USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
საქსტატი - იანვარში ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა
თარიღი:  365

საქსტატმა 2026 წლის იანვრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა. ეს 0.8 პროცენტული პუნქტით უფრო მეტია, ვიდრე დეკემბრის ინფლაცია.

საქსტატის თანახმად, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდ გავლენას კვლავ სურსათის ჯგუფი ახდენს, სადაც ფასები წლიურად 10.6%-ით არის მომატებული, ასევე 8.3%-ით გაიზარდა ჯანდაცვის ღირებულება, რესტორნებში, კაფეებსა და სასტუმროებში კი ფასები წლიურად 8.1%-ით არის მომატებული. უფრო დეტალურად ინფლაცია ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (14.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (9.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (9.0 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.3 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (7.7 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (37.9 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.2 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.2 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (7.8 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები, ძირითადად, გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე (6.6 პროცენტი).

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის