USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
შალვა პაპუაშვილი: OC Media-მ დაარღვია ჟურნალისტური კეთილსინდისიერების მარტივი წესი
Date:  317

ქვემოთ მოცემულია სამაგალითო შემთხვევა იმისა, თუ რატომ და როგორ ახდენს თვითგამოცხადებული „კრიტიკული მედია“ საქართველოში საკუთარი თავის დისკრედიტაციას, კარგავს საზოგადოების ნდობას და, როგორც წესი, ამთავრებს ერთმანეთთან, ან საკუთარ დახურულ წრესთან საუბრით, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი OC Media-ს მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ თითქოს დონორების მეშვეობით მათზე განხორციელდა ზეწოლა.

როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც OC Media-მ უარი განაცხადა დაებეჭდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი და გარკვეული დროის შემდეგ გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერდა, რომ მათი უარის შესახებ მოხდა დონორების ინფორმირება, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მათ კვლავ შესთავაზა შალვა პაპუაშვილის პოზიციის დაბეჭდვდა.

მისი თქმით, OC Media-სთან მოხდა შეთანხმება, რომ პარლამენტის თავმჯდომარის წერილს, მათი სარედაქციო წერილის საპასუხოდ, აღნიშნული მედია დაბეჭდავდა ცალკე, დამოუკიდებლად და არა რომელიმე სტატიის ნაწილად. თუმცა, ორგანიზაციამ დაარღვია შეთანხმება.

,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, OC Media-ს, თითქოსდა დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი ონლაინ პლატფორმის სარედაქციო საბჭომ, ქართულ ეროვნულ მედიაში პრეტენზია გამოთქვა იმის გამო, რომ მათი დონორების მეშვეობით ზეწოლას ვახდენდი მათზე. რამდენიმე კვირის წინ, ჩემი სტატიის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო. თუმცა, სიმართლე უფრო რთულადაა. ქვემოთ არის ჩემი წერილი OC Media-ს რედაქტორის მიმართ, რომელიც გუშინ დავწერე მათი საბრალდებო რედაქციის პასუხად, რომელიც ჩემსკენ იყო მომართული. ჩვენ შევთანხმდით, რომ OC Media გამოაქვეყნებდა მას სრულად და დამოუკიდებლად საკუთარ საიტზე, როგორც პასუხს მათ სტატიაზე. თუმცა, რატომღაც, რამდენიმე საათის შემდეგ, ჩემი პასუხი დაერთო მათ ახალ სტატიას ჩვენი დავის შესახებ. ამრიგად, OC Media-მ დაარღვია არამხოლოდ ჟურნალისტური კეთილსინდისიერების მარტივი წესი და უარი თქვა მათ სტატიის პასუხის გამოქვეყნებაზე, არამედ დაარღვია ნდობა, რომელიც უნდა არსებობდეს ნორმალური ადამიანური ურთიერთობების მიმართ, რაც უპრეცედენტოა თუნდაც, პოლარიზებული ქართული მედიისთვის. რატომ ვწუხ ამ უმნიშვნელო საქმის უმნიშვნელო დეტალებზე ნაკლებად მნიშვნელოვან მედიაში? იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საზოგადოების ყურადღების მიქცევა. ქვემოთ არის ის, რაც OC Media-ს რედაქციას მისი სტატიის საპასუხოდ მივწერე და გამოქვეყნება ვთხოვე,’’- აღნიშნულია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი, ასევე აქვეყნებს წერილს, რომელიც OC Media-ის რედაქტორს გაუგზავნა მისმა წარმომადგენელმა, ხოლო რედაქტორისგან მიიღო მკაფიო თანხმობა, რომ წერილს უცვლელი სახით, დამოუკიდებლად დაბეჭდავდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ბეჭდურ მედია საშუალებებს, თანაბრობის პრინციპის დაცვით, თავმჯდომარის კაბინეტი სთავაზობს, პარლამენტის თავმჯდომარის წერილების გამოქვეყნებას, რასაც ისინი აქვეყნებენ, თუმცა OC Media-მ დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა შალვა პაპუაშვილის წერილის დაბეჭდვაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, სამწუხაროდ, აღნიშნული სტატიის უარყოფამ დაადასტურა განსხვავებული აზრის მიმართ გამოცემის დამოკიდებულება.
მისი თქმით, გაუგებარია, როგორ აწვდის OC Media მკითხველს სუბიექტურ აზრს, თუ მკითხველს განსხვავებულ მოსაზრებას უმალავს.

წერილი რედაქტორს:

,,12 სექტემბრის სარედაქციო სტატიაში თქვენ ბრალი დამდეთ „გამოცემაზე გავლენის მოხდენაში თუ დასჯაში, ვინაიდან სტატიის დაბეჭდვაზე უარი ითქვა“. ეს ბრალდება ძალზე შორსაა სიმართლისაგან. მსურს, განგიმარტოთ, თუ რატომაა თქვენი განცხადებები პრობლემური თქვენს მიერვე დეკლარირებული პრინციპებისა და ღირებულებების კონტექსტში.

მედიის თავისუფლება საქართველოსთვის და მმართველი „ქართული ოცნებისთვის“ დიდი ფასეულობაა. მედია გარემომ, რომლის შექმნაშიც, ჩვენ, როგორც პარტიამ, ბოლო ათწლეულში წვლილი შევიტანეთ, უპრეცედენტო თავისუფლება და პლურალიზმი მოუტანა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მუშაობენ. სხვა მიზეზებთან ერთად, ამის გამოც არის, რომ თქვენი გამოცემა თბილისშია ბაზირებული და არა სადმე სხვაგან და სრულად სარგებლობთ იმ სიკეთეებით, რომლებსაც მედიის თავისუფლება იძლევა. ასევე, კარგად უნდა იცნობდეთ ქართული მედია გარემოს მრავალფეროვნებასა და აქტიურ ხასიათს, რაც მას გამოარჩევს წინა ათწლეულების მძიმედ კონტროლირებული მედია გარემოსაგან.

აზრის მრავალფეროვნებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების გამო, რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტე თქვენთვის შემომეთავაზებინა ჩემი სტატიის გამოქვეყნება. ამგვარი სტატიები სხვა გამოცემებსაც ეგზავნება და ისინი მათ აქვეყნებენ. მართალია, თქვენი გამოცემა უმცირესზე უმცირეს ადგილს იკავებს ქართულ მედია სივრცეში და, პრაქტიკულად, უცნობია საზოგადოებისათვის, მაინც გადავწყვიტე თანამშრომლობა შემომეთავაზებინა. ეს გავაკეთე იმის მიუხედავად, რომ თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებისა და პოლიტიკის მიმართ გაუაზრებლად და ავტომატურად კრიტიკულია ხოლმე, რაც ყველა თქვენი მკითხველისათვის აშკარაა. ჩავთვალე, რომ ეს კეთილი ნების ჟესტი თანამშრომლობისაკენ გადადგმული კარგი ნაბიჯი იქნებოდა.

სამწუხაროდ, აღნიშნული სტატიის უარყოფამ დაადასტურა განსხვავებული აზრის მიმართ თქვენი შეუწყნარებლობა. აღიარებთ, რომ მხოლოდ სათაური და მოკლე ტექსტი წაიკითხეთ ამ სტატიიდან, მაგრამ სასწრაფოდ დაასკვენით, რომ სტატია არ იყო გამოსადეგი, ვინაიდან „ფაქტობრივად არაჯანსაღი“ იყო და არ წარმოადგენდა „იდეის პატიოსან გამოხატვას“. ეს ბოლო განცხადება რას ნიშნავს, საერთოდ გაუგებარია. თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ „წარმოდგენილი არგუმენტი ეწინააღმდეგება ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს“. ამით, უზენაესი მოსამართლის ძალაუფლებაც შეითვისეთ იმის გადასაწყვეტად, თუ რა არის ნამდვილი ჭეშმარიტება თუ ჭეშმარიტი რეალობა. ეს ძალიან შორსაა პროფესიული ჟურნალისტიკის სტანდარტებისაგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც OC Media ცდილობს თავი წარმოადგინოს კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და ჩართულობის დამცველად, რაც თქვენს ვებ-გვერდზე მთავარ ღირებულებებადაა ციტირებული.

მეტიც, არასწორად გაუკეთეთ ინტერპრეტირება დონორებთან ჩემს წერილს, რომელიც არ ითვალისწინებდა „გავლენასა თუ დასჯას... სტატიის უარყოფის გამო“, არამედ მიზნად ისახავდა თქვენი საეჭვო ჟურნალისტური მიდგომების შესახებ დონორების ინფორმირებას. წერილში სინამდვილეში ეწერა: „პატივს ვცემთ OC Media-ს ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას, მაგრამ სტატიის გამოქვეყნებაზე უარს, რომელსაც გასაგები ახსნა არ მოჰყოლია, მივიჩნევთ გამჭვირვალების, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებად. მედია თავისუფლება საქართველოში ხელისუფლების მიერ ფართოდაა გარანტირებული და დაფასებული. ამიტომაც, სამწუხაროა, რომ მედია გამოცემა, რომელსაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების გასავრცელებლად აფინანსებენ, უარყოფს სტატიას, რომელსაც არ ეთანხმება.“

ამგვარად, მოვლენების თქვენთვის დამახასიათებელი, გამრუდებული გადმოცემის სტილით, ეს სავსებით კორექტული წერილი დონორების მიმართ იქცა „ორგანიზაციის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებაზე შეტევად.“ როგორ შეიძლება ამგვარი დასკვნის გამოტანა, თუ თქვენი ავტომატური მიზანი არ არის საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯისა თუ ქმედების დაგმობა და სახელის შელახვა?

თქვენი დანარჩენი სტატია მთავრობის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებების ჩამონათვალია, რომელიც ქართული რადიკალური ოპოზიციის გზავნილების ასლია და, იმავდროულად, სასწაულებრივად გჯერათ, რომ შეძლებთ თავი მიუკერძოებელ მედია გამოცემად წარმოადგინოთ. ცუდია, რომ ეს არასწორი პრაქტიკა არ არის მხოლოდ თქვენი გამოცემის დამახასიათებელი და უნივერსალურ და სამწუხარო ტენდენციას წარმოადგენს.

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ უნდა აგვერიოს ცენზურაში, როცა განსხვავებული აზრი ერთხელაც არ ჩნდება თქვენს ფურცლებზე. თქვენ წერთ, რომ „სარედაქციო საბჭოს სურვილი იყო, რომ მკითხველის საუკეთესო მომსახურება და ინფორმირება მოეხდინა.“ როგორ ემსახურებით თქვენს მკითხველს, თუ განსხვავებულ მოსაზრებას უმალავთ?

ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ თქვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება მომავალშიც გარანტირებული და დაცული იქნება საქართველოს სახელმწიფოს მიერ. ამასთან, გისურვებთ უკეთესი ჟურნალისტური სტანდარტებისკენ სწრაფვას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way