USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
საქართველოში პირველი არჩევნები პროპორციული წესით 101 წლის წინ ჩატარდა
дата:  1395
ზუსტად 101 წლის წინ, 1919 წლის 14 თებერვალს საქართველოში ჩატარდა პირველი თავისუფალი, დემოკრატიული და პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც 15 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
1919 წლის 14,15,16 თებერვალს საქართველოში გაიმართა დამფუძნებელი კრების პირველი არჩევნები, რომელიც ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდა განსაკუთრებული.თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით პროგრესული საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარებულ მრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს მოქალაქეებმა, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, რაც მაშინ განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივ მოვლენად არ მიიჩნეოდა.
 დამფუძნებელი კრების არჩევნებში თავისი პოლიტიკური ნება ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტმა გამოხატა. მათ არჩევანი 15 პოლიტიკურ სუბიექტს შორის გააკეთეს.
 15 პარტიის საკანდიდატო სიაში სულ 600 კანდიდატი იყო წარდგენილი. მათგან ყველაზე მეტი, 130 კანდიდატით მონაწილეობდა არჩევნებში „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია“, ხოლო ყველზე ცოტა, ერთი კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი „შოთა რუსთაველის ჯგუფს“.

ეს არჩევნები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, ქართველმა ქალებმა ბევრ დასავლურ ქვეყანაზე ადრე მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მაგალითისთვის, აშშ-ში ქალებმა ეს უფლება 1920 წელს, ხოლო დიდ ბრიტანეთში 1928 წელს მიიღეს. 15 პარტიიდან სიაში ქალი კანდიდატები მხოლოდ 6 პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავდა წარდგენილი. მთლიანობაში არჩევნებში მონაწილეობდა 26 ქალი, მათგან დეპუტატი 5 გახდა. მათ შორის ერთი, ქრისტინე შარაშიძე პრეზიდიუმის მდივნადაც იქნა არჩეული.

რატომ მიმდინარეობდა არჩევნები სამი დღის განმავლობაში?

1918-1919 წლებში ქალაქებსა და მაზრებში თვითმმართველობის არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ შეუძლებელი იყო ამის ერთ დღეში დასრულება.  გადაადგილებების სათანადო საშუალებები არ არსებობდა, დასავლეთ საქართველოში ჩაწერილებს, მაგალითად, მატარებლით უნდა ემგზავრათ. სხვადასხვა ლოჯისტიკური მიზეზები შეუძლებელს ხდიდა ერთი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულიყო მსგავსი არჩევნები, რომელშიც 600 000-ზე მეტი ამომრჩეველი მიიღებდა მონაწილეობას. ამიტომ ყველა პარტიის საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ არჩევნები გამართულიყო სამი დღის განმავლობაში და მოქალაქეები დროის ამ მონაკვეთში მათთვის სასურველ დროს მისულიყვნენ საარჩევნო ბიულეტენთან. 

საარჩევნო კამპანია

საარჩევნო კამპანიის განხორციელების ძირითად საშუალებას პრესა და საჯარო შეხვედრები წარმოადგენდნენ. საარჩევნო სუბიექტები თავიანთ სარეკლამო სლოგანებს ძირითადად პარტიულ პრესაში აქვეყნებდნენ.

 დამფუძნებელი კრების არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის პოლიტიკურ მნიშვნელობას ხაზს უსვამდა მთავრობის ოფიციალური გამოცემაც. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ იბეჭდებოდა მთავრობის მიმართვები, რომლებშიც მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ:

ამ დღეს უნდა გადასწყდეს საქართველოს ბედი! თქვენ თვითონ უნდა გამოსჭედოთ იგი! „

არჩევნების დღეებში არც ერთი არ დარჩეთ შინ!“

„ყველამ მიაშურეთ საარჩევნო ყუთებს! არც ერთმა არ დაჰკარგოთ ხმა!“- მოქალაქეთა სამოქალაქო აქტივობის გასაზრდელად საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების წინ პრესამ არაერთი ამ ტიპის მოწოდება დაბეჭდა.

 რა შედეგით დასრულდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში:

საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების შედეგების გამოქვეყნება არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო. დამფუძნებელი კრების სადეპუტატო მანდატები კი ერთი მთავარი და ორი დამატებით არჩევნების შედეგად შემდეგნაირად გადანაწილდა:

საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ წარმომადგენლობით ორგანოში 102 წევრი გაიყვანა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ - 8 წევრი, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ - 6 წევრი, სომეხთა სარევოლუციო პარტიამ „დაშნაკცუთუინი“- 3 წევრი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ - 9 წევრი, საქართველოს ეროვნულმა პარტიამ - 2 წევრი. 130 კაციან დამფუძნებელ კრებაში კვოტირების გარეშე მოხვდნენ ეროვნული უმცირესობის 23 წარმომადგენელი და 5 ქალი.

ეს იყო წმინდად პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის გამოვლინება და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხასიათი. თითქმის ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და ქალი ამ პარტიიდან იყო არჩეული. ეთნიკური უმცირესობებიდან მხოლოდ 4 იყო „დაშნაკცუთუინის“ წევრი, დანარჩენი 19 სოციალ-დემოკრატები იყვნენ.

спорт
ილია სულამანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალი ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო.
ფინალურ შეხვედრამდე ილია სულამანიძემ ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი და უნგრელი შომბორ ვეგი დაამარცხა. ნახევარფინალში კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩს სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა ბექაურმა მოიპოვეს. 2023 წელს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати