ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ევროკავშირის დახმარება საქართველოს მთავრობისადმი კიდევ შემცირდება.
"როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ [ევროკავშირის] ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონ ევროს მოიცავს, გაყინულია.
და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯების იქნება. ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და შევეცდებით, მთავრობისადმი ეს პირდაპირი დახმარება გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ. ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამოცხადეს", - თქვა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, დრო იწურება.
ევროკავშირის ლიდერებისთვის უცნობია რა არის საქართველოს მთავრობის განზრახვა. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, დრო იწურება. სხვა ქვეყნები ევროკავშირისკენ სწრაფად მიიწევენ წინ. უკრაინასა და მოლდოვასთან უკვე გაიხსნა მოლაპარაკებები წევრობაზე. ევროკავშირის გაფართოება მაინც მოხდება და ახლა საქართველოზეა დამოკიდებული იქნება ამ გაფართოების ნაწილი თქვენი ქვეყანა თუ არა. ამ მომენტისთვის საქართველოს გაწევრიანება გაჩერებულია, ეს ევროკავშირის ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ გამოაცხადეს ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ . ვერ წარმომიდგენია წელს საქართველო წინ წავიდეს და გადადგას წინ ნაბიჯები , რადგან ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გაყინონ გაწევრიანების პროცესი . ახლა მოთმინებით ელოდებიან უფრო მეტ სიცხადეს საქართველოს მთავრობისგან.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახალჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის შემდგომი დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი.
„გაფართოება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, ახალარჩეული ხელმძღვანელობის მომავალი 5 წლის მუშაობის განმავლობაში მოხდება ევროკავშირის შემდგომი გაფართოების დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის შემდგომი დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავტვირთავთ მუშაობას და მოვასწრებთ მივაღწიოთ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ნაწილი“, - აღნიშნა ელჩმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/