USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
საზოგადოებრივი სივრცეების მნიშვნელობა ქალაქის სოციალური ცხოვრებისთვის - ურბან მედია
Date:  7957

ადამიანი სოციალური არსებაა — მუდმივად გვჭირდება ერთმანეთთან კონტაქტი და კავშირის შენარჩუნება. შესაძლოა, დროებით მოვწყდეთ გარესამყაროს და საკუთარ ნაჭუჭში გამოვიკეტოთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სოციალური ცხოვრების ნაწილი ვხდებით. თანამედროვე ქალაქში ცხოვრება, თავისი მუდმივი სიჩქარითა და რუტინული ვალდებულებებით, ხშირად გვიქმნის შეგრძნებას, თითქოს უსასრულო მარათონში ვართ ჩართულნი. ამას ემატება ისიც, რომ გამუდმებული ხმაური, გადატვირთული გრაფიკი და ურბანული გარემოს ქაოსი ზოგჯერ ძალიან მომაბეზრებელი და დამღლელია, ამიტომაც ადამიანები მუდმივად ცდილობენ ერთფეროვან ყოველდღიურობაში თავისუფალი დროისა და სიმშვიდის პოვნას. სწორედ აქ ჩნდება საზოგადოებრივი სივრცეების მნიშვნელობა — ესაა ქალაქის „სასუნთქი“ ადგილები, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია შეაჩეროს დრო, დაისვენოს და კვლავ იპოვოს კავშირი როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემომყოფებთან. პარკები, სკვერები და სხვა სარეკრეაციო ზონები მშვიდად ყოფნის შესაძლებლობას გვაძლევს, სადაც ცხოვრების ტემპი ნელდება და მყუდრო, ბუნებრივი გარემო ახალი ენერგიით გვავსებს.

საზოგადოებრივი სივრცეების არსებობა სხვადასხვა სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. მათში მოქალაქეები დასვენების პარალელურად ერთმანეთს ეკონტაქტებიან. ეს ბუნებრივი სოციალური ინტერაქცია კი ქმნის ისეთი ტიპის ურთიერთობებს, რომლებიც ხშირად ფუნდამენტურ როლს თამაშობს საზოგადოების სტაბილური განვითარებისთვის. ასეთ სივრცეებში ხშირად ტარდება ღონისძიებები, გამოფენები, ფესტივალები და წარმოდგენები, რასაც კულტურული დინამიკის შენარჩუნებასთან ერთად ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს.

 კარგად დაგეგმილი საზოგადოებრივი სივრცეები ხელს უწყობს ქალაქის მაცხოვრებლების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასაც. ისინი ბუნებასთან სიახლოვის საშუალებას გვაძლევს და ძალაუნებურად ვფიქრობთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზეც. ამასთან ერთად, მწვანე ზონები, პარკები და სკვერები, დიდ როლს ასრულებს ქალაქში სუფთა ჰაერის შენარჩუნების კუთხით. ისინი არა მხოლოდ ესთეტიკურად და ფუნქციურად აუმჯობესებენ გარემოს, არამედ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას აბალანსებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადატვირთული და დაბინძურებული ურბანული ცენტრებისთვის. საზოგადოებრივ სივრცეებში არსებული ფლორა ერთგვარი ბუნებრივი ფილტრია, რომელიც აფერხებს მტვრისა და ტოქსიკური ნაწილაკების გავრცელებას. მათი არსებობა ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ ქალაქებში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს.

საზოგადოებრივი სივრცეები განაპირობებს უსაფრთხოებისა და თანასწორობის განცდასაც. როცა მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ საჯარო სივრცე თავისუფლად და კომფორტულად, გრძნობენ, რომ ქალაქი მათ ეკუთვნით. ამასთანავე, ქალაქები, სადაც განვითარებული და ინკლუზიური საზოგადოებრივი ადგილებია, ხასიათდება უფრო მაღალი უსაფრთხოებითა და სოციალური ერთობით.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი სივრცეები პოლიტიკური და სოციალური აქტივობისთვის გამოიყენება ხოლმე. მანიფესტაციები და პროტესტები ხშირად ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე ან სხვა ღია სივრცეებში იმართება, სადაც მოქალაქეები თავიანთი მოსაზრებებს გამოხატავენ და საჯარო განცხადებებს აკეთებენ. ეს აძლიერებს დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ხელს უწყობს ქალაქში დიალოგის კულტურის ჩამოყალიბებას.

საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი სივრცეების მნიშვნელობა ქალაქის სოციალური ცხოვრებისთვის განუზომელია. აქ ადამიანები იკრიბებიან, ერთმანეთს ეკონტაქტებიან და მონაწილეობას იღებენ ქალაქის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროცესებში. მათი სწორად დაგეგმვა და განვითარება აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქი იყოს ცოცხალი, ინკლუზიური და მდგრადი.

წყარო:https://um.ge/

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way