ამ ქვეყნის კულტურა უკვე ამ დროს პრინციპულად განსხვავდებოდა ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში არსებული ბარბაროსული წეს–ჩვეულებებისგან და ის შემდგომ პერიოდში დახვეწილობის მაგალითად იქცა კიდეც. სწორედ იტალიაში მდიდარ და ცნობილ ადამიანებს უნდა მოეხდინათ კარგი მანერების დემონსტრირება, რაც უმაღლესი კლასისთვის მიკუთვნების ლამის უმთავრეს კრიტერიუმად მიიჩნეოდა. აქ ყოველნაირად
წახალისებული იყო თავაზიანობა და საზოგადოებაში საკუთარი დადებითი მხარით წარმოჩენის უნარი. ჯერ კიდევ შუასაუკუნეების იტალიაში დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ განათლებულ ადამიანებს, მაშინ როდესაც საფრანგეთში სწავლულებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ექსცენტრულებად მიიჩნევდნენ, მათ შრომასა და კვლევებს კი აგდებით ეკიდებოდნენ.
საქმიანი ეტიკეტის ჩანასახები შეიძლება ვიპოვოთ მეფის კარზე მიღებული წესების ნებისმიერ კომპლექტში: სამეფო წარმოშობის პირთა თანდასწრებით თავისუფლად მოქცევის უფლებას თავს ცოტა თუ მისცემდა – ამისთვის შეიძლება საკუთარი სიცოცხლითაც კი ეგოთ პასუხი.
ნათესაობა დიპლომატიასთან
სამეფო კარის ეტიკეტის კვალდაკვალ დიპლომატიური ეტიკეტიც გაჩნდა – ის თამამად შეგვიძლია საქმიანი ეტიკეტის უფრო „ახლო ნათესავად“ მივიჩიოთ. შეხვედრების დროს ქვეყნების მმართველებსა ან უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს სახელმწიფო ინტერესებიც უნდა დაეცვათ და იმავდროულად, მოსაუბრის მენტალობა და კულტურული ფასეულობებიც გაეთვალისწინებინათ.
საქმიანი ურთიერთობები მრავალრიცხოვან საერთაშორისო კონტაქტებს გულისხმობს, ამიტომ ეთიკურ ნორმებზე დაყრდნობის გარეშე მისი წარმოება დაუშვებელია. შეიძლება ითქვას, საქმიანი ეტიკეტი დიპლომატიური და მაღალი წრის ეტიკეტის შეთავსების საფუძველზე ჩამოყალიბდა.
საქმიანი ურთიერთობის პროცესში, ჩვეულებრივ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქცევას, რომელსაც ადამიანი მნიშვნელოვანი შეხვედრისა თუ მოლაპარაკების დროს იჩენს, მისი ჩაცმის მანერას, საუბრის სტილს, ოპონირების მეთოდებსა და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ არის სამსახურეობრივი და სამუშაო ადგილები ორგანიზებული. ნებისმიერ ქვეყანაში საქმიანი ეტიკეტის აუცილებელი შემადგენელია კეთილგანწყობა, თავაზიანობა, ტაქტიანობა, პუნქტუალობა, ზრდილობა, სიტყვისადმი ერთგულება, მოსმენის უნარი და თავის დაჭერის უნარი კონფლიქტურ სიტუაციებში.
საქმიანი ეტიკეტის თავისებურებები სხვადასხვა ქვეყნებში
საქმიან, ისევე როგორც, მაღალი წრის ეტიკეტში, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინება. მაგალითად, ინგლისში XVI საუკუნეში, როდესაც სამეფო ტახტზე მეფე ჰენრიხ VII იჯდა, სადილზე მოწვეული სტუმრები სახლში შესვლისას ვალდებულნი იყვნენ ეკოცნათ სახლის პატრონის, მისი მეუღლის, ბავშვების და შინაური ცხოველებისთვისაც კი. ხოლო ვრცელდებოდა თუ არა ეს წესი მსახურებზე, ამის შესახებ ისტორია დუმს.
თანამედროვე თურქეთში საქმიანი ეტიკეტის ფარგლებში მიღებულია სტუმრებისა თუ ბიზნეს–პარტნიორების დაპატიჟება აბანოში. იაპონელები კი, საზეიმო სადილსა თუ ვახშამზე, ბოდიშებით აგავსებენ მოკრძალებული სუფრის გამო – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგიდაზე თავზესაყრელად
იქნება ყველაზე ძვირი კერძები და დელიკატესები. ამ ბოდიშებით იაპონელები სტუმრებისადმი პატივისცემის ხაზგასმას ცდილობენ.
ინგლისში ქალბატონები პირველი ესალმებიან მამაკაცს, თუ მას ქუჩაში შეხვდნენ. ეს ჩვეულება ქალბატონებს უფლებას ანიჭებს, თავად გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა ამა თუ იმ ადამიანთან ნაცნობობის საჯაროდ აღიარება. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში წასვლისას ყველასთან პირადად დამშვიდობებაა მიღებული, ხოლო თუ ძალიან ბევრი სტუმარია თავშეყრილი, საკმარისია მხოლოდ მასპინძლებთან დამშვიდობება. საინტერესოა, რომ ამ ჩვეულებას ყველგან „ინგლისურად წასვლას“ უწოდებენ, თავად ბრიტანელებმა კი „ფრანგულად წასვლა“ უწოდეს.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.