USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
дата:  212

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„უკანასკნელ წლებში, საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასამართლო ხელისუფლების მიტაცების გამუდმებული მცდელობა იყო, რასთან დაკავშირებითაც ქართული საზოგადოება ფართოდ უნდა იყოს ინფორმირებული.

„მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ შეგვაღვიძა და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა. ახლა გამოჩნდება რისი ტრ... გვაქვს“ – ეს ფეისბუკპოსტი ეკუთვნის არა ნაცმოძრაობის რომელიმე ღია აქტივისტს, არამედ USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტის - „პროლოგის“ ხელმძღვანელის მოადგილეს, ინგა თოდრიას.

„პროლოგი“ საქართველოში უკვე მრავალი წელია საქმიანობს. სწორედ საელჩოს ძალისხმევით ჩააბარეს 1998-2001 წლებში ე.წ. სასამართლო რეფორმა მიხეილ სააკაშვილს. ასევე მათი მხარდაჭერით განხორციელდა ნაცმოძრაობის მიერ სასამართლო სისტემის წმენდა 2004-05 წლებში, რომლის შედეგად კონსტიტუციის დარღვევით თანამდებობიდან ათეულობით მოსამართლე განთავისუფლდა და სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემმა მართლმსაჯულებაზე სრული პოლიტიკური კონტროლი დაამყარა. აღნიშნული წმენდის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორებს ამ პროცესის მიმართ არავითარი შენიშვნა არ გამოუთქვამთ. 2004-12 წლებში სასამართლო ისე იქცა ნაცმოძრაობის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ რგოლად, რომ საელჩო ამაზე არათუ ხმას არ იღებდა, პირიქით, სისტემის მთავარ მფარველად გვევლინებოდა.

სასამართლო სისტემაზე თავდასხმა „პროლოგმა“ მხოლოდ 2015 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც სისტემა ნაცმოძრაობის გავლენებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა. ფაქტია, რომ სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს მთავარ მფარველებს გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა არ მოსწონთ, რისი მიზეზიც მხოლოდ ერთი - პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს. დღეს „პროლოგი“ ითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელთა ერთადერთი მიზანი სასამართლო სისტემაზე ნაცმოძრაობის გავლენის დაბრუნებაა. შემოთავაზებულ ცვლილებებს შორის მთავარი ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის წესია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას ანიჭებს.

მათ უნდათ საქართველოში მიიღონ შედეგი, რომელიც ალბანეთსა და უკრაინაში უკვე მიიღეს. ორივე შემთხვევაში, შეიქმნა სასამართლო სისტემის წმენდისა და ხელახალი ფორმირების მექანიზმი, რომელშიც გადამწყვეტი სიტყვა უცხოელებს ეთქმით. ანუ სახელმწიფო თმობს სუვერენიტეტს და სასამართლოს მართვის ბერკეტებს, ფორმალურადაც კი, უცხოურ ძალას გადასცემს. შესაბამისი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, ვენეციის კომისიას არც ალბანურ და არც უკრაინულ მოდელზე შენიშვნები არ გამოუთქვამს.

სამაგიეროდ, საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომია რამდენიმე სენატორის მიერ თავის დროზე ამერიკის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ისინი დეტალურად აღწერენ, თუ როგორ ჩაუგდეს ხელში USAID-მა, სოროსის ფონდმა და „ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტმა“ სასამართლო სისტემა ალბანეთის სოციალისტურ მთავრობას, რომელიც მთლიანად ამერიკელების მიერ კონტროლდებოდა. საინტერესოა, რომ „პროლოგის“ პროექტსაც საქართველოში USAID-ი კურირებს და „ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტი“ ახორციელებს.

არსებითად სწორედ „პროლოგის“ მეშვეობით ცდილობს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას, რისი ერთ-ერთი მექანიზმიც ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული მოსამართლეების ამერიკული ვოიაჟებითა და მსგავსი ტიპის ღონისძიებებით პერმანენტული წახალისებაა. ამგვარ მოსამართლეებს შორის არიან, მაგალითად, ნინო ბაქაქური და მამუკა წიკლაური, რომელთაგან ერთი უხეში უდისციპლინობით, ხოლო მეორე სკანდალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.
„პროლოგი“ აგრძელებს კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „არაღიარების პოლიტიკას“, რაც ჩვენი კონსტიტუციური სისტემის მიმართ უპატივცემულობის უხეში გამოვლინებაა. ასევე „პროლოგის“ დაფინანსებით წარმოებს სასამართლოს მადისკრედიტირებელი პიარკამპანიები და ხორციელდება სასამართლო სისტემის ე.წ. კლანად ბრენდირება საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით.

„პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და ნაცმოძრაობის პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს.

საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით შედარებით დეტალურ ინფორმაციას ამ თემის შესახებ, რათა ვერავინ მიიტაცოს საქართველოს სასამართლო სისტემა და ვერავინ დააბრუნოს ის მანკიერება, რომელმაც 2004-12 წლებში ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა.

ღრმად გვწამს, რომ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დაცვაც მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати