ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური ვითარება ყოველდღიურად იცვლება, რაც პარტიებისა და მათი ლიდერების რეიტინგზეც აისახება. ივნისისა და ივლისის საზოგადოებრივ გამოკითხვათა შედეგები აჩვენებდა, რომ დემოკრატიული პარტია მძიმე კრიზისში იყო. ივნისში მმართველმა პარტიამ უკანასკნელი 40 წლის ისტორიული მინიმუმი (16%) დააფიქსირა. ივლისში მნიშვნელოვნად გაუარესდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, რეიტინგი, რომლის საქმიანობასაც დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 38% აფასებდა. ამ მაჩვენებლით ის აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ყველაზე დაბალ მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მიუხედავად ამისა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან რამდენიმე პუნქტით გაუმჯობესდა როგორც ბაიდენის პერსონალური რეიტინგი, ისე ხელისუფლების მმართველობით მოსახლეობის კმაყოფილების მაჩვენებელი. მოცემულ სტატიაში შევეცდები გავაანალიზო უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები და გამოვყო ის ძირითადი ცვლადები, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერის რეიტინგის ზრდას.
Yahoo News/YouGov Poll-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება (38%-ის აზრით არასწორი მიმართულებით). აგვისტოს გამოკითხვაში ზემოხსენებული რიცხვები შეტრიალებული იყო. აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი გასულ თვესთან შედარებით 4.5 პუნქტითაა გაზრდილი. FiveThirtyEight-ის ცნობით, ივლისის ბოლოსთვის მის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 38% აფასებდა, ხოლო მოცემულ მომენტში ეს მაჩვენებელი 42.5%-ს შეადგენს. ბაიდენის პოპულარობა ძირითადად დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებში (72%-დან 79%-მდე) და უპარტიო ამომრჩეველში (26%-დან 32%-მდე) გაიზარდა. გასულ თვეში დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 52% ფიქრობდა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიის კანდიდატი ბაიდენი აღარ უნდა ყოფილიყო, ხოლო რესპონდენტთა მხოლოდ 29% მიიჩნევდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი პარტიის ნომინაციას იმსახურებდა. ახალი კვლევებით, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 41%-სთვის ბაიდენი ყველაზე მისაღები საპრეზიდენტო ნომინაციაა, ხოლო სხვა კანდიდატურას მხარს პარტიის ამომრჩეველთა 37% უჭერს. ბაიდენს ტრამპთან დაპირისპირებაშიც 6 პუნქტიანი უპირატესობა აქვს. კითხვაზე – „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის დაუჭერდით მხარს?“ გამოკითხულთა 48%-მა ბაიდენი, ხოლო 42%-მა ტრამპი დაასახელა. ანალოგიურ კითხვაზე ბაიდენსა და ტრამპს შორის აპრილში სხვაობა მხოლოდ 2% იყო (ბაიდენი 44%, ტრამპი 42%).
ბაიდენის პერსონალური რეიტინგის გარდა, გაიზარდა მისი ადმინისტრაციის მუშაობით კმაყოფილი მოქალაქეების რიცხვიც. ივნისისა და ივლისის მონაცემებით, დემოკრატიულ პარტიას შუალედურ არჩევნებში გამარჯვების მიზერული შანსიც არ ჰქონდა. FiveThirtyEight-ის აგვისტოს გამოკითხვების თანახმად კი სენატში დემოკრატებს უმრავლესობის მოპოვების 69%-იანი შანსი აქვთ. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, მასში უმრავლესობას უდიდესი ალბათობით რესპუბლიკელები მოიპოვებენ (წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის გამარჯვების ალბათობა 74%-ია).
უნდა აღინიშნოს ისიც, ბოლო პერიოდში გაიზარდა ტრამპის პერსონალური რეიტინგი რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველში. Yahoo News/YouGov Poll-ის კვლევით, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლის 54% მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სწორედ ტრამპს დაუჭერს, 31%-სთვის კი უფრო მისაღები კანდიდატურა ფლორიდის მოქმედი გუბერნატორი რონ დე სანტისია. აგვისტოში ამ ორი კანდიდატის რეიტინგს შორის სხვაობა 10% იყო (ტრამპი 44%, დე სანტისი 34%), თუმცა, 8 აგვისტოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტრამპის სახლში ჩატარებულმა ჩხრეკამ ამ უკანასკნელის ირგვლივ რესპუბლიკური პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლიდაციას შეუწყო ხელი. კლასიფიცირებული დოკუმენტების საქმესთან დაკავშირებით, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა (80%) მიიჩნევს, რომ ტრამპი დამნაშავეა და მას შესაბამისი ბრალი უნდა წარედგინოს. ამასთან, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 65%-ის აზრით, ტრამპი უდანაშაულოა. რესპუბლიკელ ამომრჩეველში პოპულარობის მიუხედავად, საერთო სურათი ტრამპის სასარგებლოდ არ მეტყველებს. გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ტრამპს მომავალში პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ უნდა ჰქონდეს (მხოლოდ 26% ფიქრობს, რომ ტრამპს კიდევ ერთხელ კენჭისყრის უფლება აქვს). ზემოხსენებული რეიტინგების ანალიზი აჩვენებს, რომ გაიზარდა როგორც ბაიდენის (მთელი ქვეყნის მასშტაბით), ისე ტრამპის (რესპუბლიკური პარტიის მასშტაბით) პერსონალური რეიტინგი. საინტერესოა, რა ფაქტორებმა განაპირობა ორივე პარტიის ლიდერის პოპულარობის ზრდა. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
ინფლაციის შემცირების აქტი – ბაიდენის ადმინისტრაციამ 16 აგვისტოს ინფლაციის შემცირების აქტი მიიღო, რომელიც რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას აერთიანებს. გეგმით გათვალისწინებულია 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე კომპანიებისთვის კორპორატიული გადასახადის 15%-მდე აწევა. ამასთან, ინდივიდუალური და ბინადრობის გადასახადი არ გაიზრდება. აქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მედიკამენტების ფასებზე ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს, რაც მომხმარებლისთვის კონკრეტული მედიკამენტების გაიაფებას ნიშნავს. ინფლაციის შემცირების აქტი გააგრძელებს ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწყებული მედიქეარის სუბსიდიებს 2025 წლამდე, რაც დაახლოებით 3 მილიონ მოქალაქეს ჯანდაცვის სერვისს კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივებს. ინფლაციის შემცირების აქტის ბოლო მნიშვნელოვანი ინიაციატივა განახლებადი ენერგიის სფეროში ახალი ინვესტიციების ჩადებას და ენერგოეფექტური კომპანიებისთვის გადასახადების შემცირებას ითვალისწინებს. გავლენიანი ეკონომისტები აცხადებენ, რომ ზემოხსენებული აქტი ინფლაციას ვერ შეამცირებს, თუმცა, დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველი მას მაინც დადებითად აფასებს მისი მემარცხენე დღის წესრიგის გამო.
საწვავის შემცირებული ფასი – ივნისის შუა რიცხვებში აშშ-ში საწვავის რეკორდული ფასი დაფიქსირდა. ამ პერიოდისთვის ერთი გალონი საწვავის საშუალო ფასი 5 დოლარს აღემატებოდა. სექტემბრის დასაწყისისთვის ფასები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. მოცემული მომენტისთვის ერთი გალონი საწვავის საშუალო ღირებულება 3.7 დოლარს შეადგენს. საწვავის ფასის შემცირება აშშ-ში ორი ძირითადი მიზეზითაა განპირობებული: 1. ნავთობპროდუქტებზე გლობალური ფასების კლებით; 2. ზოგიერთ შტატში საწვავზე გადასახადების გაუქმებით.
სტუდენტური სესხების ჩამოწერის პროგრამა – 24 აგვისტოს ბაიდენის ადმინისტრაციამ სტუდენტური სესხების ნაწილობრივი ჩამოწერის განკარგულება გასცა. პროგრამის მიხედვით, ინდივიდებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 125 000 დოლარზე ნაკლებია, სტუდენტურ სესხზე 10 000 დოლარი ჩამოეწერებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტური სესხით 43 მილიონი ადამიანი სარგებლობს, სესხის ჯამური ღირებულება კი 1.6 ტრილიონ დოლარს აღემატება. გეგმის მიხედვით, სტუდენტური სესხი სრულად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს ჩამოეწერება. მიუხედავად ამისა, პროგრამა მრავალმა გავლენიანმა ეკონომისტმა გააკრიტიკა. ინიციატივის ოპონენტები აცხადებენ, რომ პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის ინფლაციის დონეს, ამასთან დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ისევ დარჩება 50 000 დოლარის (ან მეტი) ღირებულების სესხი. საერთო ჯამში, ინიციატივა გათვლილია მოქალაქეთა კონკრეტულ სეგმენტზე და მათ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს.
FBI-ს გამოძიება ტრამპის წინააღმდეგ – რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველში ტრამპის პოპულარობის მატების მიზეზი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში უნდა ვეძებოთ. FBI-ს მიერ ტრამპის სახლში ჩატარებულმა ჩხრეკამ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა ექსპრეზიდენტის გარშემო შემოკრიბა. დემოკრატიული ისთებლიშმენთის ბრძოლამ ტრამპის წინააღმდეგ, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაარწმუნა იმაში, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ტრამპის წარდგენა მომავალ არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსია. ტრამპის პოლიტიკური მომავალი დიდწილად მოახლოებული შუალედური არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული – თუ მასში ექსპრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები გაიმარჯვებენ, მისი პოლიტიკური წონა პარტიის შიგნით კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, ტრამპს ჯერ არაფერი აქვს განაღდებული, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ რესპუბლიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს ფლორიდის მოქმედ გუბერნატორს, რონ დე სანტისს, უჭერს. დე სანტისი პარტიაში ტრამპის შემდეგ ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ემიჯნება MAGA (Make America Great Again) მოძრაობას და ცდილობს რესპუბლიკურ პარტიაში ახალი სიმძიმის ცენტრის შექმნას, რომელიც მოახერხებს ტრამპის შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხებას.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი პერიოდის მოვლენებმა შუალედური არჩევნების წინ დემოკრატიული პარტია თამაშში დააბრუნა. ინფლაციის შემცირების აქტის მიღებამ, სტუდენტური სესხების ჩამოწერის განკარგულებამ და გაზზე შემცირებულმა ფასებმა მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის რეიტინგი საგრძნობლად გაზარდა. გაზრდილია დონალდ ტრამპის რეიტინგიც რესპუბლიკურ პარტიაში, რომლის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ მის ირგვლივ პარტიის ამომრჩევლის კონსოლიდაცია განაპირობა. რამდენად იქნება საკმარისი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული რეფორმები შუალედურ არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად, ამას დაახლოებით ორ თვეში გავიგებთ.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.
2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.
მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.
ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.
„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.
POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.
European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.
ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.
იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.
გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.
გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.
„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).
ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.
თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.
გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.
ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.
„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.
ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.
„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.
გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.
მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.