USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს
дата:  253

საზოგადოებისადმი ჩვენი მორიგი მიმართვა გვინდა დავიწყოთ მადლობით ამერიკის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ. გვერწმუნეთ, ამ მადლობაში მცირეოდენი ირონიაც კი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე იმ სიმართლის მიტანაა, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებს მიღმა იმალება. სწორედ ხალხამდე ამ სიმართლის მიტანაში ყველაზე მეტად გვეხმარება ქალბატონი დეგნანი, რომლის ყოველი ახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის” განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან.

„როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ესაა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, „ნაციონალური მოძრაობა“, საბჭოური პროპაგანდის „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილი „გავრილოვის ღამეს“ და „არასამართლიან არჩევნებს“ უკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული.

ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კი - ოქრო. როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე.

რაც შეეხება არასამართლიან არჩევნებს: ქალბატონმა დეგნანმა თქვა, არჩევნები სამართლიანად არავის შეუფასებია და ხალხში არჩევნების შედეგებისადმი ნდობა არ არსებობსო. სწორედ აქ წამოცდა ქალბატონ ელჩს, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი.

ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არჩევნები შეაფასა როგორც „თავისუფალი და კონკურენტული, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, რაც არჩევნების სამართლიანობის სინონიმია. ტერმინ „სამართლიანს“ ეუთო/ოდირი თავის ანგარიშებში უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში „ისფედის“ ბორდის მაშინდელმა თავმჯდომარემაც აღიარა. როდესაც ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით გავრცელებულ და არგუმენტებით უკვე მრავალგზის განეიტრალებულ მესიჯს იმეორებს, ჩანს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმისა და რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება მისთვის თვითმიზანია.

ქალბატონმა ელჩმა ასევე აღნიშნა, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების ყიდვაზე, ძალადობრივ ადმინისტრაციულ რესურსებზე და ე.წ. კარუსელზე მიუთითებდაო. ქალბატონ დეგნანს გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა ეს თემა საფუძვლიანად იქნა შესწავლილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, მათ შორის დეტალურად გამოიკითხნენ დამკვირვებელი ენჯეოების ხელმძღვანელები. საბოლოოდ, დადგინდა, რომ არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას რაიმე მყარი ფაქტები ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის თუ ადმინისტრაციული რესურსის სისტემური გამოყენების შესახებ არ ჰქონდა. სრულიად სამართლიანად, საქილიკო თემადაც კი იქცა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე საუბრისას ყოველ ჯერზე სიტყვა „სავარაუდოს“ იყენებდნენ, რითაც მტკიცების ტვირთს სრულად იხსნიდნენ. ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საელჩოდან მართული ენჯეოების მიერ ჩამოთვლილ „სავარაუდო დარღვევებზე“ რომ მიუთითებდნენ, ეს ელჩისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება ე.წ. კარუსელს, ეს ტერმინი ეუთო/ოდირის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა და ელჩი რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ მოგონილ ამ ფეიკს იმეორებს, ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის.

სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის მორიგი გზავნილი „ისფედის“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების შესახებ. ქალბატონმა დეგნანმა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას „უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“ უწოდა და თქვა, „ისფედის“ მიერ შეცდომის იდენტიფიცირება მალევე მოხდაო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთიც და მეორეც უმძიმესი ტყუილია. ამასთან, შეუძლებელია, ამის თაობაზე ინფორმაცია ელჩს არ ჰქონდეს და მხოლოდ უნებლიეთ ცრუობდეს.

რაც შეეხება „უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებას“. ხმების პარალელურ დათვლას, იგივე „პივიტის“, აქვს ცდომილების დასაშვები ფარგლები, რაც „ისფედის“ მეთოდოლოგიის მიხედვით, 0,7 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და „პივიტის“ შედეგებს შორის სხვაობა 0,7 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ცესკოს და „პივიტის“ მონაცემებს შორის დაფიქსირდა 2,4-პროცენტიანი სხვაობა, რაც ნიშნავდა, რომ ან არჩევნები იყო გაყალბებული ან „პივიტი“. აქვე შეგახსენებთ, რომ 2,4 პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმაა და „პივიტის“ ამდენი ხმით გაყალბება უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერანაირი მათემატიკით ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, 2,4-პროცენტიან ცდომილებაზე დაყრდნობით, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნების ნაცვლად, „პივიტი“ იყო გაყალბებული.

რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, „ისფედის“ მიერ ცდომილების იდენტიფიცირება მალევე მოხდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „პივიტის“ ცდომილებაზე პირველად ჯერ კიდევ 3 ნოემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამის შემდეგ, „პივიტის“ თემაზე შედგა არაერთი შეხვედრა როგორც „ისფედის“ ხელმძღვანელობასთან, ისე ამერიკულ მხარესთან. „ისფედის“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელევიზიით ისიც აღიარა, რომ საელჩოს „პივიტის“ ცდომილების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ქონდა. ასეთ პირობებში, სრულიად გამაოგნებელია, რატომ არ მოხდა „პივიტის“ სიყალბის აღიარება 11 დეკემბრამდე და რატომ აგრძელებდა საელჩო პარტიებს შორის მოლაპარაკებების მოდერაციას იმ დროს, როდესაც ის სიყალბეზე უკვე სრულად იყო ინფორმირებული. ჩვენთვის ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია - ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომლებიც „პივიტის“ გაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „პივიტისთან“ ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რომელსაც, „ისფედისვე“ დასკვნით, არჩევნებზე 4,1 პროცენტის მოცულობის გავლენაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. მთლიანობაში, „ისფედმა“ „ქართულ ოცნებას“ ხმების პარალელურ დათვლაში 45,8 პროცენტი დაუწერა და ამას 4,1 პროცენტსაც თუ გამოვაკლებდით, გამოდიოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არა 48,2, არამედ 41,7 პროცენტი შეიძლება მიეღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ისფედის“ ფეიკებზე დაყრდნობით ცდილობდა ნიკა გვარამია, მის მიერ გაყალბებული ეგზიტპოლი და ამ ეგზიტპოლში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 41-პროცენტიანი შედეგი არჩევნების რეალურ შედეგად გაესაღებინა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა, თუმცა, „ისფედს“ ეს სიყალბე დღემდე არ უღიარებია.

ასევე, სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის.

როდესაც ელჩი „სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, „პივიტის“ გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს „პივიტის“ გაყალბება იყო.

თუმცა, დარწმუნებული ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати