USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები დეზინფორმაციის წყაროდ იქცა
Date:  371

სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ, ასევე საქართველოზე თავდასხმად. წინა რეზოლუციებშიც ბევრი შეცდომა, უზუსტობა და დეზინფორმაცია იყო. ამ შემთხვევაშიც, ამ რეზოლუციის პირველივე წინადადება სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი საკუთარი სამშობლოდან, არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რა არის ჩვენი უახლოესი ისტორია, - ამის შესახებ საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სააკაშვილთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციებს მოიცავს.

„უახლოესი ისტორია არის, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცა საქართველოდან, ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ის ბრალდებულად ცნო დანაშაულებში. გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგმა პირდაპირ დაადო ხელი მიხეილ სააკაშვილს და ქართულმა სასამართლომ მიუსაჯა შესაბამისი სასჯელი. ასევე, გელაშვილის ფაქტზე შესაბამისი სასჯელი აქვს და კიდევ სამი საქმე მიმდინარეობს, განხილვაშია.

ყველამ, მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერში და შემოიპარა საქართველოში. ეს ხომ არ არის მარტო ის ისტორია, რომელიც ჩვენ, ქართველებმა ვიცით. ამიტომ, ცინიზმია, დევნილი უწოდო ადამიანს, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, ხოლო საქართველოში შემოპარვას უწოდო დაბრუნება სამშობლოში. ეს არის ქართველი ხალხის მიმართ იმ დამოკიდებულების ჩვენება, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და არა საქართველოს მეგობრები, რომლებიც მზად არიან საქართველოს, მათ შორის ევროპული მომავალი ერთ ადამიანს გადააყოლონ.

ასე მოხდა ივნისშიც, როდესაც გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, დაჩქარებულად იქნა რეზოლუცია მიღებული, სადაც ჩაწერილია დეზინფორმაცია. მაშინ ოლიგარქიაზე იყო ჩანაწერი, რაც გარკვეულწილად მცდელობაა, საქართველოს ევროპულ მომავალს იმის გამო შეუშალონ ხელი, რომ პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და არა საქართველოსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხს, პაპუაშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში ღია პროცესები მიმდინარეობდა და მოსამართლემ მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

„რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიზნებს, ჰუმანიტარული მიზნით სასჯელის გადავადების ინსტიტუტი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. უბრალოდ ასეთი რამ არ არის. ჯანმრთელობის მიზნით არსებობს. ჰუმანიტარული როგორც ვხვდები, რაღაც სხვა განზომილებაა. შეიძლება, ადამიანის მიმართ შეცოდების გრძნობა გქონდეს, რაც შეეხება სასჯელის ჯანმრთელობის მიზნით გადავადებას, ამაზე იყო სასამართლო პროცესი, რომელიც თვეზე მეტი გაგრძელდა. ერთ-ერთი ყველაზე ღია პროცესი იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ყველა მტკიცებულება, რაც წარმოდგენილი იყო. აქედან როგორც სასამართლომ, ისე საზოგადოებამ გამოიტანა დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უნდა მოხდეს თუ არა სასჯელის გადავადება. დასკვნა გამოიტანა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით და ქართულმა საზოგადოებამ თავისი ქცევით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ის არ მიდის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე. ქართულმა საზოგადოებამაც სასამართლოს ყურების შედეგადაც დაასკვნა, რომ გადავადების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577 დეპუტატმა დაუჭირა, 33 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way