„დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში:
„დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა", - წერს ის.
ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (The Times) საკვირაო გამოშვება „სანდეი თაიმსში“ (The Sunday Times) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „პუტინის „ბაიკერი-თვითმკვლელები“ ნეიტრალურ ზოლში ქაოსს იწვევენ: რუსული მოტოციკლეტური შეტევების სტრატეგია“ (ავტორი - ტომ ბოლი).
როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასში, რუსეთისა და უკრაინის საარმიო ქვედანაყოფებს შორის საკმაოდ ფართო ნეიტრალური ზოლი არსებობს, რომელშიც ჩინურ მოტოციკლეტებზე ამხედრებული რუსი ჯარისკაცები ხშირად იჭრებიან და არცთუ იშვიათად, ახალ ტერიტორიებს იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები მათ დრონებითა და ქვემეხების ცეცხლით ანადგურებენ („ფაქტიურად, რუსები თვითმკვლელობის მისიას ასრულებენ და უკან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება“, - ამბობს „თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში უკრაინელი კაპიტანი), რუსების „ახლებური საკავალერიო შეტევები“ „რკინის ცხენებით“ სულ უფრო დამახასიათებელი ხდება მოსკოვის სამხედრო სტრატეგიისთვის.
„ზაფხულის დადგომასთან ერთად რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა შემტევითი ოპარაციები გააორმაგეს. ამჟამად რუსები ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად 200-მდე „ნახტომისებურ“ იერიშებს ახორციელებემ, რაც ორჯერ და მეტად აღემატება აპრილის მაჩვენებლებს. მათგან დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ პოკროვსკის მისადგომებთან ხდება - უკრაინის ერთ-ერთ ბოლო საყრდენთან დონბასში - და ახლომდებარე ქალაქ ტორეცკთან, რომელიც უკვე დიდი ხანია ბარიერის როლს ასრულებს რუსეთის ამბიციური მიზანის რეალიზებაში, რომელიც მთელი რეგიონის ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს.
აღმოსავლეთის ფრონტზე, კონკრეტულად კი ტორეცკთან ახლოს, მოტოციკლებზე ამხედრებული რუსული ქვედანაყოფები პირველად სამი თვის წინ გამოჩნდნენ, შემდეგ კი მათი „თავდასხმები“ ყოველდღიურ მოვლენად იქცა. როგორც 33 წლის უკრაინელი კაპიტანი ევგენი ამბობს, რუსი სამხედრო ბაიკერები ფრონტის ხაზის ნეიტრალურ ზოლში დილაობით ჩნდებიან, თითო ქვედანაყოფში 10-20 ჯარისკაცით და ერთმანეთისაგან 200 მეტრის მოშორებით, წინ მიიწევენ. მათი მოძრაობა ისეთი სწრაფია, რომ უკრაინული დრონების ოპერატორები ზოგჯერ დამიზნებას ვერ ასწრებენ. სამაგიეროდ, უფრო ზუსტად მუშაობენ არტილერისტები (ნაღმმტყორცნელები), რომლებიც „რკინის ცხენებზე“ ამხედრებულ საკმაოდ ბევრ ბაიკერ ჯარისკაცს ანადგურებენ.
და მაინც, რუსები, ყოველდღიური რამდენიმე შეტევების წყალობით, გარკვეული წარმატების მიღწევას ახერხებენ და ტერიტორიებს იკავებენ, შემდეგ კი მათ დამატებითი ძალებით ამაგრებენ.
რუსეთის არმიამ მოტოციკლეტებით სარგებლობა გასულ წელს დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო ზოგიერთი პოლკი ერთგვარი ინიციატივა, შემდეგ კი მათ სხვებმაც მიბაძეს. ეს გამოწვეული იყო ქვეითი ქვედანაყოფების მზარდი დანაკარგებით, რომელთა გადაადგილება ნელი იყო და დრონები ასწრებდნენ მათ მაზანში ამოღებას და ლიკვიდირებას. მოტოციკლეტების გამოყენების იდეამ გაამართლა, ის ოფიციალურად არის შეტანილი თავდასხმის საარმიო ტაქტიკაში. ბაიკერი ჯარისკაცებისათვის ამჟამად მომზადების კურსების გავლა აუცილებელია.
მოტოციკლეტებით სარგებლობა უკრაინამაც დაიწყო, თუმცა ძირითადად მცირე საბრძოლო ტვირთების გადასაზიდად. რუსებისაგან განსხვავებით, რომლებიც ჩინურ მოტოციკლებს იყენებენ, უკრაინელები სამამულო წარმოების ელექტროველოსიპედებით სარგებლობენ - ისინი შედარებით ნაკლებ ხმაურს იწვევენ და ამით მძღოლს შესაძლებლობა ეძლევა გაიგონონ ციდან მოახლოებული მტრის დრონის ზუზუნი. თუმცა უდავოა, რომ დრონები მაინც უპირატესობას ფლობენ მოტოციკლეტებთან და ელექტროველოსიპედებთან შედარებით.
ამჟამად უკრაინისა და რუსეთის არმიების დაპირისპირება ისეთ სტადიაშია შესული, როგორც ეს იყო პირველ მსოფლიო ომში - მხარეებს გათხრილი აქვთ, სანგრები, ტრანშეები და მიწისქვეშა თავშესაფრები (რკინა-ბეტონისა და ხის მიწურები).
უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ რამდენადაც პოკროვსკის აღება რუსებმა ზამთარში ვერ შეძლეს აღმოსავლეთიდან, ახლა ცდილობენ ქალაქს დასავლეთიდან შემოუარონ და ის გზა გააკონტროლონ, რომელიც მას კონსტანტინოვკასთან აკავშირებს - მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ კვანძთან, რომელიც პოკროვსკიდან 35 კილომეტრზე მდებარეობს.
პოკროვსკი უკვე ერთი წელია რუსების მიერ აღების საფრთხე ემუქრება, მაგრამ უკრაინელებმა მისი შენარჩუნება შეძლეს, მართალია, მძიმე დანაკარგების ფასად. კიევი იმედოვნებს, რომ პოკროვსკს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ დათმობს.
დრონებმა - როგორც უკრაინულმა, ასევე რუსულმა - მნიშვნელოვნად გააძნელეს დაპირისპირებულ მხარეთა ჯარების თავმოყრა ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩნენ. დრონები ზემოდან ყველაფერს ხედავენ და ყველანაირ მოძრავ ობიექტს დაუბომბავს არ უშვებენ. ბოლო დროს რუსებმა ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს: კონსტანტინოვკის ახლოს განლაგდა დრონების ორი რუსული ელიტური ქვედანაყოფი („რუბიკონი“ და „განკითხვის დღე“), რომლებიც ახლად მოდერნიზებული დრონებით არიან შეიარაღებულნი. მათ ღამ-ღამობით ფრენა და „ნაცრისფერი ზოლის“ განათებაც შეუძლიათ. ბოლო დრომდე ღამის პერიოდი შედარებით უსაფრთხო იყო უკრაინელებისათვის, რომლებიც სიბნელის დროს ბრძოლის ველზე დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაციას ახორციელებდნენ, მაგრამ ახლა „სიკვდილი“ (დრონი) სულ მუდამ ცაზეა დაკიდებული და სიტუაციას აკონტროლებს.
„დიახ, თეორიულად შეიძლება ომის რაღაც ახალი წესები შემუშავდეს, ახალი ტექნიკის გამანადგურებელი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რაც დრო გადის, ომი სულ უფრო სასტიკი და სასიკვდილო ხდება“, - ამოიოხრა ევგენიმ, რომელიც უკრაინის არმიაში 2019 წლიდან მსახურობს, - „ჩვენს დროში ცოცხლად დარჩენის სულ უფრო ნაკლები შანსები არსებობს“.