USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
საქართველოს უცხოელი მეგობრები - დევიდ შიმპი, "საქართველოს დაჭრილი მეომრების" დირექტორთა ბორდის წევრი
дата:  335
2001 წელს, აშშ-ს საზღვაო ფლოტიდან წამოსვლის შემდეგ, ყოფილი სსრკ-ის და მოკავშირე ქვეყნების მდგომარეობით დავინტერესდი, როდესაც ისინი დემოკრატიულ საზოგადოების მშენებლობის გზას დაადგნენ. სწორედ ამ ინტერესმა განაპირობა, რომ დოქტორანტურა ბულგარეთში, წმინდა კლიმენტ ოჰრიდსკის უნივერსიტეტში გავაგრძელე.
2006 წელს მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი გერმანიაში, სადაც ტრადიციული ცეკვის ანსამბლმა იცეკვა საქართველოდან. მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, მეგობარს ანსამბლის შესახებ გამოვკითხე. საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მისი აღფრთოვანება მეც გადმომედო. ასე დაიწყო ჩემი გატაცება კავკასიის რეგიონის მიმართ და ჩემი გამორჩეული ურთიერთობა ქართველ ხალხთან. 2010 წელს გავიცანი ვაშინგტონში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია. მას შევთავაზე სამხრეთ კაროლინაში (სადაც მე ვცხოვრობ) ცნობილ Spoleto Festival USA-ში ქართველების მონაწილეობა. ფესტივალში საქართველოს ნაციონალური ბალეტი ჟიზელის პარტიით წარსდგა. ბევრმა ბალერინამ იცეკვა, მაგრამ ცოტამ თუ მიაღწია პრიმა ბალერინა ნინა ანანიაშვილის მიერ დრამატული ოსტატობის კომბინაციას. 2010 წელს ელჩმა ქუთელიამ შემომთავაზა საქართველოს საპატიო კონსულობა სამხრეთ კაროლინაში. მას დავთანხმდი და ამაყად შევუდექი მოვალეობის შესრულებას. აქტიურად ჩავერთე ამერიკულ და ქართულ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარებაში, ქართული კულტურის ცნობიერების ამაღლებაში, დიასპორის დახმარების პროექტებში, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში. ამჟამად ჩართული ვარ საქართველოში აკადემიურ საქმიანობაში, განსაკუთრებით კავკასიის უნივერსიტეტში. როგორც მოწვეულმა ლექტორმა, ამ ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება 2011 წელს მივიღე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, განსაკუთრებით იმის ხილვა, თუ როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სტუდენტები. 2021 წელს შევუერთდი საქართველოს დაჭრილ მეომრების მხარდაჭერის ფონდის გამგეობას.
საქართველოს დიდი ისტორია აქვს, როგორც შეერთებული შტატების და ნატოს მტკიცე მოკავშირეს, ქართველი ჯარისკაცი მუდამ ფრონტის ხაზზე დგას, ის უფრო მეტი გამბედაობით და სიმტკიცით მსახურებს, ვიდრე სხვა. არასოდეს ნებდება და ბევრჯერ გადაიხადა ძალიან მაღალი ფასი. მამაცმა კაცებმა და ქალებმა, რომლებსაც საქართველოს ფორმა აცვიათ, მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით ძალიან ბევრი გასცეს. საქართველო, როგორც აშშ-ს მოკავშირე ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, იყო მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორი ერაყის ომში და წარმოადგენდა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდ კონტრიბუციას ავღანეთში აშშ-ის მისიაში. ათასობით ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაჭრილ ვეტერანთა უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მკურნალობაზე, თერაპიის გაგრძელებაზე თუ სხვა დახმარებაზე. ჩვენს ფონდს რამდენიმე მიზანი აქვს: დაჭრილი მეომრების მხარდაჭერა და უმაღლესი განათლების დაფინანსება.
საქართველო საოცარი ქვეყანაა თავისი მდიდარი ისტორიით, ხშირად მღელვარე, მაგრამ ყოველთვის საინტერესო ფაქტებით. წმინდა ნინო, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, სულხან-საბა ორბელიანი, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ნადირობის ქალღმერთი დალი და დემონების მკვლელი კოპალა, ჩემთვის ნამდვილი ლეგენდები არიან.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო აქტიურად აგრძელებს მყარ ურთიერთობებს დასავლურ ინსტიტუტებთან. საბჭოთა ბატონობის ოთხმოცდაათი წლის შემდეგ, ქართველებს ესმით თავისუფლების მნიშვნელობა. ბევრ გამოწვევას ხვდებიან, რათა რეგიონში დემოკრატიისა და სოციალური ტრანსფორმაციის სტანდარტები დაადგინონ. ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ბევრ სექტორში, მაგრამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მიაღწია წარმოუდგენელ პროგრესს, ანტიკორუფციულ რეფორმებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, განათლებასა და მედიცინაში. ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომ ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა გაძლიერდეს. საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები განათლების სისტემაში, როგორც უმაღლეს, ასევე პროფესიულ განათლებაში. მომდევნო წლების განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლის პროგრამები არსებითად უნდა გაიზარდოს, რაც მნიშვნელოვნად გააღრმავებს საერთაშორისო გაგებას კავკასიის რეგიონის მიმართ.
აშშ-სა და საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს შორის კომერციული ურთიერთობების გაფართოება გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას, განსაკუთრებით კი საშუალო ფენას. ეს არა მხოლოდ ხელს შეუწყობს საერთაშორისო მეწარმეობის წახალისების ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, არამედ მოხდება საქართველოსთვის ძირეული პოლიტიკური მხარდაჭერა, რადგან ბიზნესის მფლობელები ზრუნავენ საქართველოზე და როგორც გავლენიანი ამომრჩევლები, აკავშირებენ მას თავიანთი კონგრესის წევრებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცოდნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორების მიმართ მწირია, მიმაჩნია, რომ რამდენიმე ინიციატივის განხორციელება შეიძლება მაინც ღირდეს. მაგალითად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეჯვარების ეფექტური პროგრამა იქნება მეცხოველეობის წარმოებაში, ხოლო სატყეო მენეჯმენტის გაძლიერება ხელს შეუწყობს ხე-ტყისა და ხის პროდუქტების ექსპორტის ზრდას.
ტურიზმი საქართველოში მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. აშშ-დან დასავლეთ ევროპის, თურქეთის ან ახლო აღმოსავლეთის გავლით ფრენების დრო ხშირ შემთხვევაში ძალიან მოკლე ან ძალიან გრძელია, მაგრამ ბევრად უფრო პრობლემურია დილით ადრე ჩამოსვლის/გასვლის დრო თბილისში, რაც იწვევს ტურისტებისთვის დისკომფორტს. მგზავრობის სიმარტივე გააუმჯობესებდა შვებულების საქართველოში გატარების სურვილს. სხვაგვარად ამერიკაში მოგზაურობა უფრო მოსახერხებელი ვერ გახდება. 2022 წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათი წელი შესრულდა. ორივე ქვეყანამ უნდა იზეიმოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რაც საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესის მიღწევაში უნდა გამოიხატოს. ვიმედოვნებ, საქართველო მიაღწევს სრულ ინტეგრაციას ევროპულ საზოგადოებაში და დაამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს საერთაშორისო ვაჭრობის გასაძლიერებლად, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-თან. უნდა მოხდეს მეტი ინიციატივის წახალისება აშშ-საქართველოს შორის მცირე და საშუალო ბიზნეს ურთიერთობების გასაძლიერებლად. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და დღემდე ოკუპირებულია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მიუხედავად იმისა, რომ აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები გმობენ უკანონო ოკუპაციას, ჯერ არ მომხდარა რუსული ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. გისურვებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! ძალა ერთობაშია!
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати