USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
სარგის კაკაბაძე - ქართული ისტორიოგრაფიის თავკაცი
Date:  2037
გამოჩენილ ქართველ მეცნიერს - სარგის ნესტორის ძე კაკაბაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის, როგორც საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის დოკუმენტური და თხრობითი წყაროების გამომცემელსა და მკვლევარს. თვალსაჩინოა მისი როლი საქართველოს ისტორიის შემსწავლელი სპეციალური საისტორიო დისციპლინების - პალეოგრაფიის, ნუმიზმატიკის, გენეალოგიის, ქრონოლოგიის, მეტროლოგიის, ისტორიული დემოგრაფიის, აგრეთვე ძველი ქართული საერო ლიტერატურის, კერძოდ, რუსთველოლოგიის და საკანონმდებლო ძეგლების პუბლიკაციისა და კვლევის საქმეში.
 
1916 წელს გაზეთი „სახალხო ფურცელი“ თავის ერთ-ერთ ნომერში მკითხველებს მოუთხრობდა თანამედროვე ქართველ ისტორიკოსთა და მხატვართა საქმიანობაზე. ამ მოღვაწეთა შორის მოხსენიებული იყო სრულიად ახალგაზრდა ისტორიკოსი და ფილოლოგი
სარგის კაკაბაძე, რომლის პირველმა მეცნიერულმა პუბლიკაციებმა და გა მოკვლევებმა იმთავითვე დაიმსახურეს საერთო ყურადღება.
ახალგაზრდა მეცნიერი, რომელმაც განათლება ვენისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში ალფ. დოფშის, ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვა გამოჩენილი მეცნიერების ხელმძღვანელობით მიიღო, 1911 წელს სამშობლოში დაბრუნდა და გატაცებით დაიწყო საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი საკითხების კვლევა.
 
ოციანი წლებისთვის ს. კაკაბაძე უკვე მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორი იყო. მისი ძველი და აგრეთვე ახალი საუკუნეების (მაშინდელი გაგებით, XV–XX სს.) „საქართველოს ისტორიები“ იმ დროისათვის საუკეთესო სახელმძღვანელოებად იყო მიჩნეული ჩვენს სასწავლებლებში.
ამ პერიოდში ს. კაკაბაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, რომელსაც თავადვე განაგებდა 1921–1926 წლებში.
 
ახალგაზრდა მეცნიერმა დიდი ენერგია მოახმარა საქართველოს ისტორიული სიძველეების გადარჩენას. მან ძალზე ბევრი გააკეთა 1915 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს თბილისიდან ჩრდილოეთ კავკაიაში გატანილი საარქივო მასალების მოსაძიებლად და დასაბრუნებლად, რის შედეგადაც მრავალი ძვირფასი საისტორიო წყარო სამუდამო დაღუპვას გადაურჩა. 1923–1934 წწ. სარგის კაკაბაძე, როგორც რესპუბლიკის განათლების სახალხო კომისარიატთან არსებული სიძველეთა, ხელოვნების და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი, დიდ მუშაობას ეწეოდა საქართველოს საისტორიო ძეგლების დაცვისათვის. უამრავი საარქივო მასალა მოგვითხრობს იმ ძნელსა და არცთუ უხიფათო საქმიანობაზე, რომელსაც მეცნიერი ეწეოდა ანტირელიგიური კამპანიის დროს.
 
ამასთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი სწერდა ს. კაკაბაძეს: „ძალიან სასიამოვნოა, რომ სიძველეთა დაცვის შესახებ ჯგუშიასთან (სახალხო კომისარიატის რწმუნებული აკადემიური საქმეთათვის – შ. ბ.) მოგილაპარაკნიათ, რადგან საქმე საშურია, შველა კი არსაითგანა ჩანს. რაჭიდან ჩამოსულმა ერთმა რუსმა მიამბო, რომ იქ ანადგურებენ უძვირფასეს ხატებს და საეკლესიო ძეგლებს. ამას ადგილობრივი კომისრები ხედავენ და არავითარ ყურადღებას არ აქცევენ“.
 
20-იანი წლების ბოლოდან ს. კაკაბაძე უმთავრესად პედაგოგიურ სამუშაოებზეა. ლექციებს კითხულობს თბილისის უნივერსიტეტში, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1945–1961 წწ. იგი კვლავ საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში, ძველი აქტების განყოფილების გამგედ და მეცნიერ თანამშრომლად მუშაობს. 1937 წ. განათლების სახალხო კომისარიატმა პროფესორის წოდება მიანიჭა.
სარგის კაკაბაძე გარდაიცვალა 1967 წლის 2 აპრილს. იგი თავისი ძმის, დიდი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის გვერდით დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
 

(მარცხნიდან მარჯვნივ) არტემი, სარგისი, დავით კაკაბაძეები, თბილისი, 1941 წ.

ს. კაკაბაძემ მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა, მარტო მისი გამოქვეყნებული ნაშრომები, მათ შორის წიგნები, სამასს აღემატება.
ჩვენი საუკუნის დამდეგს, როდესაც ს. კაკაბაძე სამეცნიერო სარბიელზე გამოვიდა, უახლესი ქართული ისტორიოგრაფია ის იყო ფეხს იდგამდა. ეს პროცესიც, ცხადია, ძიებების, მძაფრი შემოქმედებითი დისკუსიების ატმოსფეროში მიმდინარეობდა. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის გააზრებაში უთანხმოება თავს იჩენდა ქართული ისტორიოგრაფიის მაშინდელ თავკაცებს ივ. ჯავახიშვილსა და ს. კაკაბაძეს შორისაც. მაგრამ ეს იყო არსებითად პრინციპული უთანხმოება ცალკეულ საკითხებზე, თორემ მათ შესანიშნავად ჰქონდათ წარმოდგენილი ერთმანეთის დამსახურება და ავტორიტეტი.
 
თავისი მოღვაწეობის დასაწყისიდანვე ს. კაკაბაძე უმთავრესად გატაცებული იყო საქართველოს ისტორიის წყაროების გამოვლენითა და გამოცემით. მან გამოაქვეყნა უამრავი პირველხარისხოვანი საისტორიო მასალა, მათ შორის „საისტორიო საბუთები“ (5 ტომად, 1913 წ.), „დასავლეთ საქართველოს საისტორიო საბუთები“ (ორ ტომად, 1920 წ.) და სხვა.
 
ს. კაკაბაძის მუშაობას ქართული დოკუმენტური ძეგლების მოძიება-პუბლიკაციის საქმეში ის დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ შემდეგში ბევრი მის მიერ წარსულში გადაწერილი და გამოცმული საბუთის დედანი სამუდამოდ დაიკარგა (უმთავრესად 1915 წ. ევაკუაციის დროს). ამგვარ ძეგლებს მიეკუთვნება, მაგალითად, ნიკორწმინდის ცნობილი საბუთი, დავით აღმაშენებლის შიომღვიმისათვის ბოძებული სიგელი და სხვა, რომელთა წყაროთმცოდნეობითი და კულტურულ-ისტორიული ღირებულება განუზომლად დიდია.
 
ს. კაკაბაძემ რუსულ ენაზე თარგმნა და გამოსცა ქართული კლასიკური ხანის საბუთები, საგანგებოდ იკვლევდა ქართული დიპლომატიკის თეორიულ პრობლემებს. აღსანიშნავია, მაგალითად, ს. კაკაბაძის მიერ ე. წ. სასისხლო სააბუთების ინტერპრეტაცია, რომელსაც ისტორიკოსები ამჟამად არსებითად იზიარებენ.
 
მანვე გამოაქვეყნა ათეულობით მასალა საქართველოს სხვადასხვა მხარის სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივი და დემოგრაფიული ვითარების შესახებ; საერო და სასულიერო სენიორიების საქონებელთა დავთრები და აღწერილობები, რასაც დიდი ღირებულება აქვს საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა ისტორიის შესასწავლად. ამ პუბლიკაციათა შორის, თავისი მოცულობითა და მნიშვნელობით, განსაკუთრებული ადგილი უკავია შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოს მასალებს.
 
ს. კაკაბაძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საკანონმდებლო ძეგლების პუბლიკაციას. მას ეკუთვნის ისეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლების პირველი გამოცემები, როგორიცაა: მეფის კურთხევის წესი, გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება, კათალიკოსის სამართალი...
ნაყოფიერად იკვლევდა ს. კაკაბაძე საქართველოს ისტორიის წყაროებს, კერძოდ, „ქართლის ცხოვრების“ ისტორიკოსებს. თავდაპირველად იგი ამ ძეგლის არქაულ ნაწილს XI ს. შედგენილად თვლიდა,მოგვიანებით კი უფრო ადრული საუკუნეების ქმნილებად მიიჩნევდა. ეს თვალსაზრისი, რომელიც თავდაპირველად ისტორიკოსთა ერთი ჯგუფის მკაცრ კრიტიკას იწვევდა, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტ მომხრეს იძენს.
იგივე ითქმის ს. კაკაბაძის კიდევ ერთ თვალსაზრისზე, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ არქაული ნაწილის ინფორმაციის სამეცნიერო ღირებულების საკითხს ეხება. მაშინაც კი, როცა სხვანი ძველ მატიანეთა ინფორმაციას არ ენდობოდნენ და ფარნავაზსაც კი ზღაპრულ პიროვნებად თვლიდნენ, ს. კაკაბაძე დაჟინებით ცდილობდა ამ ცნობებში ჭეშმარიტების ამოცნობას. ამჟამად ეს შეხედულება ახალი, უმეტესწილად არქეოლოგიური მასალების ფონზე, საყოველთაოდაა აღიარებული.
 
