USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არიან
Date:  636

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არიან.

საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, რომელის „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარში, 313.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია. ამასთან, 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა და უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (34.4 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (27.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (26.9 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება იმპორტს, პირველ სამეულში შედის: ჩინეთი (99.6 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (92.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (55.6 მლნ. აშშ დოლარი).

„2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 76.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: ჩინეთი (126.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (114.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (86.2 მლნ. აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 49.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 24.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 23.3 მლნ. აშშ დოლარით (10.4 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობის აირების და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების სახით, რომლის იმპორტმა 46.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის 40.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 36.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი)”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ექსპორტს რეექსპორტის გარეშე, ანუ ადგილობრივ ექსპორტს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის იანვართან შედარებით 6.4 პროცენტით შემცირდა და 166.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2021 წლის იანვარში ადგილობრივმა ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 74.1 პროცენტი შეადგინა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way