აფრო-აფხაზები, შავკანიანი აფხაზები ან შავკანიანი კავკასიელები, ასევე ხალხში მიღებულია შავი კაცი — აფხაზების პატარა ეთნო-რასული ნეგროიდული ჯგუფი, რომელიც ძირითადად სოფელ აძუბჟაში და მდინარე კოდორის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს (ჭლოუ, ფოქვეში, აგდარა, მერკულა და სხვა).
რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, თუ როგორ მოხვდნენ აფრიკელები აფხაზეთში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII საუკუნეში მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ. სავარაუდოდ, ეს იყო შავკანიანი მონების კავკასიაში ჩამოყვანის ერთადერთი და საკმაოდ უიღბლო ცდა. სხვა ვერსიის მიხედვით შავკანიანი აფხაზები ანტიკური კოლხების შთამომავლები არიან. იმას, რომ კოლხები შავგვრემნები იყვნენ ჰეროდოტეც ადასტურებს:
„კოლხები, სავარაუდოდ, ეგვიპტელები არიან: მე ეს გავიგე, სანამ სხვისგან შევიტყე. კოლხებს ახსოვთ ეგვიპტელები, ხოლო ეგვიპტელებს ისინი არა… ისინი [კოლხები] არიან შავკანიანები, ხუჭუჭთმიანები. სამაგიეროდ ეს არაფერს ამტკიცებს, იმიტომ რომ არის ბევრი მსგავსი ერი. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტო სამი ერი აკეთებს წინადაცვეთას: კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპელები. “
აგრეთვე შესაძლებელია, რომ ეს ჯგუფი ეგვიპტელი კოპტების ან ეთიოპელი ებრაელების შთამომავლები არიან. აფხაზმა მწერალმა და ისტორიკოსმა დიმიტრი გულიამ საკუთარ ნაშრომში „აფხაზეთის ისტორია“ აფხაზურსა და ეთიოპურ ტოპონიმიკათა შორის მსგავსობაზე გაამახვილა ყურადღება. ის ამტკიცებდა, რომ რამდენიმე გეოგრაფიული სახელწოდება „სრულიად იდენტურია“: ბაგადა — ბაგადა, ჰუმა — ჰუმა, თაბაკური — დაბაკური და ა.შ.
1927 წელს პრობლემით დაინტერესებულმა მაქსიმ გორკიმ აფხაზ მწერალთან, სამსონ ჩანბასთან ერთად მოინახულა სოფელი აძიუბჟა, სადაც შეხვდა შავკანიანებს. თავისი მოგზაურობისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით, ავტორმა წარმოშობის ეთიოპური ვერსია ყველაზე სწორი მიაჩნია.
ლეგენდები
არსებობს რამდენიმე „ხალხური“ ლეგენდა, რომელთაც შესაძლოა აქვთ რეალური ფესვები. ივანე ისაკოვის წერილში ნიკიტა ხრუშჩოვისადმი აღნიშნულია, რომ აფხაზეთის საზღვაო წყლებში ჩაიძირა ოსმალური გემი, რომელზეც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. და დღევანდელი შავკანიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. მართალი ეს ლეგენდა ვერ ხსნის, თუ როგორ მოხდა მონებით დატვირთული გემი შავ ზღვაში, ასე შორს მონათვაჭრობის ძირითადი გზებიდან.
აფხაზი მკვლევარების ვერსიების საპასუხოდ, ქართველი ეთნოლოგი ნუგზარ ანთელავა, ამბობს, რომ ადამიანების ამ ჯგუფს კოლხებთან, ან ნართებთან არაფერი აკავშირებთ.
„ეს შავკანიანების მცირე ჯგუფია, რომლებიც აფხაზეთში დახლოებით მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოვიდნენ. ნართულ ეპოსში კი შავკანიანი არსად არ არის ნახსენები“, - გვითხრა ნუგზარ ანთელავამ.
ცხოვრობენ თუ არა დღეს შავკანიანები აფხაზეთში, ზუგდიდელი ისტორიკოსი ავთო თორდია, ამბობს, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში ის აფხაზეთის ტერიტორიაზე ექსპედიციის დროს შეხვდა შავკანიან ადამიანს, რომელიც მეგრულად საუბრობდა.
„ისინი გვარად აბაშები არიან. ცხოვრობენ ჩვენებური ტრადიციებით, საუბრობენ აფხაზურად და მეგრულადაც“, - ამბობს ავთო თორდია.
აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ 2008 წლის მონაცემების თანახმად, კოდორის მიმდებარე სოფლებში შავკანიანების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
თუმცა ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს დღესაც კითხულობს, ამბობს, რომ შავკანიანთა შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ისე შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მკვეთრად გამოხატული აფრიკული გარეგნობა არ აქვთ.
„არსებობს ფოტო შავკანიანი აფხაზის, რომელიც კავკასიელი მთიელებისგან ჩამოყალიბებულ ე.წ. ველურ დივიზიაში მსახურობდა. ეს იყო რუსული არმიის შენაერთი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. მგონი ასეთები დღეს უკვე აღარ არიან, დროთა განმავლობაში ისე შეერწყნენ აფხაზებს, შეიძლება ითქვას, რომ მკვეთრად შავკანიანები აღარ არიან“, - ამბობს გიორგი ანჩაბაძე.
მათ აფხაზური წყაროები „აფროაფხაზებს“ უწოდებენ. აფხაზი მკვლევარების ცნობით, ისინი ჩოხა-ახალუხს იცვამდნენ, ეწეოდნენ მიწათმოქმედებას და საუბრობდნენ აფხაზურად. კოდორთან მცხოვრები შავკანიანების უმეტესობა ისლამის მიმდევარი იყო. მცირე ნაწილი კი ქრისტიანი, ან იუდეველი.
რადგანაც ფეოდალურ საქართველოში და არც ქართველი ხალხის მეხსიერებაში არ არსებობდა ცნება მონათმფლობელობა (არც არასდროს უარსებია, მონათმფლობელობის ეტაპი გამოტოვა სახელმწიფომ და პირდაპირ ფეოდალურ პატრონ-ყმობაზე გადავიდა, არა რუსულ ბატონყმობაზე - დიდი განსხვავებაა!) შეძენილი მონა აფრიკელები გახდნენ შერვაშიძის ყმები, როგორც სხვა დანარჩენი აფხაზი და მეგრელი გლეხები, რაც ნიშნავდა იმას, რომ ისინი სამართლებრივ-უფლებრივად და საზოგადოებრივი სოციალური სტატუსით აღმოჩნდნენ ადგილობრივი გლეხების თანასწორნი. სწორედ ამან განაპირობა მშვიდობიანი და თანასწორი თანაცხოვრება ადგილობრივ აფხაზებთან და მეგრელებთან საუკუნეების მანძილზე, მითუმეტეს რომ მათ მალევე აითვისეს აფხაზური და ქართული ენები მარტივად, მიიღეს ქართული ტრადიციები და ცხოვრების წესი, შთამომავალებსაც ქართული ტრადიციების შესაბამისად ზრდიდნენ (სახელებსაც ქართულს არქმევდნენ).
ყველაზე გავრცელებული გვარი აფრო-აფხაზებს შორის იყო აბაში - ეს სიტყვა გამოიყენებოდა დასავლეთ საქართველოში შავკანიანის აღსანიშნად, აღმოსავლეთში უწოდებდნენ ზანგს, რომელიც არაბული ენიდან შემოვიდა ქართულში.
აბაში მეგრულ-ლაზურ ენაზე ნიშნავდა აბისინიელს (ეთიოპიელს) და პირველად მოხსენიებულია მურვან ყრუს ლაშქრობასთან დაკავშირებით, როდესაც მურვანის არმიაში მომსახურე აბაში (აბისინიელი) მეომრები წაიღო ადიდებულმა აბაშამ და ცხენისწყალმა (აბაშა მერე დაარქვეს მდინარეს და მეგრულ-ლაზურ ენაში დარჩა შავკანიანის აღმნიშვნელად მაგ ფაქტის მერე).
დღეს
დღეს აფრო-აფხაზები ცხოვრობენ, როგორც აფხაზეთში, ასევე რუსეთში და ევროპაში. ისინი ლაპარაკობენ ძირითადად რუსულ ენაზე. არიან ქრისტიანები, მაჰმადიანები და იუდეველები.