ს. კაკაბაძეს ორიგინალური დაკვირვებები ჰქონდა დავით აღმაშენებლის და თამარის ისტორიკოსების ვინაობაზე, შეისწავლა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. არსენი საფარელის და ბასილი ზარზმელის თხზულებათა დათარიღებისა და სტრუქტურის საკითხები.
ს. კაკაბაძემვე გამოსცა შუა საუკუნეების ძეგლები „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, „ასურელ მამათა ცხოვრების არქეტიპები“ და სხვა. 1925 წ. მის მიერ გამოცემული XVII ს. ცნობილი ავტორის ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია დღემდე ამ ძეგლის ყველაზე ვრცელ პუბლიკაციად რჩება.
 
მეცნიერმა ნაშრომების მთელი სერია უძღვნა საქართველოს ისტორიის სპეციალურ საისტორიო დისციპლინებსაც. მისი გამოკვლევები პალეოგრაფიაში, ნუმიზმატიკაში, ქრონოლოგიაში, გენეოლოგიასა და მეტროლოგიაში სხვათა შრომებთან ერთად ქმნიან ზემოხსენებულ დარგთა ისტორიოგრაფიულ ბაზას. ს. კაკაბაძე 20-იანი წლებიდანვე ცდილობდა ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის სქემის მოხაზვას.
 
მის იმდროინდელ შრომებში კარგად აისახა მაშინდელი მსოფლიო და განსაკუთრებით საბჭოთა ისტორიოგრაფიის თეორიული შეხედულებები. ს. კაკაბაძის ნაშრომებში იმთავითვე თავს იჩენდა სურვილი, ახალ მეთოდოლოგიურ მიჯნებზე გაეყვანა ქართველი მედიევისტიკა...
მან ვრცლად შეისწავლა საქართველოში სახელმწიფოებრიობის გენეზისი და სახელმწიფოებრივი ფორმების წარმოშობა გვაროვნული წყობილების რღვევის პროცესს დაუკავშირა.
 
ს. კაკაბაძემ ჯერ კიდევ 1912 წ. სცადა გაერკვია სათავადოების აღმოცენების დროისა და სათავადოს არსის საკითხი. ავტორმა სათავადოები მაშინდელი საზოგადოებრივი ურთიერთობების, ფეოდალიზაციის პროდუქტად მიიჩნია. აღნიშნული დებულება აშკარა სიახლე იყო.
 
მეტად ფართო იყო მეცნიერის ინტერესები გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაში. ამ მხრივ მისი დამსახურება სრულიად განსაკუთრებულია. 20-იანი წლების დამდეგს ს. კაკაბაძე ცდილობდა გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიული განვითარების სურათი მსოფლიო ისტორიული პროცესების ფონზე გაეზიარებინა, რამაც იმ ხანებისათვის მრავალი პოზიტიური დაკვირვება შეაპირობა.
 
ამ თემას ეხებოდა ს. კაკაბაძის ნაშრომთა ციკლი, კერძოდ, საქართველოს ახალი საუკუნეების ისტორიები, მონოგრაფია ერეკლე მეორეზე, ვრცელი ნარკვევი საფრანგეთის სავაჭრო კაპიტალის აქტიურობაზე ჩვენში და სხვა. ამ მხრივ უმდიდრეს ფაქტიურ მასალას შეიცავს მისი ნაშრომი „საქართველოს ეკონმიკური ვითარების შესახებ მე-18 საუკუნეში“, სადაც პირველად იქნა ასე მასშტაბურად ნაჩვენები ეკონომიკური რეგრესის სურათი შუა საუკუნეთა ბოლო ეტაპის საქართველოში.
 
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მეცნიერი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მრავალტომიანი „საქართველოს ისტორიის“ შექმნა-დასრულებას, რომლის ხელნაწერებიც, სხვა მრავალ ნაშრომთან ერთად, კარგა ხანია განსვენებული მეცნიერის მაგიდასა და თაროებზე აწყვია.
სარგის და დავით კაკაბაძეების ქუჩაზე მდებარე სახლში, სადაც სახელოვანი ძმები ცხოვრობდნენ, დაცულია უმდიდრესი სამეცნიერო არქივი...
ჩვენი მეცნიერები და გამომცემლები რაც შეიძლება მალე უნდა დაინტერესდნენ ამ ძვირფასი მასალით და დღის სინათლეზე გამოიტანონ იგი.
 
შოთა ბადრიძე
( წინასიტყვაობა სარგის კაკაბაძის წიგნისა – კრწანისის ომი)
 
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way