შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება.
ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა. ტურში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა უკანა გზაზე მოხდა.