USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
სასწორზე დემოკრატია და ქვეყნის მომავალი დევს - კონგრესმენები საქართველოს არჩევნებზე
Date:  

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა აწუხებს ქართველ ხალხს და ნათელია, რომ ახლანდელ მმართველ პარტიას ის სხვა მიმართულებით მიჰყავს“, - ამბობს კონგრესმენი ბილ კიტინგი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის შემდეგ დემოკრატი კონგრესმენი აცხადებს, რომ სურს, ქართველმა ხალხმა იცოდეს, ამერიკა განაგრძობს მისი ნების მხარდაჭერას.

„ჩვენ არ დავშორდებით ქართველი ხალხის ნებას. მაგრამ ჩვენ დავაწესებთ სანქციებს და მივიღებთ სხვა ზომებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ქართველი ხალხი სხვა მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით მიჰყავს, ასეთ კრიტიკულ დროს, როდესაც უკრაინაში მისი უკანონო ომი ასეთ განადგურებას იწვევს“, - ამბობს კონგრესმენი კიტინგი.

კონგრესში 23 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის - „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მაღალჩინოსნებს მოუსმინეს იმის შესახებ თუ როგორია ან როგორი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - ქვეყნების, რომლებშიც ოქტომბერში მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა გაიმართოს.

"საქართველო ამერიკის კარგი პარტნიორია, მაგრამ რთულ სამეზობლოში", - ამბობს დინა ტაიტუსი, დემოკრატი კონგრესმენი ნევადიდან და დასძენს, რომ ამერიკა ქვეყანას დემოკრატიისკენ სვლაში უნდა დაეხმაროს, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სწორედ საპარლამენტო არჩევნები იქნება:

"უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ ჩატარდება არჩევნები ამ შემოდგომაზე. როგორც ჩანს, ხალხი ნამდვილად ერთ რამეს ამბობს, "ქართული ოცნება" კი - რაღაც სხვას. ვნახოთ როგორ შეძლებენ ისინი საერთო ენის გამონახვას", - უთხრა დემოკრატმა კონგრესმენმა "ამერიკის ხმას" საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ.

ევროპის ქვეკომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ჯოშუა ჰაკმა ისაუბრა "ქართული ოცნების" იმ ნაბიჯებზე, რომელთა გამოც მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა გადაწყვიტა.

საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონის კრიტიკის პასუხად აქამდე აცხადებდა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი დასავლური კანონმდებლობის ანალოგია და ის არ გამოიწვევს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონის მიღების მიზანი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა და რომ დასავლელი მეგობრების კრიტიკა გაუგებარი, დაუსაბუთებელი და დასანანია.

"ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით [საქართველოს] ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება”, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯოშუა ჰაკი.

კონგრესში გამართული მოსმენისას თბილისის ქმედებები არაერთხელ შეადარეს კიშინევის გადაწყვეტილებებს და თქვეს, რომ მაშინ, როცა მოლდოვა დასავლეთისკენ მიიწევს, საქართველოს მმართველი გუნდის ნაბიჯები მისი მიზნების თაობაზე შეშფოთებას აჩენს. ამერიკელ თუ ევროპელ მეგობრებზე თავდასხმა და რუსული მმართველობის სტილის გადაწყვეტილებები კი ვაშინგტონისგან უპასუხოდ არ დარჩება.

მოლდოვაში, საქართველოს საპარალამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც პროდასავლური მთავრობის და პრეზიდენტის ძალისხმევით, ქვეყანას ევროკავშირმა წევრობის თაობაზე მოლაპარაკებები გაუხსნა. რუსეთი კი, მთავრობის მტკიცებით, აგრძელებს სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდის გამოყენებას იმისთვის, რომ პროდასავლურ მთავრობას ძირი გამოუთხაროს.

"[საქართველოს ხელისუფლებამ] უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით [პროცესებს]" - ასე პასუხობს რესპუბლიკელი კონგრესმენი მიჩიგანიდან ბილ ჰაიზინგა კითხვას - რა გზავნილი უნდა მიეღო ამ მოსმენის შემდეგ "ქართულ ოცნებას":

"ეს უნდა იყოს გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ყურადღებით ვართ, და ვაკვირდებით, როგორ მუშაობს ეკონომიკა, ბიზნესი, როგორ ტარდება არჩევნები და უზრუნველყოფილია თუ არა, რომ ხალხის ხმა ისმოდეს", - ამბობს კონგრესმენი ჰაიზინგა, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ დერეფანში ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობასა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ჩინეთთან დაახლოების რისკებსაც ახსენებს.

"სასწორზე დემოკრატია დევს", - ამბობს მადელინ დინი, დემოკრატი კონგრესმენი პენსილვანიის შტატიდან. კანონმდებელი განმარტავს, რომ ამერიკა და საქართველო ათწლეულებია თანამშრომლობენ, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება "უცხოეთის აგენტების კანონზე" და ხაზი გაუსვას იმ საშიშროებას, რასაც ის შეიცავს. კონგრესმენის თქმით, ამ მხრივ კი USAID-ის მნიშვნელობა მისი აზრით, კიდევ უფრო იზრდება, მით უფრო მაშინ, როდესაც აგვისტოდან, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, კანონი ამოქმედდება.

"ეს ძალიან საშიშია და ცხადია, მთავარი საფრთხე აქ საქართველოს არჩევნებში რუსეთის მავნე გავლენაა. ამაზე ჩვენ ჩვენს საკუთარი არჩევნებთან დაკავშირებითაც ვღელავთ", - ამბობს კონგრესმენი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის სასწორზე მისი მომავალი დევს:

"მათი ბედისწერა, საით წავლენ, რა ინფორმაციას მიიღებენ, რას გადაწყვეტენ საკუთარი ბედ-იღბლის შესახებ, საკუთარი დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შესახებ. ამაზე მნიშვნელოვანი ვერაფერი იქნება", - ამბობს მადელინ დინი.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ "მეგობარ აქტს" კენჭი 11 ივლისს უყარა და მის პალატაში სრულ კენჭისყრაზე გატანას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს პროდასავლური მომავლის მხარდაჭერას და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო შემზრუდავი ზომების დაწესებას გულისხმობს, ახლა 16 წარმდგენი კონგრესმენი ჰყავს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მას "არამეგობრულ აქტს" უწოდებენ. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საჭიროა ორი ქვეყნის ურთიერთობების გადატვირთვა.

წყარო: ამერიკის ხმა

tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way