USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Tbilisi
საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგების ანალიზი აშშ-ში: დემოკრატიული პარტიის დაბრუნება
Date:  458

ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური ვითარება ყოველდღიურად იცვლება, რაც პარტიებისა და მათი ლიდერების რეიტინგზეც აისახება. ივნისისა და ივლისის საზოგადოებრივ გამოკითხვათა შედეგები აჩვენებდა, რომ დემოკრატიული პარტია მძიმე კრიზისში იყო. ივნისში მმართველმა პარტიამ უკანასკნელი 40 წლის ისტორიული მინიმუმი (16%) დააფიქსირა. ივლისში მნიშვნელოვნად გაუარესდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, რეიტინგი, რომლის საქმიანობასაც დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 38% აფასებდა. ამ მაჩვენებლით ის აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ყველაზე დაბალ მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მიუხედავად ამისა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან რამდენიმე პუნქტით გაუმჯობესდა როგორც ბაიდენის პერსონალური რეიტინგი, ისე ხელისუფლების მმართველობით მოსახლეობის კმაყოფილების მაჩვენებელი. მოცემულ სტატიაში შევეცდები გავაანალიზო უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები და გამოვყო ის ძირითადი ცვლადები, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერის რეიტინგის ზრდას.

Yahoo News/YouGov Poll-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება (38%-ის აზრით არასწორი მიმართულებით). აგვისტოს გამოკითხვაში ზემოხსენებული რიცხვები შეტრიალებული იყო. აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი გასულ თვესთან შედარებით 4.5 პუნქტითაა გაზრდილი. FiveThirtyEight-ის ცნობით, ივლისის ბოლოსთვის მის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 38% აფასებდა, ხოლო მოცემულ მომენტში ეს მაჩვენებელი 42.5%-ს შეადგენს. ბაიდენის პოპულარობა ძირითადად დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებში (72%-დან 79%-მდე) და უპარტიო ამომრჩეველში (26%-დან 32%-მდე) გაიზარდა. გასულ თვეში დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 52% ფიქრობდა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიის კანდიდატი ბაიდენი აღარ უნდა ყოფილიყო, ხოლო რესპონდენტთა მხოლოდ 29% მიიჩნევდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი პარტიის ნომინაციას იმსახურებდა. ახალი კვლევებით, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 41%-სთვის ბაიდენი ყველაზე მისაღები საპრეზიდენტო ნომინაციაა, ხოლო სხვა კანდიდატურას მხარს პარტიის ამომრჩეველთა 37% უჭერს. ბაიდენს ტრამპთან დაპირისპირებაშიც 6 პუნქტიანი უპირატესობა აქვს. კითხვაზე – „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის დაუჭერდით მხარს?“ გამოკითხულთა 48%-მა ბაიდენი, ხოლო 42%-მა ტრამპი დაასახელა. ანალოგიურ კითხვაზე ბაიდენსა და ტრამპს შორის აპრილში სხვაობა მხოლოდ 2% იყო (ბაიდენი 44%, ტრამპი 42%).

ბაიდენის პერსონალური რეიტინგის გარდა, გაიზარდა მისი ადმინისტრაციის მუშაობით კმაყოფილი მოქალაქეების რიცხვიც. ივნისისა და ივლისის მონაცემებით, დემოკრატიულ პარტიას შუალედურ არჩევნებში გამარჯვების მიზერული შანსიც არ ჰქონდა. FiveThirtyEight-ის აგვისტოს გამოკითხვების თანახმად კი სენატში დემოკრატებს უმრავლესობის მოპოვების 69%-იანი შანსი აქვთ. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, მასში უმრავლესობას უდიდესი ალბათობით რესპუბლიკელები მოიპოვებენ (წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის გამარჯვების ალბათობა 74%-ია).

უნდა აღინიშნოს ისიც, ბოლო პერიოდში გაიზარდა ტრამპის პერსონალური რეიტინგი რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველში. Yahoo News/YouGov Poll-ის კვლევით, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლის 54% მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სწორედ ტრამპს დაუჭერს, 31%-სთვის კი უფრო მისაღები კანდიდატურა ფლორიდის მოქმედი გუბერნატორი რონ დე სანტისია. აგვისტოში ამ ორი კანდიდატის რეიტინგს შორის სხვაობა 10% იყო (ტრამპი 44%, დე სანტისი 34%), თუმცა, 8 აგვისტოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტრამპის სახლში ჩატარებულმა ჩხრეკამ ამ უკანასკნელის ირგვლივ რესპუბლიკური პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლიდაციას შეუწყო ხელი. კლასიფიცირებული დოკუმენტების საქმესთან დაკავშირებით, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა (80%) მიიჩნევს, რომ ტრამპი დამნაშავეა და მას შესაბამისი ბრალი უნდა წარედგინოს. ამასთან, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 65%-ის აზრით, ტრამპი უდანაშაულოა. რესპუბლიკელ ამომრჩეველში პოპულარობის მიუხედავად, საერთო სურათი ტრამპის სასარგებლოდ არ მეტყველებს. გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ტრამპს მომავალში პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ უნდა ჰქონდეს (მხოლოდ 26% ფიქრობს, რომ ტრამპს კიდევ ერთხელ კენჭისყრის უფლება აქვს). ზემოხსენებული რეიტინგების ანალიზი აჩვენებს, რომ გაიზარდა როგორც ბაიდენის (მთელი ქვეყნის მასშტაბით), ისე ტრამპის (რესპუბლიკური პარტიის მასშტაბით) პერსონალური რეიტინგი. საინტერესოა, რა ფაქტორებმა განაპირობა ორივე პარტიის ლიდერის პოპულარობის ზრდა. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ინფლაციის შემცირების აქტი – ბაიდენის ადმინისტრაციამ 16 აგვისტოს ინფლაციის შემცირების აქტი მიიღო, რომელიც რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას აერთიანებს.  გეგმით გათვალისწინებულია 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე კომპანიებისთვის კორპორატიული გადასახადის 15%-მდე აწევა. ამასთან, ინდივიდუალური და ბინადრობის გადასახადი არ გაიზრდება. აქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მედიკამენტების ფასებზე ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს, რაც მომხმარებლისთვის კონკრეტული მედიკამენტების გაიაფებას ნიშნავს. ინფლაციის შემცირების აქტი გააგრძელებს ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწყებული მედიქეარის სუბსიდიებს 2025 წლამდე, რაც დაახლოებით 3 მილიონ მოქალაქეს ჯანდაცვის სერვისს კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივებს. ინფლაციის შემცირების აქტის ბოლო მნიშვნელოვანი ინიაციატივა განახლებადი ენერგიის სფეროში ახალი ინვესტიციების ჩადებას და ენერგოეფექტური კომპანიებისთვის გადასახადების შემცირებას ითვალისწინებს. გავლენიანი ეკონომისტები აცხადებენ, რომ ზემოხსენებული აქტი ინფლაციას ვერ შეამცირებს, თუმცა, დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველი მას მაინც დადებითად აფასებს  მისი მემარცხენე დღის წესრიგის გამო.

საწვავის შემცირებული ფასი – ივნისის შუა რიცხვებში აშშ-ში საწვავის რეკორდული ფასი დაფიქსირდა. ამ პერიოდისთვის ერთი გალონი საწვავის საშუალო ფასი 5 დოლარს აღემატებოდა. სექტემბრის დასაწყისისთვის ფასები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. მოცემული მომენტისთვის ერთი გალონი საწვავის საშუალო ღირებულება 3.7 დოლარს შეადგენს. საწვავის ფასის შემცირება აშშ-ში ორი ძირითადი მიზეზითაა განპირობებული: 1. ნავთობპროდუქტებზე გლობალური ფასების კლებით; 2. ზოგიერთ შტატში საწვავზე გადასახადების გაუქმებით.

სტუდენტური სესხების ჩამოწერის პროგრამა – 24 აგვისტოს ბაიდენის ადმინისტრაციამ სტუდენტური სესხების ნაწილობრივი ჩამოწერის განკარგულება გასცა. პროგრამის მიხედვით, ინდივიდებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 125 000 დოლარზე ნაკლებია, სტუდენტურ სესხზე 10 000 დოლარი ჩამოეწერებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტური სესხით 43 მილიონი ადამიანი სარგებლობს, სესხის ჯამური ღირებულება კი 1.6 ტრილიონ დოლარს აღემატება. გეგმის მიხედვით, სტუდენტური სესხი სრულად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს ჩამოეწერება. მიუხედავად ამისა, პროგრამა მრავალმა გავლენიანმა ეკონომისტმა გააკრიტიკა. ინიციატივის ოპონენტები აცხადებენ, რომ პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის ინფლაციის დონეს, ამასთან დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ისევ დარჩება 50 000 დოლარის (ან მეტი) ღირებულების სესხი. საერთო ჯამში, ინიციატივა გათვლილია მოქალაქეთა კონკრეტულ სეგმენტზე და მათ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს.

FBI-ს გამოძიება ტრამპის წინააღმდეგ – რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველში ტრამპის პოპულარობის მატების მიზეზი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში უნდა ვეძებოთ. FBI-ს მიერ ტრამპის სახლში ჩატარებულმა ჩხრეკამ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა ექსპრეზიდენტის გარშემო შემოკრიბა. დემოკრატიული ისთებლიშმენთის ბრძოლამ ტრამპის წინააღმდეგ, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაარწმუნა იმაში, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ტრამპის წარდგენა მომავალ არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსია. ტრამპის პოლიტიკური მომავალი დიდწილად მოახლოებული შუალედური არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული – თუ მასში ექსპრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები გაიმარჯვებენ, მისი პოლიტიკური წონა პარტიის შიგნით კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, ტრამპს ჯერ არაფერი აქვს განაღდებული, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ  რესპუბლიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს ფლორიდის მოქმედ გუბერნატორს, რონ დე სანტისს, უჭერს. დე სანტისი პარტიაში ტრამპის შემდეგ ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ემიჯნება  MAGA (Make America Great Again) მოძრაობას და ცდილობს რესპუბლიკურ პარტიაში ახალი სიმძიმის ცენტრის შექმნას, რომელიც მოახერხებს ტრამპის შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხებას.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი პერიოდის მოვლენებმა  შუალედური არჩევნების წინ დემოკრატიული პარტია თამაშში დააბრუნა. ინფლაციის შემცირების აქტის მიღებამ, სტუდენტური სესხების ჩამოწერის განკარგულებამ და გაზზე შემცირებულმა ფასებმა მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის რეიტინგი საგრძნობლად გაზარდა. გაზრდილია დონალდ ტრამპის რეიტინგიც რესპუბლიკურ პარტიაში, რომლის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ მის ირგვლივ პარტიის ამომრჩევლის კონსოლიდაცია განაპირობა. რამდენად იქნება საკმარისი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული რეფორმები შუალედურ არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად, ამას დაახლოებით ორ თვეში გავიგებთ.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

წყარო:https://foreignpolicycouncil.com

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way