„საქართველოს ყველა მოქალაქესა და ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ჩვენი თავისუფლების, სიმტკიცისა და ქართველი ხალხის ძლიერი და შეუპოვარი სულის სიმბოლოა. დღეს განსაკუთრებული სიამაყითა და სიხარულით აღვნიშნავთ იმ გზას, რომელმაც საქართველო დღევანდელ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფომდე მოიყვანა.
გამორჩეულად მადლიერები ვართ ჩვენი წინაპრების, რომლებმაც თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით შექმნეს სახელმწიფოებრიობა და შეგვინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა. სიმბოლურია, რომ დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე დაუბრუნდა სამშობლოს და პატივით მიებარება მშობლიურ მიწას. ხელისუფლების ძალისხმევით, დღეს, გადასახლების ადგილიდან, ჩამოვასვენეთ სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ვაჯილდოვებთ დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელებს: კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს და თავმჯდომარის მოადგილეებს, ექვთიმე თაყაიშვილსა და სვიმონ მდივანს.
ქართველი ხალხის სახელით, პატივს მივაგებთ მათი, ისევე როგორც პრეზიდენტის მიერ ეროვნული გმირის წოდებით დაჯილდოებული „სამხედრო ცენტრის“ მეთაურების და პირველი რესპუბლიკის ყველა გმირი ქართველის ღვაწლს ქვეყნის წინაშე.
ამ დიდი წინაპრებისა და მათი თანამედროვე პატრიოტების ძალისხმევის მიუხედავად, 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ სამ წელს გასტანა. თუმცა, დამოუკიდებლობის დაკარგვამ და საბჭოთა ანექსიამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის მისწრაფებები.
საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, სწორედ 26 მაისის თავისუფლების იდეას ეფუძნებოდა ქართველი ხალხის რწმენა, გაეგრძელებინა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ სულისკვეთებამ შედეგი გამოიღო და თაობათა ოცნება რეალობად იქცა, - საქართველომ, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ჩვენი მშობლების თაობის ძალისხმევით, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა.
ფასდაუდებელი და სამაგალითოა წინა თაობების, ჩვენი ერის და ბერის, ბრძოლა და თავგანწირვა საქართველოს თავისუფლების მოპოვებაში. გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩართვა 9 აპრილის თაობისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება თუ იქნებოდა. თუმცა, დღეს ესეც უკვე რეალობაა. მჯერა, რომ ჭეშმარიტი ქართული ოცნების - ევროკავშირში წევრობის - ასრულება ჩვენი თაობის ისტორიული მონაპოვარი იქნება.
საქართველო, ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე. ამ ისტორიულ დღეს, მადლობას, აგრეთვე, ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერა და სოლიდარობა გვეხმარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, უფრო და უფრო იზრდება მშვიდობის მნიშვნელობა. ამიტომაც, საქართველოს თავდაცვის ძალების როლი განუზომელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. განსაკუთრებული იმედით მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს ღვთისა და ჩვენი დროშის წინაშე. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი სამშობლოსადმი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებით აღსავსე. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია წარმოაჩენს, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ერთიანობით ვერ დავძლევთ. დღეს განსაკუთრებულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და ყველას უნდა გვქონდეს გაზიარებული პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა, სამართლიანობა და კეთილდღეობა. სწორედ ეს ღირებულებები უნდა გახდეს ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ისტორიული შერიგებისა და მომავალი თანაცხოვრების ქვაკუთხედი.
ჩვენო აფხაზებო და ჩვენო ოსებო, ჩვენო ძმებო და დებო, არცთუ ისე შორეულ წარსულში, 1991 წლის 31 მარტს, ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენი მამები და დედები შეთანხმდნენ, რომ იცხოვრებდნენ ერთიან და თავისუფალ საქართველოში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წარუშლელი ისტორიაა. სამწუხაროდ, გარე ძალების ხელშეწყობითა და ჩვენი შეცდომებით, ეს შეთანხება დაირღვა და ვერ განხორციელდა. დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ ჩვენი ერთიანობისა და საერთო მშვიდობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც შედგება ისტორიული შერიგება საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ამ ერთიანობის სულისკვეთებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში მიმდინარეობს.
დილიდან თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგა, რის შემდგომაც, დამოუკიდებლობის აღდგენის დღე საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.