"ნიკო ნიკოლაძე ერთხელ იყო სოხუმში... აკაკი წერეთელი ისე გარდაიცვალა, სოხუმი არ უნახავს... ილია ჭავჭავაძემ კი, 1903 წელს პირველად და უკანასკნელად ინახულა აფხაზეთი, სოხუმი და სოხუმელები.. მთელმა ქალაქმა მყისიერად შეიტყო ილიას მოსვლა. ასეთი ადამიანების სტუმრობით სოხუმელები მაინცა და
მაინც განებივრებული არ ვიყავით. წარმოგიდგენიათ, რარიგ უნდა გაგვხარებოდა მთელი საქართველოს სიამაყის, ილია ჭავჭავაძის ხილვა! ამიტომ, ყველას რომ შესძლებოდა ილიას ნახვა, მისგან ცოცხალი სიტყვის გაგონება, გადაწყდა, სადილი გამართულიყო ძმათა შარვაშიძეთა სასახლის ვრცელ ეზოში ასწლოვანი მუხებისა და ცაცხვების ქვეშ
და ამ სადილზე მოეწვიათ გაგრიდან დაბრუნებული ილია ჭავჭავაძე. სადილში მონაწილეთა, სულზე ხუთ-ხუთი მანეთი უნდა გაეღოთ, თითქმის ყველა ისწრაფოდა ამ სადილზე დასასწრებად. ასზე მეტმა ქალმა და კაცმა მოიყარა თავი. ყველას მოუხაროდა, როგორც დიდ და ბრწყინვალე დღესასწაულზე. ცდილობდნენ, ერთიმეორეს არ ჩამორჩენოდნენ ამ ზეიმში, რომელიც სუფრის დასასრულს, მართლაც რომ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა… საათის ოთხზე მობრძანდა ილია და მისი თანმხლები პირები, რომელთაც სუფრის თავში დააჭერინეს ადგილი. ილიას გვერდით მოუსვეს მოხუცებული გრიგოლ შერვაშიძის მეუღლე, აღათი დადიანის ასული. ძვირფასი სტუმარი, რომ ყველასათვის დასანახი ყოფილიყო, მოსუფრალნი ორ რკალად შემოურიგდნენ სუფრას. თამადად არჩეულ იქნა აქაური მოქალაქე, თეიმურაზ გაბუნია, ცნობილი თავისი ჭკუითა და სიდარბაისლით. თამადამ, უპირველესად ადღეგრძელა ილია ჭავჭავაძე, მიულოცა საქართველოს საუკეთესო შვილს მობრძანება სოხუმში. მადლობა მოახსენა, რომ თავის აქ მობრძანებით ვაჟკაცობის სული შთაბერა. - "გაძლევთ პირობას, თანახმად თქვენის მოძღვრებისა, ჩვენი ქვეყნისათვის ჩვენც ვიშრომებთ, ჩვენც შევიტანთ ჩვენს წვლილს საერთო სალაროში, მხოლოდ ერთსა გთხოვთ, ჩვენო ძვირფასო ბატონო, თქვენ და თქვენისთანები ნუ დაგვივიწყებთ ხოლმე, ათასში ერთხელ დაგვხედეთ, გაგვამხნევეთო", - ბრძანა თამადამ. თამადის შემდეგ, მე მერგო ბედნიერება ილიას სადღეგრძელო დამელია. დიდის მოკრძალებით გავიზიარე ის საერთო აღტაცება, რომელსაც ცათაფრენა შემდგარი ხალხი განიცდიდა მის დანახვაზე. მე ვთქვი:"ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება სოხუმელთა ცხოვრებაში. თქვენმა აქ მობრძანებამ ყოველი ტანჯვა დაავიწყა აქაურებს. დღევანდელი დღე დაუვიწყარი იქნება სოხუმელთათვის. ნება გვიბოძეთ, მრავალჟამიერი სიცოცხლე გისურვოთ
და განუზომელი მადლობა მოგახსენოთ
აქ მობრძანებისათვის, ჩვენის ნახვისა და ნუგეშისათვის". სამადლობელო სიტყვის სათქმელად, ილია ზეზე წამოდგა, საზოგადოებაც ფეხზე მდგარი მოემზადა მის მოსასმენად... ყოველი სიტყვა ძვირფასი სტუმრისა ელექტრონის დენისებრ უვლიდა სხეულში სმენად გადაქცეულ მაყურებელს. ყველანი, ხარბად პირში შეჰყურებდნენ და ცდილობდნენ ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვოდათ. მათ ბედნიერებას საზღვარი არა ჰქონდა... მთელი საქართველოს სათაყვანო ადამიანს, მთელი ქართველობისათვის მზრუნველს ილიას, თავიანთს შორის ხედავდნენ, რაც ყველას რწმენას განუმტკიცებდა, რომ ობლად არ იყვნენ შთენილნი, ჰყავდათ პატრონი, ძლიერი, შემმართებელი, რომლის წინაშე ჩვენი დაუძინებელლი მტერიც კი ქედს იხრიდა! კარგა შებინდებულზე ყველანი მხიარულნი და ბედნიერნი დაიშალნენ. მერე დიდხანს და დიდხანს ჰქონდათ სოხუმელებს ეს სადილი სალაპარაკოდ და სასიამოვნო მოსაგონებლად!
აი, ილიას მიერ წარმოთქმული სიტყვა: “ბატონებო, დიდის პატივისცემით მოგესალმებით! ბედნიერი გახლავართ, რომ ვხედავ ჩვენს საერთო მშვენიერ სამშობლოს, კალმით დახატულს კუთხეს
და მის მოსახლე მშვენიერსავე ხალხს… მადლობელი გახლავართ თქვენის დახვედრისათვის, ჩემის პატივისცემისა
და დღეგრძელობისათვის! თქვენ რომ გიყურებთ, გულს იმედი და სასოება ჩამესახა, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის, მტერს ისე ადვილად არ დავეჩაგვრინებით. რომაელთა ერთი ნათქვამი მაგონდება:"სინათლე აღმოსავლეთით გვევლინებაო". - თქვენ რომ გიცქერთ, ეს თქმა ასე უნდა შევცვალო:"სინათლე დასავლეთიდან მოდის, საქართველოსათვის მაინც-მეთქი"!
თქვენც მიხვედრილი ბრძანდებით, რომ დღევანდელ ცხოვრებაში სუფრის თავში
ის ერი ზის, ვინც ირჯება, ვინც ცდილობს ქონება შეიძინოს, ეკონომიკურად წელში გამაგრდეს. ვინც ამას არა ფიქრობს, ვინც სხვას შეჰყურებს, აბა, იქნებ რამე გაჰვარდეს ხელიდან და მე ავიღოვო, ის ხალხი ტყუილად ნუ ელის შორი მანძილი გაიაროს ცხოვრებაში, ტყუილად იმედი ნუ აქვს ცხოვრებისა ჭიდილში ფონს გავიდეს; ასეთი ერი, ვიმეორებ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას საკაცობრიო ცხოვრების სუფრაზე ადგილი არ ექნება, გემრიელი ლუკმა ცხვირზეით აცდება, ნასუფრალი
თუ ხვდა, ღმერთს მადლი შესწიროს! ყველასაგან გათელილი, ყველასაგან ყბადაღებული ისაა, ვისაც თავის მარჯვენის იმედი არა აქვს, ვინც თავის ძალ-ღონით
არ ლამის ლელოს გატანას ცხოვრების მოედანზე. თქვენი მოძმენი, აღმოსავლეთ საქართველოს ქართველები, იმითა ვართ შესაბრალისნი, რომ მეტად ტაატით მივდივართ ეკონომიკურ მოღონიერებისაკენ. იქ, ყველანი ჩვენა გვჩაგრავენ, თავზე გვასხდებიან. აქ, თქვენ რომ გიყურებთ, გული მინათლდება, სასოებით მევსება, მთელი ქალაქი თქვენს ხელშია! აქაურობის ბატონ-პატრონი თქვენა ხართ, გეტყობათ, დღესა და ღამეს ასწორებთ, ცდილობთ უკვე შეძენილს კიდევ მიუმატოთ, თქვენი ქონება ერთი-ორად აქციოთ, ფხიზლობთ, ყური მახვილად გიჭირავთ, საიდან როგორ უკეთესად და სარფიანად მოაგვაროთ თქვენი საქმე, ამისათვის თქვენთვის გამჩენს შნო მოუცია და ამ შნოთი შნოიანად სარგებლობთ კიდეცა. მერწმუნეთ, თუ ქონებრივად ღონიერები იქნებით, ყოველივე სიკეთე ამქვეყნიური თავისით მოგადგებათ კარზე. თუ ეკონომიკურად წელში გავიმართებით, ჩვენი სამშობლო, მამა-პაპათაგან ნაანდერძევი, შეგვრჩება, ვერავინ წაგვართმევს. თუ ვაჭრობას, თანამედროვე ცხოვრების ამ მთავარ ძარღვს, ვუერთგულეთ, ბურთი და მოედანი ჩვენია, ლელოს გატანაში ვერავინ შეგვეცილება! რომ მოგახსენეთ, - საქართველოს სინათლე დასავლეთიდან მოდის-მეთქი, იმიტომ მოგახსენეთ, რომ დასავლეთ საქართველოს ქართველობამ აღმოსავლეთ საქართველოს მოძმეებს მაგალითი უნდა უჩვენოს სიფხიზლისა, ცხოვრებაში ბრძოლის უნარის გამოჩენისა, უნდა ასწავლოთ, რომ იმათაც ამავე გზით იარონ, იმათაც თქვენ მოგბაძონ, ერთობლივის ძალით მამა-პაპათაგან ნაანდერძევი ტურფა და მდიდარი ქვეყანა შევირჩინოთ, სხვას მისი დაპატრონების მადა არ გავუღვიძოთ, მოსეულ ათასგვარ მტერსა და დუშმანს კრიჭაში ჩავუდგეთ, გავუმკლავდეთ, ხმალამოღებული დავუხვდეთ, ჩვენზე არ გავაცინოთ!! მაშ, გაგიმარჯოთ, ბატონებო, ჩვენის ქვეყნის ეკონომიკურად აღორძინების პირველო მერცხლებო! გაუმარჯოს თქვენს გამჭრიახობას, სიმკვირცხლეს, ჩვენი ხალხის, ამერ-იმერეთის, მთლად ჩვენი ქვეყნის სანუგეშოდ და წარსამატებლად"!