USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
სარკოზის მემუარები - აგვისტოს ომის დეტალები
Date:  869

საფრანგეთში გამოიცა ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მემუარული წიგნი Le Temps des Tempêtes, „ქარიშხლების დრო“, რომელიც მისი საპრეზიდენტო ვადის საწყის ეტაპს – 2007-08 წლებს მოიცავს და საუბარია აგვისტოს ომზეც.  რუსეთ-საქართველოს “ქარიშხლის დროზე” სარკოზის მემუარებს ბუბა კუდავა აქვეყნებს.

8 აგვისტო, 2008. პეკინი. ოლიმპიადის გახნის ცერემონია სტადიონზე

გაფითრებული და მკაცრი სახით მოემართება ჩემსკენ ჩემი დიპლომატიური გუნდის უფროსი და ამავდროულად „შერპა“ ჟან-დავიდ ლევიტი. „ახლახან შევიტყვე უკიდურესად შემაშფოთებელი ამბავი. რუსეთის არმია საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პროცესშია. როგორც ჩანს, ქვეყნის დაპყრობა უნდათ. ახლა ვამოწმებ ამ მოვლენების სინამდვილეს’’.

ვლადიმერ პუტინი ჩემგან ოც მეტრში იყო. მაშინვე გავემართე მისკენ. ვთხოვე, ორმოცდარვა საათი მოეცა, ამბის ჩასაწყნარებლად. მკაცრი უარი მითხრა «Niet, niet, niet».

აქ ნამდვილად არ იყო ამგვარი დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი. თან, არ მინდოდა საჯარო სკანდალი. ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულებულიყო. ბოლოს ტრიბუნაზე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და აღვფრთოვანდი გახსნის ცერემონიის სოცარი სილამაზით. პეკინში იმ დილით ჩამოვედი და ცერემონიის დასრულებისთანავე უკან უნდა გავფრენილიყავი. ლუი მახლდა თან, ჩემი 11 წლის შვილი. დიდი სიჩქარით გადავკვეთეთ ღამის პეკინი. პრეზიდენტის თვითმფრინავში შევედით თუ არა დაღლილობისგან მოვიცელეთ. რამდენიმე წუთით ჩემს თანმხლებ გუნდს გავესაუბრე. ‘

„სამწუხაროდ, ფაქტები დასტურდება“ – იყო ჟან-დავიდ ლევიტის პირველი კომენტარი. ამ შუაღამეს არაფრის გაკეთებას ან მცდელობას აზრი არ ჰქონდა. ჩემი თვითმფრინავი ტულონში უნდა დაშვებულიყო, რომ 15 აგვისტოს უქმეები კაპ ნეგრზე გამეტარებინა, სადაც უკვე კარლა მელოდებოდა.

პარიზში ჩასულმა ჟან-დავიდ ლევიტმა ორჯერ სცადა ჩემთან დაკავშირება. გადავურეკე უსაფრთხო კავშირით, რომელიც უკვე დააყენეს აქ. ცუდი ამბები იყო, რუსეთის არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო და უარესიც, დედაქალაქ თბილისისკენ მიემართებოდა. მსოფლიო შოკში იყო.

გადავწყვიტე რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევისთვის დამერეკა. ამ პირველმა გადაწყვეტილებამ დიპლომატების ცხარე კამათი გამოიწვია. იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იმ დროს ნამდვილი და ერთადერთი პატრონისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის უნდა დამერეკა და ისეთები, რომლებიც პროტოკოლური წესების პატივისცემისკენ, პრეზიდენტის პრეზიდენტთან საუბრისკენ იხრებოდნენ.

მე ამ მეორე შეთავაზების სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობდი რომ სხვაგვარი ქმედებით პრეზიდენტ მედვედევს დავამცირებდი, რასაც ნამდვილად არ იმსახურებდა. და ისიც მესმოდა, რომ კრიზისის სიმწვავის გათვალისწინებით, თუ პუტინს მოუნდებოდა ჩარევა, უკან ნამდვილად არ დაიხევდა. ასე რომ, მხოლოდ მომგებიანი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე, მედვედევით დაგვეწყო.

ყოველგვარი სირთულის გარეშე დავუკავშირდი. სიტუაცია მიუღებელი იყო, მაგრამ უნდა მქონოდა გულწრფელობა მეღიარებინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა მოვლენების დასაძაბად. სწორედ ამის გამო მოგვიწია ელისეს სასახლეში ამ ქვეყნის ელჩის დაბარება რომ გაგვეფრთხილებინა, რომ ევროპა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, სამხედრო გზით არ ჩაერეოდა რუსეთის პასუხის შემთხვევაში. ბერნარ კუშნერმა დაურეკა მის ქართველ კოლეგას, რომ იგივე გზავნილი გადაეცა.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ორი ქართული რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, საქართველოსთვის დაახლოებით იგივეს წარმოადგენდა, რასაც ალზასი და ლოტარინგია საფრანგეთისთვის. ამას იმისთვის ვამბობ, რომ ხაზი გავუსვა, თუ რამდენად მგრძნობიარე თემასთან გვქონდა საქმე. სააკაშვილს თანამოქალაქეების ეროვნულ გრძნობებზე მოქმედება სურდა, სამაგიეროდ კი მხოლოდ რუსული დათვის გაღვიძება მოახერხა. მისი ბუნაგში დაბრუნება სასიამოვნო საქმე არ იქნებოდა.

სანამ მედვედევს დავურეკავდი სამპუნქტიანი გეგმა შევიმუშავე, რომლის მიზანი იყო ერთგვარ სტატუს კვო ანტეზე დაბრუნება. მან ჩვეული გულახდილობით ჩაინიშნა ჩემი წინადადებები, მაგრამ არაფერს დამპირებია. ამავე დროს, რუსული ძალები აგრძელებენ წინსვლას ქართული ტერიტორიაზე. 11 აგვისტოს, მხოლოდ 25 კილომეტრში იყვნენ თბილისიდან. მე უარესი სცენარისთვის ვიყავი მზად, რაც ნიშნავდა რომ რუსები დაიპყრობდნენ დედაქალაქს, ჩამოაგდებდნენ სააკაშვილს და იქ დასვამდნენ პრორუსულ ხელისუფლებას.

ჯორჯ ბუშმა დამირეკა და მითხრა რომ ფრანგულ გეგმას მხარს უჭერდა, მაგრამ იქვე მოითხოვდა რომ რუსები “დასჯილიყვნენ”, (საბედნიეროდ) სამხედრო შეტევის გარეშე. ორ ცეცხლშუა ვიყავი. რუსებს მე ქართველების მხარეს ვეგონე, ამერიკელებს და ევროპის ნაწილს კი ზედმეტად შემრიგებლად მივაჩნდი. თუ საქმეს ოპტიმისტურად შევხედავდით, ეს იმასაც შეიძლებოდა ნიშნავდა რომ მე „გაწონასწორებული“ პოზიცია მეჭირა. კიდევ ორჯერ ვესაუბრე დიმიტრი მედვედევს. ბუნდოვნად ვგრძნობდი, რომ შორს არ იყო დაეჯერებინა, ის რასაც დაუღალავად ვუხსნიდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან შორს მიდიოდა და შედეგად რუსეთის რეპუტაცია მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დგებოდა.

ის მე ამას არ მეტყოდა, მაგრამ ვგრძნობდი რომ უფრო და უფრო ნაკლებად იყო გაჯიუტებული ოფიციალურ პოზიციაზე. ვიცოდი, რომ ის არ იყო საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ პუტინის ნდობით სარგებლობდა. გადავწყვიტე ამ ყოყმანის პერიოდით მესარგებლა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მიმაჩნდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა მეცადა ბოლომდე. ჩემს თანამოსაუბრეს შევთავაზე მოსკოვში ჩავსულიყავი რეალური მოლაპარაკებისთვის. ერთადერთი, მაგრამ უდიდესი პირობა წამოვაყენე, შეეჩერებინა რუსი ჯარების წინსვლა. უფრო ზუსტად ეს ვუთხარი:

„ჩამოვალ მოსკოვში, მაგრამ როცა ჩემი თვითმფრინავის ბორბლები დასაფრენ ბილიკს შეეხება, ველოდები თქვენს ტელეგრამას, რუსეთის ჯარების შეჩერების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გადმოვალ თვითმფრინავიდან და მაშინვე უკან გავემგზავრები“.

მე მჭირდებოდა ეს გარანტია, რადგან ჩემი გუნდის დიდი ნაწილი დარდობდა რომ ჩემი მოსკოვში ვიზიტი ხაფანგი იყო, რომელიც რუსებს დროის მოგების საშუალებას მისცემდა, რომ დაესრულებინათ თავიანთი სამუშაო. მიუხედავად ყველაფრისა, ვარჩიე გამერისკა და ნდობა გამომეცხადედბინა მედვედევისთვის. ასე რომ პეკინიდან დაბრუნებულები სამ დღეში მოსკოვში წავედით.

სარკოზი მოსკოვში 

გადამცემების სპეციალისტმა, რომლებიც თან მახლდა საპრეზიდენტო თვითმფრინავში, დაფრენამდე ათი წუთით ადრე გადმომდა კომუნიკე, რომლითაც რუსეთის ტანკებს უბრძანეს შეეჩერებინათ წინსვლა. ცოტა ამოვისუნთქე. როგორც იქნა, კარგი ამბავი. ამასთან, მათი შეჩერება კარგი იყო, მაგრამ არა საკმარისი. ახლა უკან უნდა დახეულიყვნენ!

ძალიან დაძაბული ვიყავით. შინაგანად ჩემს თავს ვეკითხებოდი, თუ გავაკეთე კარგი არჩევანი. ამასთანავე, ახლა კითხვების დასმა გვიან იყო. ბოლომდე უნდა გვებრძოლა და ვიცოდი, რომ არავინ იყო მზად სახის დასაკარგად. პრეზიდენტი მედვედევი და გაუცვეთავი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გველოდნენ. მისვლისთანავე ცალკე გამიყვანა მედვედევმა: „წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ ვლადიმერ პუტინი შემოგვიერთდეს სადილად?“ვუპასუხე: „რას ბრძანებ, პირიქით, ბედნიერი ვიქნები მისი ნახვით“.

მისი გაუთვალისწინებელი დასწრება ცხადყოფდა რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ რუსები ამ საქმეს. ვფიქრობდი, რომ ეს ამოცანას გააადვილებდა, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული რომ რუსი გენერლები მედვედევს დაემორჩილებოდნენ, ხოლო პუტინს – კი. მცირედი ეჭვიც კი არ არსებობდა.

ამასობაში მოვიდა ვლადიმერ პუტინი, ლოყა ოდნავ შესიებული ჰქონდა. შემოსვლისთანავე მომესალამა და მითხრა – “კბილის ექიმისგან მოვდივარ, კბილი მტკივა და ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ”. გავიფიქრე, რომ უკეთესი დასაწყისი მქონდა ნანახი. დავსხედით პატარა მაგიდის ირგვლივ. ორი რუსი მმართველი, ჟან-დავიდ ლევიტი და მე. ამ დროს, მოპირდაპირე ოთახში მეორე სადილი მიმდინარეობდა – მინისტრი სერგეი ლავროვი და მედვედევის შერპა, სერგეი პრიხოდკო, ბერნარ კუშნერი და ჩემი მრჩეველი დამიენ ლორასი.

სადილი რაც შეიძლება ყველაზე ცუდად დაიწყო. პუტინი საუბრობდა. განრისხებული იყო. სიტყვა ხელში ჩაიგდო და მონოპოლიზებული ჰქონდა მთელი თხუთმეტი წუთი. ეს იყო ძალადობრივი ბრალდებები სააკაშვილის, მისი მეთოდების, მისი პოლიტიკის, მისი პერსონის წინააღმდეგ. წყობიდან იყო გამოსული და პირჯვარსაც კი იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა. ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო. ბოლოს ისიც კი მითხრა „არ შეიძლება ის დარჩეს იმ დანაშაულებების გამო. რაც ჩაიდინაო“.

სიმშვიდე ჩემი ძლიერი მხარეც არ არის. სიბრაზე მაწვებოდა. ამ ტირადის დროს. დიმიტრი მედვედევს ხმა არ ამოუღია. ძლივს შევაჩერე ჩემი თანამოსაუბრე და ფაქტიურად ავფეთქდი:

„დღეს 11 აგვისტოა, მე კაპ ნეგრიდან იმიტომ არ ჩამოვსულვარ რომ ავიტანო შენი გინება და მუქარა გაეროს წევრი ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით. ჩამოვედი საუკეთესო განზრახვით, რომ დაგეხმაროთ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, საიდანაც მხოლოდ წაგებულები იქნებიან და შენ პირველ რიგში. შენ არაფრის გაგება არ გინდა. საკმარისი ვითმინე, მე მივდივარ“.

და გაცხარებული წამოვდექი, ჩავიცვი პიჯაკი, რომელიც მაგიდასთან დაჯდომამდე გავიხადე, და გადამწყვეტი ნაბიჯებით გავემართე კარისკენ. შეწუხებულმა პუტინმა მომაძახა – „კი მაგრამ, სად მიდიხარ?“ ვუპასუხე: „აღარაფერი მესაქმება აქ. ერთ სიტყვას არ მათქმევინებ, შენ არაფრის გაგონება არ გინდა. გავალ და ვაცნობებ პრესას, რომ დავმარცხდი“.

პუტინი წამოდგა, და ამჯერად უფრო მეგობრულად მთხოვა დავრჩენილიყავი და გაგვეგრძელებინა საუბარი, რომელიც მივანიშნე, რომ ჩემს თვალში, არც დაწყებულა! დავბრუნდი მაგიდასთან. უნდა ითქვას, დავმშვიდდი, რომ ეს შევძელი. პუტინმა გააგრძელა: „ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. როცა შენი მეგობარი ბუში სადამ ჰუსეინს ჩამოახრჩობს, შენ არ აპროტესტებ. როცა მე გეუბნები რომ სააკაშვილი უნდა გავაგდოთ, წასვლა გინდა. რატომ გაქვს ასეთი განსხვავებული მიდგომა?“

ვუპასუხე: „განა შენი ცხოვრების ოცნება ეს არის რომ ბუშივით დაამთავრო, რომელიც პლანეტის ორ მესამედს სძულს? არ მეგონა რომ ეს იყო შენი მოდელი!“ პუტინმა გადაიხარხარა და კმაყოფილმა მიპასუხა – „აქ ნამდვილად ერთით ნოლს მიგებ“.

ბოლოს შევძელით და დავიწყეთ მშვიდად განხილვა. კბილის ტკივილმა გაუარა, ყოველ შემთხვევაში ჩანდა, აღარ აწუხებდა. კვლავ აღმოვაჩინე მშვიდი და გონივრული მოსაუბრე, რომელიც აქამდე მომწონდა. ჩემი მხრივ, ხანგრძლივად ვუხსნიდი როგორ შეძლო მან მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე ფეხზე დაეყენებინა თავისი ქვეყანა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო, და რა ზიანს მოუტანდა რუსეთსაც და პირადად მასაც, მთელი ამ ისტორიის შედეგი.

არც კი მესმოდა სად იყო აქ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური გამოწვევა. საითაც არ უნდა გამეხედა, მხოლოდ კატასტროფის აკუმულაციას ვხედავდი. რა პრესტიჟი უნდა ყოფილიყო რუსეთისთვის ოთხმილიონიანი ქვეყნის დამარცხება? უნდა გვეცადა თავაწეული გამოვსულიყავით ამ სიგიჟიდან, რის გარეშეც ის დაასრულებდა როგორც საძულველი დიქტატორი! ოთხი საათი ვისაუბრეთ ისე, რომ ტონი არ აგვიწევია, მაგრამ მაინც ვერ მივაღწიე კრიზისიდან გამოსვლის წარმოსადგენ შეთანხმებას.

მთავარი იყო რუსების სამხედრო ძალების საქართველოდან გამოყვანა, ისე რომ მათ საშუალება ეძლეოდათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დარჩენილიყვნენ. ამგვარად, საქართველოს ტერიტორიის 90% თავისუფლდებლდებოდა. ეს იდეალური არ იყო, მაგრამ უდაოდ უკეთესი იყო, ვიდრე სრული ოკუპაცია.

პუტინი დათანხმდა, როცა ვუთხარი რომ ჩემი იდეა იყო მომავალში გამართულიყო მოლაპარაკებები ჟენევაში ქართველებსა და რუსებს შორის, რათა შეთანხმებულიყვნენ ორი პატარა რეგიონის საბოლოო სტატუსის შესახებ.

ვიცოდი რომ ეს დიდ დროის მოითხოვდა და ჩვენც დროს გვაძლევდა კრიზისის პიკის დასაძლევად. რუსები ხვდებოდნენ რომ ექნებოდათ შეთანხმებული უფლება დარჩენილიყვნენ ამ ორ ტეირტორიაზე, მაგრამ უნდა დაეტოვებინათ ყველა დანარჩენი. ამის შემდეგ შევძელი პრესკონფერენცია გამემართა მედვედევთან ერთად, სადაც წარმოვადგინე საფრანგეთის მიერ შეთაავზებული და გარანტირებული გეგმა. ეს უდაო წინსვლა იყო. უარესი თავიდან იყო აცილებული.

სარკოზი თბილისში 

ახლა რჩებოდა ქართველების დარწმუნება. კვლავ ჩავსხედით თვითმფრინავში, ამჯერად თბილისის მიმართულებით, სადაც ჩავფრინდით დაახლოებით 22 საათზე.

ბნელი ღამე იყო. ქვეყანა ომში იყო, ჩვენი ჩაფრენის ადგილიდან 25 კილომეტრში საოკუპაციო ჯარების ტანკები იყო განლაგებული. ატმოსფერო მწუხარე იყო აეროპორტსა და პრეზიდენტის სასახლეს შორის, სადაც სააკაშვილი გველოდებოდა. პირველად გადავკვეთე ფრონტის ხაზთან ასე ახლოს მდებარე ქალაქი. სიცოცხლის ნატამალი არ ჩანდა. სინათლეები ჩამქვრალი იყო. ხალხი თავს იმშვიდებდა, როგორც შეეძლოთ. ირგვლივ ყველგან მზაკვრული შიში სუფევდა. გამონაკლისს დედაქალაქის ერთი ადგილი წარმოადგენდა.

პარლამენტი, სადაც ასევე იყო განთავსებული პრეზიდენტის სასახლე. ვგრძნობდი დიდ მღელვარებას, თითქმის ისტერიას. დედაქალაქის ამაღლებულ ადგილას განთავსებული მკვეთრად განათებული შენობა საოცარ კონტრაქტს ქმნიდა დანარჩენ სრულიად ჩაბნელებულ ქალაქს შორის. საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა თავის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერებს, შეკრებილიყვნენ ძალაუფლების საბოლოო ადგილის გარშემო, რათა დაეცვათ იგი და მიეღოთ საბოლოო მითითებები. სადაც არ გავიხედავდი, აღელვებას, ნერვიულობას და მოუსვენრობას ვაწყდებოდი.

პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში შესულს მომესალმნენ, გულწრეფალად და უხვად გამოხატეს მადლიერება. აქ ასევე იყვნენ ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, რომელთაც მხარდაჭერა ფიზიკური დასწრებით გამოხატეს. მაშინვე, პრეზიდენტის ოთახის კუთხეში ორი კაცი შევნიშნე, ჩანდა რომ არ იყვნენ ქართველები და მოშორებით იდგნენ. ვიკითხე, რას აკეთებდნენ აქ. მიპასუხეს, რომ ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მაშინვე დაეტოვებინათ ოთახი. მე მინდოდა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან მესაუბრა, გარეშე მოწმის გარეშე, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა.

სანამ ექვსპუნქტიან გეგმაზე საუბარს დავიწყებდით, სააკაშვილმა დიდი ენთუზიაზმით მითხრა:

„ასორმოცდაათი ათასი კაცია შეკრებილი სასახლის გარშემო. ისინი შენს სახელს სკანდირებენ. ტრიბუნა და მიკროფონები დაყენებულია. უნდა დაელაპარაკო მათ“.

მისი სამუშაო ოთახის ორმაგი ფანჯარა გახსნა და მაშინვე შევამჩნიეთ უზარმაზარი ხმაური.

მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაცდური შემოთავაზება იყო, მკაცრად უარი ვთქვი ამ მოწვევაზე, რადგან სიტყვა მივეცი პუტინს, ისე როგორც მედვედევს, რომ თუ რუსეთის არმია უკან დაიხევდა, ერთ ფრაზასაც არ ვიტყოდი მათ წინააღმდეგ. მაგრამ ანთებულ და გაბრაზებულ ქართველი ხალხის მასას ჩემგან მხოლოდ რუსეთის დაუფარავი დაგმობის მოსმენა სურდა. რა თქმა უნდა, მესმოდა მათი, მაგრამ თუკი ჩემი მომლაპარაკებლის და შემთანხმებლის როლიდან გამოვიდოდი, უარს ვამბობდი მთლიან ეფექტურობაზე, რასაც აშკარა მიუკერძოებლობა აქამდე მანიჭებდა..

სასოწარკვეთილებაში მფოფმა საქართველოს პრეზიდენტმა საბოლოოდ სცადა შეტევაზე გადმოსვლა: „თუ არ დაელაპარაკები მათ, ყველაფერს დალეწავენ“. ვუპასუხე – „დალეწონ თუ უნდათ. მე სიტყვა მივეცი და ამას არ დავარღვევ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსულმა ტანკებმა დატოვონ თქვენი ტერიტორია რაც შეიძლება სწრაფად.“

ვიცოდი, რომ ჩემი უმცირესი გამოსვლა, საჯარო იქნებოდა ეს თუ კერძო, მილიმეტრული სიზუსტით იქნებოდა მოსკოვის მიერ მიყურადებული. ერთი წამით არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩემი დილანდელი სადილის მოსაუბრეებს ყველა ტექნიკური და ადამიანური საშუალება ექნებოდათ რომ ზუსტად გაეგოთ რა ხდებოდა თბილისში. „შერპა“

მხოლოდ შუაღამის 12 საათზე გადავედით საუბრის არსზე. განვუმარტე, რომ ან ქართველები დათანხმდებოდნენ ჩემს გეგმას, ან ბრძოლები განახლდებოდა, თბილისი დაეცემოდა და დასრულდებოდა დამოუკიდებელი საქართველო. სააკაშვილმა უარი თქვა და ბოლომდე გაჭირვეულდა საერთაშორისო მოლაპარაკებების შექმნის საკითხზე, სადაც განხილული იქნებოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალი სტატუსი. ეს მისი მხრივ შეცდომა იყო, რადგან ეს იყო ირიბი გარანტია იმისთვის რომ ამ ორი ტერიტორიის რუსეთის მიერ დე ფაქტო ოკუპაცია არ ყოფილიყო იურიდიულად აღიარებული.

ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები. დილის პირველ საათზე გადავწყვიტე დამერეკა მედვედევისთვის, რათა დამერწმუნებინა რომ უარი გვეთქვა საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ამ ორი რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთის არმიას შეეძლო იქ დარჩენილიყო. მან მადლობით დაიწყო იმისთვის, რასაც და როგორც ვაკეთებდი. ჩანდა, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო. ქართული სისტემა უსაზღვროდ უფრო გამტარი იყო, ვიდრე ჩემს მასპინძლებს წარმოედგინათ.

ჩემდა გასაოცრად, ის დიდი საუბრის გარეშე დათანხმდა ჩემს თხოვნას და ამასთან დამიზუსტა, რომ ბრძანება გადასცა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოემზადონ უკან დასახევად. ეს იყო საუკეთესო და მოულოდნელი ამბავი. ამგვარად დილის ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მუდმივი ხდებოდა.

დილის სამ საათზე მქონდა პრესკონფერენცია საქართველოს პარლამენტის ბაღში. ატმოსფერო იყო უცნაური, არარეალური, ერთდროულად ეიფორული და სტრესული.

ევროპა ახალი ცივი ომის მოლოდინში და მერკელ-სარკოზის პოზიცია

საქმე ჯერ მთლიანად არ იყო დასრულებული. მე ჯერ ჩემი ევროპელი კოლეგები უნდა დამერწმუნებინა, რომ საუკეთესო შეთანხმებას მივაღწიეთ, შესაძლებლის ფარგლებში. თუმცა ეს არ იყო აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების ნაწილის აზრი, რომელთაც აუცილებლად უნდოდათ რუსებთან ბრძოლა და არ ეშინოდათ ცივი ომის დაბრუნების, რაც მე არაფრის ფასად არ მინდოდა.

პირველ სექტემბერს მოვიწვიე ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა ბრიუსელში და ანგელა მერკელის დახმარებით დიდი ბრძოლით გავიტანეთ გადაწყვეტილება და შევძელით ევროპელი დამკვირვებლების განლაგება ქართველებს და რუსებს შორის ფრონტის ბოლო ხაზზე. ამის შემდეგ, და მე ვიტყოდი, რაც მთავარია, უნდა მიმეღწია რუსეთის ჯარების სრული გაყვანისთვის.

იძულებეული გავხდი 8 სექტემბერს კვლავ ჩავსულიყავი მოსკოვში, რათა მედვედევისგან მომეთხოვა ზუსტი და შეთანხმებული კალენდარი. საგარეო საქმეთა მინისტრ, ძალიან აგრესიულ ლავროვთან ძალადობრივი დავის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპელი დამკვირვებლების ჩასვლიდან თხუთმეტი დღის შემდეგ რუსები გავიდოდნენ.

2008 წლის დასასრულს, საქართველომ გადაარჩინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. რუსი სამხედროები აღარსად იყვნენ, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა, მაგრამ შეგახსენებთ რომ ისინი იქ უკვე კონფლიქტამდეც იმყოფებოდნენ.

ევროპამ შეძლო ერთიანობის შენარჩუნება და პირველიდან ბოლო დღემდე კრიზისის მართვის არქიტექტორობა. მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო ევროპელების და არა ამერიკელების მიერ. ეს ჩვენი გავლენის რეგიონია და არა მათი.

ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ გაართულებდა საქმეს და ქართულ კონფლიქტს რუსულ-ამერიკულ შეტაკებად გადააქცევდნენ. ისინი გვენდნენ და დაგვიჭირეს მხარი და მე ჯორჯ ბუშის მადლიერი ვიყავი ამისთვის.

დაბოლოს, და პარადოქსულად, ჩემი ნდობის ურთიერთობა რუს მმართველებთან თვალშისაცემად კონფორტული, მეტიც – გაძლიერებული გამოვიდა. პუტინმა სიტყვა შეასრულა და მედვედევის როლიც ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალო ფიგურანტისა. ჩვენ შეგვეძლო და ვალდებულიც ვიყავით ამიერიდან ნდობა გვქონოდა მათი.

ჩემი შთაბეჭდილება პრეზიდენტ სააკაშვილზე უფრო ნიუანსური იყო. ეს იყო ხარისხიანი კაცი, რომელსაც ჰქონდა ნამდვილი ხედვა. ამასთან, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოლიგლოტი, რომელიც როდესმე მინახავს. მაგრამ ის ორმაგად მოტყუვდა.

პირველი, როცა წარმოიდგინა რომ ამერიკის შეერთებული შტატები ომში ჩაებმებოდა მის დასაცავად. რამდენიმე ამერიკელმა საპასუხისმგებლო პირმა უთხრა მას ეს.

კარგად რომ დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა რომ ეს მხოლოდ ზერელე სიტყვები იყო. და შემდეგ, მას ძალიან გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა თავის ძალებზე. ორი შეცდომა ერთდროულად, ბევრი აღმოჩნდა, უდაოდ ზედმეტი! ეს იყო ჩემი პირველი ქარიშხალი ევროპის კავშირის პრეზიდენგტის რანგში. მე ბედნიერი ვიყავი ამ ახალი დიპლომატიური წარმატებით. მტკიცებულება არსებობდა, რომ როცა ევროპა მოინდომებდა, ის შეძლებდა კიდეც !

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way