული იდეაა, მაგრამ – ცალ-ცალკე. რეიდის შეცდომა ის იყო, რომ მან ყველაფერი ერთად მოინდომა. შედეგად, არც ერთი გამოუვიდა და არც მეორე, სანამ, საბოლოოდ, დათმობაზე არ წავიდა.

 

 ტესლა, SpaceX და SolarCity რისკის გარეშე დღეს არ იარსებებდნენ

ილონ მასკმა PayPal-ის გაყიდვიდან 180 მილიონი დოლარი აიღო. აქედან 100 მილიონი SpaceX-ში ჩადო, 70 – ტესლაში, 10 კი – SolarCity-ში. როგორც თავად ამბობს, ბინის ქირისთვის ფულის სესხება სჭირდებოდა. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, სამივე კომპანიის 10% შანსს ვაძლევდიო.

წინა მაგალითებმა გვაჩვენა, რომ ხანდახან იდეის მიტოვება წარმატებულის პოვნის აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, ისიც ვნახეთ, რომ შეცდომად მიჩნეული ქმედებები ყველა შემთხვევაზე არ ვრცელდება. ილონ მასკის საქციელი ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ისევ და ისევ მისივე თქმით, თუ დიდი გავლენის მოხდენა გინდა, წარუმატებლობის რისკიც მისი პროპორციული იქნება. არის მომენტები, როცა, უბრალოდ, ალღოს უნდა ენდო.

გაკვეთილი: ენდე საკუთარ თავს და არასოდეს დანებდე

შესაძლოა მასკს თავისი პროექტების წარმატებაში ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ბოლომდე ენდო. იმისათვის, რომ ამბიციური მიზნისკენ მიმავალი კომპლექსური და, ხშირად, ალოგიკური გზა დაფარო, პირველ რიგში, საკუთარი შესაძლებლობები კარგად უნდა გაითავისო.

ყველა ამ ისტორიას საერთო ის აქვს, რომ მათ უკვე წარმატებული ადამიანები ყვებიან. მიუხედავად იმ უზარმაზარი კრახებისა, რაც ცხოვრებაში განიცადეს, დანებება მათთვის არჩევანი არასოდეს ყოფილა. ამაზე ამბავს კი ალბათ ვერასდროს მოვისმენთ, რადგან მათ, ვინც ბრძოლას წყვეტენ, არავინ უსმენს.

“გამარჯვებული ის დამარცხებულია, რომელმაც კიდევ ერთხელ სცადა.” – ჯორჯ მ. მორი, ჯუნიორი.

ანა მიქატაძე

წყარო:https://medialab.ge/

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way