USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
Тбилиси
საქსტატმა მოსახლეობის აღწერის ვადა გაახანგრძლივა - "მოქალაქეთა ნაწილი კარს არ აღებს"
дата:  121

საქსტატმა მოსახლეობის აღწერის ვადა 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა და ამასთან, დღეიდან, კვლავ ხელმისაწვდომი გახდება თვითრეგისტრაციის პორტალი. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიმდინარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე გამოიკითხა 3 მილიონზე მეტი მოქალაქე.

თოდრაძის განცხადებით, პროცესს აფერხებს ის, რომ თბილისში, მოქალაქეების ნაწილი აღმწერებს კარს არ უღებენ, ასევე, ზოგიერთ რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური პირობები.

"როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ნოემბრიდან საქართველოში მიმდინარეობს მოსახ­ლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა.

აღწერას ატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი, რომლის მიზანია მოსახ­ლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურისა და დემოგრაფიული მდგომარეობის ამსახველი დეტალური მონაცემების შეგროვება.

პირველად, ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში, აღწერა ტარდება ელექტრონულად, თა­ნა­მედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

თავდაპირველად, პირველ ეტაპზე, 14-დან 28 ნოემბრის პერიოდში, მონაცემები შეგროვდა თვით­რეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით, ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან დღემდე) - კარდაკარის პრინციპით, პლან­­შეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. ამასთან, მაღალ­მთიან და ძნელად მისადგომ დასახლებებში, აღწერა ჩატარდა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

დღეის მდგომარეობით აღწერის ფარგლებში გამოიკითხა 3 მილიონზე მეტი მოქალაქე. პრო­ცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც, რომლის დასრულებასაც სჭირდება კიდევ რამ­დენიმე დღე. აქედან გამომდინარე, საქსტატმა მიიღო გადაწყვეტილება აღწერის კიდევ რამ­დენიმე დღით გახანგრძლივების შესახებ და შესაბამისად, პროცესი გაგრძელდება მიმდინარე თვის ბოლომდე.

აღსანიშნავია, რომ აღწერის მიმდინარეობისას მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვა­დასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს (აღმწერს), რაც გარკვეულწილად აფერხებდა პროცესს. მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა.

აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა თხოვნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეიდან, 20 დეკემბრიდან კვლავ გავხსნათ აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რომლის მეშვეო­ბი­თაც აღწერის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, სახლში ინტერვიუერის ვიზიტის გარეშე შეავსონ ელექტრონული კითხვარი.

აღწერაში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მო­ნაცემები მკაცრად კონფიდენციალურია, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით და გა­მოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, აღწერები ქვეყანაში ტარდება 10 წელიწადში ერთხელ. წინა აღწერა ჩატარდა 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სწორედ ამიტომ ტარდება აღწერა მიმდი­ნარე წლის იმავე პერიოდში.

აღწერის ჩატარება მიმდინარე წელს გამომდინარეობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეკომენდაციებიდან, რომლის მიხედვითაც ის აუცილებლად უნდა ჩატარე­ბუ­ლიყო 2024 წლის ბოლომდე.

აღწერის ჩატარება მიმდინარე წლის ბოლომდე გათვალისწინებულია ასევე ევროკავ­შირ­თან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმით.

ამასთან, აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები საქსტატმა დაიწყო 2021 წლიდან, რაც ითვალის­წინებდა ციფრული კარტოგრაფიის რუკების შედგენას, მეთოდოლოგიურ სამუშაოებს, კითხვარის შემუშავებას, პროგრამული უზრუნველყოფის მომზადებას, საცხოვრებელი შენობა ნაგებობების შემოვლას და მასში ფაქტიურად მცხოვრები მოსახლეობის სიითი შემადგენლობის განსაზღვრას.

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მოსახლეობის აღწერა არ გულისხმობს მხოლოდ მოსახ­ლე­ო­ბის რიცხოვნობის განსაზღვრას.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, აღწერის ფარგლებში გროვდება მონაცემები მოსახ­ლეობის საბინაო პირობების და საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეების შესახებ. აღწე­რის შედეგად ასევე მიიღება ინფორმაცია, მოქალაქეობის, ეროვნების, აღმსარებლობის, განათ­ლების დონის, დასაქმების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მოქალაქეთა სარგებლობაში არსე­ბული მიწის ნაკვეთების სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობისა და სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

აღწერის კითხვარი თავიდან ბოლომდე შემუშავებულია საერთაშორისო რეკომენ­დაციე­ბის, კერძოდ UNECE-ს და FAO-ს მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც ხელმძღვანელობს მთელი მსოფლიო. ამასთან, მიმდინარე აღწერის კითხვარი მსგავსია წინა აღწერისა. ასე, რომ აღწერის კითხვარი აერთიანებს მხოლოდ და მხოლოდ იმ კითხვებს, რაც მოცემულია საერთა­შო­რისო მე­თო­დოლოგიების მიხედვით (UNECE).

უნდა გვახსოვდეს, რომ აღწერა წარმოადგენს ერთადერთ წყაროს, უმცირესი ადმინისტრა­ციული ერთეულების (ქალაქების, სოფლების) მიხედვით, აღნიშნული მონაცემების შესაგრო­ვებლად, რაც ნებისმიერი მომხმარებლისთვის წარმოადგენს საფუძველს, ბიზნეს თუ ინდი­ვი­დუა­ლური გადაწყვეტილებების მისაღებად.

აღწერა გახლავთ უდიდესი მასშტაბის სტატისტიკური გამოკვლევა, რომელსაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ატარებს საქსტატის 12 ათასზე მეტი მუდმივი თუ დროებითი თანამ­შრო­მელი. მათ შორის არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც უკვე რამდენიმე ათეული წელია კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ემსახურებიან სამშობლოს. ბევრ მათგანს რამდენიმე აღწერაში მუშაობის გამოცდილებაც კი აქვს. აღმწერებს შორის არიან ასევე სტუდენტები, გამორჩეული უნარების მქონე მოტი­ვირებული ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე იმ­ყო­ფებიან. საქსტატი 5 თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს აღნიშნული პიროვნებების შერ­ჩევის და გადამზადების მიმართულებით.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობისთვის, მოთმინებისა და პროფესიონალიზმისთვის! თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აღწერის წარმატებით განხორციე­ლე­ბაში.

კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო: როგორც მოგეხსენებათ, აღწერის ფარგლებში მონა­ცემთა შეგროვება დავიწყეთ 14 ნოემბრიდან და გრძელდება დღესაც. რასაკვირველია ერთ და 2 დღეში შეუძლებელია მთელი ქვეყნის მოსახლეობის აღწერა და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ამას სჭირდება რამდენიმე თვე.

ამ პერიოდში მოსახლეობის სტრუქტურა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. უფრო მეტიც, მოსახლეობის დემოგრაფიული სურათი იცვლება ყოველდღიურად, ადამიანები იბადებიან, კვდებიან, ქორწინდებიან, განქორწინდებიან, იცვლიან თავიანთ სოციალურ მდგომარეობას, გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეში. ყოველი დღის ბოლოსათვის მოსახლეობა უკვე ის არ არის, რაც დილისათვის იყო.

ამიტომ, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ აღწერის ფარგლებში მონაცემთა შეგროვება თითქმის 2 თვე გრძელდება, ფაქტების რეგისტრაცია ხდება კონკრეტული თარიღის მიხედვით, რომელსაც სტატისტიკოსები, დემოგრაფები „კრიტიკულ მომენტს“ ვეძახით. მოსახლეობის აღწერის კრიტიკული მომენტის დადგენა შესაძლებლობას იძლევა მიღებულ იქნეს მოსახლეობის მომენტალური სურათი. ასეთ თარიღად მიჩნეულია აღწერის დაწყების პირველი დღე, ანუ ჩვენს შემთხვევაში 14 ნოემბერი. სწორედ ამას უკავშირდება ინტერვიუერის მიერ დასმული კითხვა, 13-14 ნოემბრის ღამის 12 საათის მდგომარეობით, მოცემულ დასახლებულ პუნქტში ოჯახის წევ­რების ყოფნის შესახებ. და რატომ ღამის 12 საათის მდგომარეობით - იმიტომ, რომ მოსახლეობას აღწერენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ადამიანთა უმრავლესობა შუაღამისას იმყოფება სახლში.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოსახლეობის აღწერა კვლავ გაგრძელდება კიდევ რამდენიმე დღით. ამასთან, დღეიდან უკვე გაიხსნა თვითრეგისტრაციის პორტალი, რაც თითოეულ მოქალაქეს მისცემს აღწერის ელექტრონული კითხვარის დამოუკიდებლად შევსების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში საქსტატის ინტერვიუერის სახლში მიღება აღარ იქნება საჭირო. ამისათვის უნდა შეხვედით საქსტატის ვებსაიტზე - geostat.ge, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია, შეავსოთ აღწერის ელექტრონული კითხვარი, რომლის გადაგზავნის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებთ კოდს, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რესპონდენტს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად თუ ინტერვიუერთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით მონაწილეობა მიიღო აღწერაში.

მინდა მივმართო და აღწერაში მონაწილეობისკენ მოვუწოდო იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ არ ჩართულა აღწერაში.

გახსოვდეთ, რომ ამ მონაცემებს ვაგროვებთ ისევ და ისევ თქვენთვის, რათა მიიღოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

აღწერის შედეგები 2025 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი",- განაცხადა თოდრაძემ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати