საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 567.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6 პროცენტით მეტია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანი წილიდან, ექსპორტი 835.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 4.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 732.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.6 პროცენტით).
„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, 1 896.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.2 პროცენტია. 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (166.6 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (100.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (97.7 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 75.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (478.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (344.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (337.9 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (486.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (416.2 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (384.3 მლნ. აშშ დოლარი)
2025 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 285.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 39.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 29.4 მლნ. აშშ დოლარით (3.5 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 326.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 202.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 პროცენტი)”-ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.
„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.
„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.