ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ექსპერტებმა საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს თანამშრომლებისთვის ბიოტექნოლოგიისა და ფარმაციის სფეროში სასწავლო სესიები ჩაატარეს. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში განხორციელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “საქპატენტი“ ავრცელებს.
„საქპატენტის“ ცნობით, სესიებზე ბიოტექნოლოგიისა და ფარმაციის სფეროში პატენტუნარიანობისა და აღწერილობის სისრულის შეფასების თავისებურებები განიხილეს. აგრეთვე, შემდეგი საკითხები: ობიექტები, რომლებიც გამოგონებად არ მიიჩნევა; ობიექტები, რომლებზეც არ გაიცემა პატენტი; საპატენტო ძიების ინსტრუმენტები და სტრატეგიები; ეფექტურობის დამადასტურებელი მონაცემებისა და კლინიკური გამოცდების შედეგების წარმოდგენასა და დასაშვებობასთან დაკავშირებული ასპექტები.
„სესიებზე ინტერაქციულ რეჟიმში განხილული იყო ევროპის საპატენტო უწყების უახლესი პრაქტიკა და მიდგომები.
სასწავლო აქტივობის მიზანია „საქპატენტის“ თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათთვის იმ სტანდარტებისა და ინსტრუმენტების გაცნობა, რომლებიც ევროპის საპატენტო უწყების მიერ ექსპერტიზის ეტაპზე გამოიყენება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ძიება და ექსპერტიზა უზრუნველყოფილი იყოს ერთგვაროვანი სტანდარტითა და ინსტრუმენტებით.
საგულისხმოა, რომ ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში 2024 წლის 15 იანვარს შევიდა.
შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი ხდება ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/