USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
საშუალო სტატისტიკური ამერიკელისთვის ბედნიერება წელიწადში $284 167 ღირს
თარიღი:  470

იყიდი თუ არა ფულით ბედნიერებას? - ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კითხვას რამდენიმე ორგანიზაციის კვლევამ უკვე უპოვა პასუხი. აღნიშნულის თანახმადაც ფულით არა მხოლოდ ბედნიერების ყიდვაა შესაძლებელი, არამედ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ამ თანხის ოდენობაზე განსხვავებული შეხედულება აქვს. Empower-ის მიერ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგებს Euronews-ი აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 10-დან 6 ადამიანს სჯერა, რომ ფულით ბედნიერების ყიდვა შესაძლებელია. აქედან, მილენიალების (1981-1996 წლებში დაბადებული თაობა) დიდი ნაწილი ბედნიერებისთვის საჭირო ოპტიმალურ ანაზღაურებად წელიწადში $525 000-ს ასახელებს. ამავე კვლევის თანახმად, Gen Z ბედნიერებას წლიურად $128 000-დ შეიძენს, Gen X $130 000-დ, ხოლო ბუმერების თაობისთვის $124 000-იც საკმარისია. შესაბამისად, საშუალო სტატისტიკური ამერიკელისთვის ბედნიერება წელიწადში $284 167 ღირს.

აღმოჩნდა, რომ ევროპელებს ბედნიერებისთვის გაცილებით ნაკლები სჭირდებათ. Purdue University-ის ბოლო კვლევის თანახმად, დასავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნებში მოსახლეობა ცხოვრებით კმაყოფილია წლიური შემოსავლით, $100 000-ის ოდენობით. ამ თანხაზე მაღალი ხელფასის შემთხვევაში კი ევროპელების ცხოვრება გაცილებით უმჯობესდება.

აღმოსავლეთ ევროპაში კი ბედნიერება გაცილებით იაფად - წელიწადში $45 000 - ფასობს. თუმცა იგივე კვლევა ადასტურებს, რომ ემოციური კეთილდღეობა 35 000-დან 50 000 ევრომდე წლიურ შემოსავალს მოაქვს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის კვლევა ბევრი ქვეყნისათვის მაღალ დონიანი ინფლაციის პირობებში ჩატარდა. Euronews-მა კი იმ დროის მონაცემები დღევანდელობას მოარგო და აღმოაჩინა, რომ დასავლეთ ევროპელებს ბედნიერებისა და ემოციური კეთილდღეობისთვის წელიწადში 58 205 ევრო სჭირდებათ, აღმოსავლეთ ევროპელებს კი 40 690 ევრო.

და რას ნიშნავს ფინანსური ბედნიერება?

ამერიკული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% ბედნიერებას კომუნალური გადასახადების დროულად გადახდასთან აიგივებს, 54% ყოველდღიური ფუფუნების ნივთებისა და სერვისების უპრობლემოდ კითხვასთან, 45% კი - უძრავი ქონების ფლობასთან.

გამოკითხულთა 50%-სთვის საყვარელ ადამიანებთან სხვადასხვა გამოცდილების დაგროვებაა მნიშვნელოვანი, 37%-სთვის კი ბედნიერება პენსიაზე უპრობლემოდ გასვლასთან ასოცირდება.

ამერიკელთა 73% ფინანსურ სტრესს განიცდის, ევროპელთა 85% კი ან მწვავე ფინანსურ სიტუაციაში არიან, ან საკუთარი ფინანსების ფრთხილად განკარგვა სჭირდებათ.

სად ჯდება ბედნიერება ყველაზე ძვირი?

Purdue University-ის კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი სასურველი ხელფასი გლობალურად ირანშია - აქაურებს ბედნიერებისათვის წლიურად 220 ათასი ევროს შემოსავალი სჭირდებათ ამისათვის. ევროპაში კი ბედნიერება ყველაზე ძვირად ნორვეგიასა და შვედეთში, შესაბამისად, 107 ათას და 106 ათას ევროდ ფასობს. ლონდონში ეს თანხა 94,5 ათასი ევროა.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის