USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
"საქსტატი" - მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-16 ადგილზეა
Date:  

სოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-16 ადგილზეა.

მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების შესაფასებლად, მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად სტატისტიკური ეფექტურობის ინდიკატორებს (Statistical Performance Indicators – SPI) ანგარიშობს. აღნიშნული მაჩვენებლები წარმოადგენენ ქვეყანაში არსებული სტატისტიკის სისტემის ეფექტიანობის შეფასებისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას.
 
მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემების მიხედვით, რომელიც 2022 წელს ეხება, სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების მიხედვით მსოფლიოში პირველ სამეულს - ფინეთი, ნორვეგია და კანადა იკავებდა, რომელთა სტატისტიკის სისტემაც 100-დან 93 ქულით შეფასდა.
 
საქართველო რეიტინგში მე-16-ე ადგილზეა - 90,7 ქულით და უსწრებს ევროკავშირის 15 ქვეყანას (ავსტრია, ესტონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ბელგია, ლატვია, საბერძნეთი, ლიეტუვა, უნგრეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია და მალტა). ამასთან, ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-14 ადგილს იკავებს, ხოლო რეგიონში ლიდერობს და პირველ ადგილზეა.
იმავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ისლანდია და ისრაელი.
 
მსოფლიო ბანკის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ხორციელდება, რომელიც 5 მიმართულებას, 22 განზომილებასა და 50-ზე მეტ ინდიკატორს აერთიანებს. შეფასება ეფუძნება ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული მონაცემები, მათი დისაგრეგაციის დონე და ხარისხი, სტატისტიკური სერვისები და მისი გამოყენება, მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, წყაროები, კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა.
 
მსოფლიო ბანკი აღნიშნულ შეფასებას დამოუკიდებლად, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ახორციელებს. მისი მიზანია ქვეყნებში არსებული სტატისტიკის ეროვნული სისტემის მდგრადობისა და განვითარების დონის შეფასება - მომხმარებელზე ორიენტირებული, სანდო და მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის საწარმოებლად, რაც მნიშვნელოვანია გლობალური კეთილდღეობისა და პროგრესის მისაღწევად.
 
 მსოფლიო ბანკი, ქვეყნების სტატისტიკის სისტემების შეფასებას, აღნიშნული ინდიკატორების მიხედვით 2016 წლიდან ახორციელებს. 2022 წლის შეფასების ანგარიში, მეთოდოლოგია და შესაბამისი დეტალები ქვემოთ მოცემულ ბმულზეა ხელმისაწვდომი: https://www.worldbank.org/…/statistical-performance….
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way