USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მთამსვლელი რაინჰოლდ მესნერი ეწვია
თარიღი:  
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მთამსვლელი რაინჰოლდ მესნერი ეწვია
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებლის ხათუნა ხუნდაძის მოწვევით, ფესტივალს მთავარი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია თანამედროვე მთამსვლელობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ცოცხალი ლეგენდა რაინჰოლდ მესნერი.
ცნობილ მთამსვლელს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ, უმასპინძლა. მათ მესტიის საერთაშორისო ფესტივალისა და საქართველოში მთამსვლელობის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს.
რაინჰოლდ მესნერი მთის თემატიკაზე შექმნილი ფილმების რეჟისორი და პროდიუსერიც არის. 2022 წელს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა სწორედ მისი ფილმით - „არავის მიწა“, წელს კი მე-4 ფესტივალი გაიხსნება მესნერების ოჯახის საიდუმლოებით მოცული ტრაგედიის შესახებ „არტეს“ მიერ გადაღებული ფილმით „ნანგა პარბატი - ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მთა“. 25 ივლისს ფესტივალზე გაიმართება რაინჰოლდ მესნერის მასტერკლასიც.
სამხრეთ ტიროლში დაბადებულმა იტალიელმა რაინჰოლდ მესნერმა ჯერ ალპებში, შემდეგ კი მსოფლიოს ურთულეს მწვერვალებზე მარტო და ჟანგბადის გარეშე ასვლის ტრადიცია დაამკვიდრა. ის პირველი ადამიანია, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე, მარტო ავიდა. ასევე პირველმა მეწყვილე პიტერ ჰაბელერთან ერთად მწვერვალი ჟანგბადის გარეშე დაიპყრო. ის არის პირველი ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს 14-ვე 8000-იანი მწვერვალი დალაშქრა, თანაც მათი ნაწილი სრულიად მარტომ და ჟანგბადის გარეშე. მის სახელს უკავშირდება მსოფლიოს ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა. 30 წლის მანძილზე მან 3 500-ჯერ დალაშქრა სხვადასხვა მწვერვალი.
მოგვიანებით რეინჰოლდ მესნერმა გადაწყვიტა, უდაბნოები გადაელახა. მან ფეხით გაიარა ანტარქტიკა, გრენლანდია, ტაკლა-მაკანი და გობის უდაბნო; მიაღწია ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს.
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა და რეჟისორმა და პროდიუსერმა ხათუნა ხუნდაძე დააფუძნეს. ფესტივალი წელს მეოთხედ ტარდება და ის სტუმრებს 23 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის