USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
თარიღი:  479

„საქართველოს ყველა მოქალაქესა და ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ჩვენი თავისუფლების, სიმტკიცისა და ქართველი ხალხის ძლიერი და შეუპოვარი სულის სიმბოლოა. დღეს განსაკუთრებული სიამაყითა და სიხარულით აღვნიშნავთ იმ გზას, რომელმაც საქართველო დღევანდელ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფომდე მოიყვანა.


გამორჩეულად მადლიერები ვართ ჩვენი წინაპრების, რომლებმაც თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით შექმნეს სახელმწიფოებრიობა და შეგვინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა. სიმბოლურია, რომ დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე დაუბრუნდა სამშობლოს და პატივით მიებარება მშობლიურ მიწას. ხელისუფლების ძალისხმევით, დღეს, გადასახლების ადგილიდან, ჩამოვასვენეთ სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ვაჯილდოვებთ დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელებს: კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს და თავმჯდომარის მოადგილეებს, ექვთიმე თაყაიშვილსა და სვიმონ მდივანს.


ქართველი ხალხის სახელით, პატივს მივაგებთ მათი, ისევე როგორც პრეზიდენტის მიერ ეროვნული გმირის წოდებით დაჯილდოებული „სამხედრო ცენტრის“ მეთაურების და პირველი რესპუბლიკის ყველა გმირი ქართველის ღვაწლს ქვეყნის წინაშე.


ამ დიდი წინაპრებისა და მათი თანამედროვე პატრიოტების ძალისხმევის მიუხედავად, 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ სამ წელს გასტანა. თუმცა, დამოუკიდებლობის დაკარგვამ და საბჭოთა ანექსიამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის მისწრაფებები.


საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, სწორედ 26 მაისის თავისუფლების იდეას ეფუძნებოდა ქართველი ხალხის რწმენა, გაეგრძელებინა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ სულისკვეთებამ შედეგი გამოიღო და თაობათა ოცნება რეალობად იქცა, - საქართველომ, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ჩვენი მშობლების თაობის ძალისხმევით, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა.


ფასდაუდებელი და სამაგალითოა წინა თაობების, ჩვენი ერის და ბერის, ბრძოლა და თავგანწირვა საქართველოს თავისუფლების მოპოვებაში. გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩართვა 9 აპრილის თაობისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება თუ იქნებოდა. თუმცა, დღეს ესეც უკვე რეალობაა. მჯერა, რომ ჭეშმარიტი ქართული ოცნების - ევროკავშირში წევრობის - ასრულება ჩვენი თაობის ისტორიული მონაპოვარი იქნება.


საქართველო, ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე. ამ ისტორიულ დღეს, მადლობას, აგრეთვე, ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერა და სოლიდარობა გვეხმარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.


უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, უფრო და უფრო იზრდება მშვიდობის მნიშვნელობა. ამიტომაც, საქართველოს თავდაცვის ძალების როლი განუზომელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. განსაკუთრებული იმედით მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს ღვთისა და ჩვენი დროშის წინაშე. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი სამშობლოსადმი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებით აღსავსე. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია წარმოაჩენს, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ერთიანობით ვერ დავძლევთ. დღეს განსაკუთრებულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და ყველას უნდა გვქონდეს გაზიარებული პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა, სამართლიანობა და კეთილდღეობა. სწორედ ეს ღირებულებები უნდა გახდეს ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ისტორიული შერიგებისა და მომავალი თანაცხოვრების ქვაკუთხედი.


ჩვენო აფხაზებო და ჩვენო ოსებო, ჩვენო ძმებო და დებო, არცთუ ისე შორეულ წარსულში, 1991 წლის 31 მარტს, ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენი მამები და დედები შეთანხმდნენ, რომ იცხოვრებდნენ ერთიან და თავისუფალ საქართველოში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წარუშლელი ისტორიაა. სამწუხაროდ, გარე ძალების ხელშეწყობითა და ჩვენი შეცდომებით, ეს შეთანხება დაირღვა და ვერ განხორციელდა. დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ ჩვენი ერთიანობისა და საერთო მშვიდობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც შედგება ისტორიული შერიგება საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ამ ერთიანობის სულისკვეთებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში მიმდინარეობს.


დილიდან თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგა, რის შემდგომაც, დამოუკიდებლობის აღდგენის დღე საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის