USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ - ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან
Date:  204

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს. "თბილისი პოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„გასული დღეების განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი დაუსაბუთებელი კრიტიკის ობიექტი გახდა იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებსაც კანონპროეტის წინააღმდეგ მანკიერი ინტერესები ამოძრავებთ. მათ შორის, ჩვენ კანონპროექტს სხვადასხვა კუთხით ადარებენ შესაბამის ამერიკულ და რუსულ კანონებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით.

მაგალითად, როგორც ამერიკული, ისე რუსული კანონი იყენებს ისეთ უხეშ ტერმინს შესაბამისი სუბიექტის განსასაზღვრად, როგორიცაა „უცხოელი აგენტი“. აღნიშნული ტერმინი ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. უცხოური გავლენის აგენტი არის სუბიექტი, რომელიც ამა თუ იმ მიზნით და ამა თუ იმ სფეროში საქართველოში უცხოური ძალის ინტერესებისა და შესაბამისად, გავლენის რეალიზებას ემსახურება.

ამერიკული კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული როგორც არასამეწარმეო ან სამეწარმეო იურიდიული პირი, ისე ნებისმიერი ფიზიკური პირი, ადამიანი, რაც სტიგმატიზაციის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები იყო ძალზე უხეში და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არათავსებადი. შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტი მკაცრად გამორიცხავს ფიზიკური პირის, ანუ ადამიანის იდენტიფიცირებას უცხოური გავლენის აგენტად, თუნდაც ის იმ ორგანიზაციის თანამშრომელი იყოს, რომელიც თავის მხრივ უცხოური გავლენის აგენტად არის რეგისტრირებული.

ამერიკული კანონის მიხედვით, სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად იდენტიფიცირება ხელისუფლების ორგანოების სუბიექტურ განსჯაზეა დამოკიდებული, რაც თვითნებობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. გარდა ამისა, აშშ-ს ხელისუფლებამ უცხოელ აგენტად შეიძლება დაარეგისტრიროს ნებისმიერი სუბიექტი, თუნდაც, ის უცხოური ძალისგან მხოლოდ ერთ ცენტს იღებდეს. ამერიკული კანონისგან განსხვავებით, რომელიც არც ამ ნაწილშია თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ჩვენი კანონპროექტი ადგენს მკაფიო და არამანიპულირებად კრიტერიუმებს უცხოური გავლენის აგენტის იდენტიფიცირებისათვის. კერძოდ, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს.

ამერიკული კანონის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტებს ევალებათ არა მხოლოდ საერთო ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, არამედ ნებისმიერი ხელშეკრულების, გარიგების ან თუნდაც, ზეპირი კომუნიკაციის დეკლარირება, რაც ჩვენ ზედმეტად უხეშ ჩარევად მივიჩნიეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ითვალისწინებს და უცხოური გავლენის აგენტებს მხოლოდ წლიური ფინანსური დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს.

გარდა ამისა, ამერიკული კანონით გათვალისწინებული დარღვევები, მათ შორის ფინანსების დეკლარირების ვალდებულების თავიდან არიდება განისაზღვრება სისხლის სამართლის დანაშაულად, რომლისთვისაც ჯარიმა ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი შესაბამის კანონდარღვევას განიხილავს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მისი ჩადენისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმაა გათვალისწინებული. ამასთან, ჯარიმების ოდენობაც ამერიკული კანონით დადგენილ ჯარიმებზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

მთლიანობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი. მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. შემაშფოთებელია, რომ ამასთან დაკავშირებით სიცრუე რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს გააჟღერებინეს.

რაც შეეხება რუსულ კანონს და მასთან ჩვენი კანონპროექტის შედარებას - გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები სრულიად შეგნებულად ეწევიან.

რუსული კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ უცხოელი აგენტებად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არამედ მათთვის აწესებს მკაცრ შეზღუდვებსაც. კერძოდ, დგინდება დამატებითი ბარიერები შესაბამისი გაერთიანების რეგისტრაციისთვის, უცხოელებს ეკრძალებათ ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა, ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში 6 თვით შეაჩეროს გაერთიანების საქმიანობა, გაერთიანებას ეკისრება დამატებითი საგადასახადო ტვირთი და ა.შ. გარდა ამისა, რუსული კანონის თანახმად, უცხოელ აგენტად რეგისტრაციისთანავე, ხორციელდება სუბიექტის სავალდებულო წესით მარკირება როგორც თავად ამ სუბიექტის, ისე სხვა ორგანიზაციების, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ.

ამ ფონზე, ჩვენი კანონპროექტის შედარება რუსულ კანონთან არის სამარცხვინო და ბინძური სპეკულაცია, რომელსაც პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებდით.

საქართველოში მოქმედი ენჯეოები ცდილობენ ჩვენი კანონპროექტი წარმოაჩინონ ისე, რომ, თითქოს, ის მიზანმიმართულად დასავლეთიდან დაფინანსებული ენჯეოების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც სიცრუეა. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ ინტერვენციისა და სუვერენიტეტის შესუსტების მრავალმხრივი ინტერესი და საფრთხე არსებობს. ეს საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს როგორც დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. გარდა ამისა, ის შეიძლება განხორციელდეს როგორც ენჯეოების, ისე სხვა გაერთიანებების გამოყენებით.

ჩვენი და შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ დგას ამა თუ იმ გაერთიანების საქმიანობის უკან, ერთმანეთისგან გაარჩიონ საქართველოზე პოზიტიური და არაპოზიტიური გავლენის მოხდენის შემთხვევები და ამის მიხედვით, ჩამოიყალიბონ საკუთარი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების მიმართ.

მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი საქართველოში უცხოური გავლენის რეალიზების ისეთი შემთხვევებისგან, რომლებიც ამ სუვერენიტეტის შერყევას ან მის მიტაცებას ისახავს მიზნად“, - წერია განცხადებაში.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way