USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
Тбилиси
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
дата:  337

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მზარდ თანამშრომლობას და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე. სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში, ამ თვალსაზრისით, სომხეთი მთავარ სამეულშია. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სტრატეგიული მიმართულებები. ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ყველა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. მოხარულნი ვართ იმ ტენდენციებით, რომლებიც განვითარდა ბოლო დროის განმავლობაში ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში თქვენი პირადი წვლილისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სომხეთში საქართველოდან შემოდის მატარებლები და იმედი გვაქვს, სარკინიგზო მიმოსვლის შედეგად, ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ საკითხში თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში. ჩვენ მომავალშიც უპირობოდ დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული ურთიერთობა ძალიან კარგი და პოზიტიურია. ეს არის არსებითი და მნიშვნელოვანი ფასეულობა“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати