USD 2.7013
EUR 3.1184
RUB 3.3726
Тбилиси
საზოგადოების განწყობა საქართველოში - NDI-ის სატელეფონო გამოკითხვის სრული მიმოხილვა
дата:  

ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

კვლევის მიზანი: 

- ხელი შეუწყოს საქართველოში მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკისა და მმართველობის განვითარებას;

- დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გამოავლინონ და გადაჭრან შემდეგ საკითხებთან დაკავშირებული ეროვნული დონის პრობლემები: ეკონომიკა, ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა და სხვა.

2023 წლის მარტის სატელეფონო გამოკითხვა:

- საველე სამუშაოების თარიღები: 17-23 მარტი, 2023 

- 1,032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება) 

- საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%

- შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით 

- კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით

შერჩევა:

- ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. 

- რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. 

- ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

- კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

ძირითადი მიგნებები:

- საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54 პროცენტი) და ეკონომიკურ (52 პროცენტი) თანამშრომლობას. თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს. 

- უახლესი კვლევა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობაზეც მიუთითებს. მოქალაქეების 64 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს. აღნიშნული მოსაზრება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორისაც გამოიკვეთა: ქართული ოცნების მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. პარტიების მიმართ სკეპტიკური განწყობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა - მათგან მხოლოდ 15 პროცენტი ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც ეხმიანება მათ ინტერესე

ამავე კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. მოსახლეობის ნახევარი (49 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მეტიც, მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს.

ყოველი მეორე მოქალაქე (51 პროცენტი) ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს არ ენდობა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019 წლის შემდეგ, როცა ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს შეადგენდა.

კვლევის მონაცემები პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზეც მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სურთ. 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა (48 პროცენტიდან 56 პროცენტამდე) ვინც ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები ერთნაირად წარმოადგენენ მათ ინტერესებს. ახლა ნაკლები ადამიანი (მხოლოდ 16 პროცენტი) მიიჩნევს, რომ კაცი პოლიტიკოსები ქალებზე უკეთ წარმოადგენენ მოქალაქეების ინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ გადანაწილებას სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა.

1. ქვეყნის საგარეო მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.

2. მოსაზრება, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება ყველაზე მეტად სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირდა

3. გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია

4. მათი წილი ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და თბილისის მოსახლეობას შორის გაიზარდა

5. ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია

6. ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ‘ცუდად’ აფასებს

7. მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს

8. უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ

9. თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს

10. ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

11. მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია

12. მთავრობის შეფასება გაუარესებულია ახალგაზრდებს შორის და სოფლის ტიპის დასახლებებში

13. პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობის შეფასება სტაბილურია. პარლამენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასება კი ოდნავ გაიზარდა

14. პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორისაა

15. პრემიერის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორისაა

16. პარლამენტისადმი დამოკიდებულება პარტიულ სიმპათიებთან არის კავშირში

17. მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ 

18. უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს

19. ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტი მთავრობას ეფექტურად უწევს ზედამხედველობას; დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს

20. ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს; დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს

21. ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს; დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს 

22. 2014 წელთან შედარებით, ახლა მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები ერთნაირად წარმოადგენენ მათ ინტერესებს. ამასთან, ნაკლები ადამიანი მიიჩნევს, რომ კაცი პოლიტიკოსები ქალებზე უკეთ წარმოადგენენ მოქალაქეების ინტერესებს 

23. მოქალაქეები უფრო და უფრო უჭერენ მხარს საპარლამენტო ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობას

24. მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა - 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს

25. გასულ წელთან შედარებით, ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის გაიზარდა იმ ადამიანების წილი ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს

26. მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს; კიდევ უფრო მეტი ამბობს ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე

27. მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს; კიდევ უფრო მეტი ამბობს ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე

28. ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ფიქრობს, რომ არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ

29. საინტერესოა, რომ ყოველი მეხუთე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ქართული ოცნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს 

30. უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

31. ქართული ოცნების მხარდაჭერა ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია 

32. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, უმეტესობამ არ იცის, ვის მისცემდა ხმას

33. საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა

34. ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი განსაკუთრებით თბილისისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებში და ახალგაზრდებში გაიზარდა

35. რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას კაცები უფრო ემხრობიან, ვიდრე ქალები

36. საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა

37. რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას კაცები უფრო ემხრობიან, ვიდრე ქალები

38. მოქალაქეების უმრავლესობას ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან სურს

39. ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ურყევ სურვილზე მიუთითებს

40. უმრავლესობა კვლავაც ფიქრობს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს

41. უფროსი ასაკის მოქალაქეებს უფრო მეტად სჯერათ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს 

42. ქართული ოცნების მხარდამჭერთა მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაფერს აკეთებს

43. ნატოს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია

44. უმრავლესობას რუსეთთან ახლო ურთიერთობას ევროპული და ევრო - ატლანტიკური ინტეგრაცია ურჩევნია

45. სხვა ჯგუფებთან შედარებით, ქართული ოცნების მხარდამჭერები ნაკლებად ხედავენ სარგებელს ევროპულ და ევრო -ატლანტიკურ ინტეგრაციაში

46. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის

47. ახალგაზრდები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას

48. ქალები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას, ვიდრე კაცები

49. ოპოზიციის მხარდამჭერები, ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შედარებით, უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას

50. მოსახლეობის უმრავლესობა არცერთ ტელეარხს არ ენდობა

51. 2019 წელთან შედარებით, გაორმაგდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არცერთ არხს არ ენდობა

52. ახალგაზრდები ტელევიზიების მიმართ უნდობლობით გამოირჩევიან, ხოლო 55+ ასაკის მოსახლეობა უპირატესობას ტვ იმედს ანიჭებს

53. ქართული ოცნების მხარდამჭერთა ნახევარი ტვ იმედს ენდობა. თუმცა, მმართველი პარტიის მხარდამჭერთა მეორე ნახევარი ან სხვა არხებს ენდობა, ან - არცერთს.

კვლევის სრული შედეგები  

аналитика
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати