USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
შალვა პაპუაშვილი - არც აშშ-ს და არც ევროპულ ქვეყნებს არ უნდათ, მათი გავლენა საქართველოში გამჭვირვალე იყოს, ამას ვხედავთ და ეს სამწუხაროა
дата:  589

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროპულ ქვეყნებს არ სურთ, რომ მათი გავლენა საქართველოში გამჭვირვალე იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ევროპელმა და ამერიკელმა აქტორებმა შეისმინონ ქართველი ხალხის სურვილი და წუხილი ამერიკული და ევროპული ფულის „უჩუმრად“ ხარჯვის თაობაზე, ვხედავთ, რომ დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება მიმდინარეობს.

„რა უნდა იყოს დასამალი. კრიტიკული მოსაზრებები რომ გვესმის, მგონი, ყველა ხვდება. საქმე იმაშია, რომ უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობა უცხო ქვეყნების ინტერესებში არ შედის, ეს ხომ ბუნებრივია. ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესით მისაღები კანონი. უცხო ქვეყნებს რომ არ აქვთ ინტერესი, მათი გავლენა იყოს გამჭვირვალე, ეს ბუნებრივია. არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროპულ ქვეყნებს არ უნდათ, რომ მათი გავლენა საქართველოში იყოს გამჭვირვალე, ამას ჩვენ ვხედავთ და ეს არის სამწუხარო.

რაც შეეხება კონგრესმენების წერილს და სხვა განცხადებებს, ნაცვლად იმისა, რომ კონგრესმა „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ ხარჯების გამჭვირვალობა უზრუნველყოს, რომელიც ფარულად საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს აფინანსებს, ვხედავთ, პირიქით ხელს აფარებენ. ამ შემთხვევაში, [ხელს აფარებენ] ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ფარულ ხარჯვას საქართველოში და კრიტიკას გამოთქვამენ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელსაც სურს, იცოდეს რაში იხარჯება ამერიკული ფული საქართველოში. ისევე, როგორც უნდა იცოდეს რაში იხარჯება ევროპული ფული საქართველოში. ცოტა აბსურდული მდგომარეობაა: ნაცვლად იმისა, რომ ევროპელმა და ამერიკელმა აქტორებმა შეისმინონ ქართველი ხალხის სურვილი, წუხილი, რომ მათ ქვეყანაში ამერიკული და ევროპული ფული შემოდის და უჩუმრად იხარჯება პოლიტიკურ აქტივობებში - ეს წუხილი გაიგონ და უზრუნველყონ ფონდების გამჭვირვალობა, ვხედავთ, რომ არის დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება, ამ კანონის წინააღმდეგ, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოებაში რაღაც ისტერია დაითესოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები იქნება თუ სხვა ჯგუფები, რომელიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის უფლებას, რომ იცოდეს თუ რაში იხარჯება უცხოური ფული საქართველოში, სინამდვილეში არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები საქართველოში.

„სინამდვილეში საკითხი არის მარტივად, ეს კანონი უცხო ქვეყნების გავლენის გამჭვირვალობას ეხება. შესაბამისად, აპრიორი ეს უცხო ქვეყნების ინტერესში არ შედის. ამავე დროს, შესაბამისად, ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესში, რომ უცხო ქვეყნების გავლენა გამჭვირვალე იყოს. ამიტომ ის ვინც ამ კანონს არ ემხრობა სინამდვილეში ის დგას უცხო ქვეყნების ინტერესების მხარეს იმისათვის, რომ უცხო ქვეყნების გავლენა არ იყოს გამჭვირვალე საქართველოში, ამიტომ ოპოზიციური პარტიები იქნება თუ სხვა ჯგუფები, რომელიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის უფლებას, რომ იცოდეს თუ რაში იხარჯება უცხოური ფული საქართველოში, სინამდვილეში სწორედ, არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები საქართველოში. რა თქმა უნდა, ყველაფერს შეეწინააღმდეგებიან მანამ, სანამ უცხო ქვეყნები, რომლებიც სწორედ ამ კანონთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიას უწყობენ ხელს არ ეტყვიან მათ რას დათანხმდნენ და რას არ დათანხმდნენ. ისინი მოქმედებენ სრულად გარედან კარნახით. ამიტომ მე ოპოზიციური პარტიებისგან რაიმე იმედი არ მაქვს, უფრო შეიძლება უცხოურმა აქტორებმა თუ რაიმე აქვთ სათქმელი ამ კანონთან დაკავშირებით, ეს სათქმელი გვითხრან და მოვუსმენთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати