USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
თბილისი
„საქართველოს სასამართლოს გუშაგი" - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებ
თარიღი:  737

14 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების პროექტს. 

ვენეციის კომისია

14 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება სასამართლო რეფორმის შესახებ. გთავაზობთ იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციების აღწერას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ კომისიისგან მიიღო.


საკანონმდებლო პროცესი

2022 წლის დასკვნაში ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ კანონში ბოლო ცვლილება, რომლის მოტივები და მიზნები გამჭვირვალე არ იყო სწრაფად განხორციელდა ინკლუზიურობისა და ეფექტიანი კონსულტაციების გარეშე. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების ახალ პროექტს, ვენეციის კომისიას ხელისუფლებამ აცნობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ძალისხმევა მიმართული იყო საპარლამენტო უმცირესობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვისკენ. თუმცა, ამ პროცესის ნამდვილი ინკლუზიურობა დამკვირვებლებმა სადავო გახადეს.


ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პარლამენტის მიერ ოპოზიციასთან, ექსპერტებთან ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ნამდვილი კონსულტაციების გარეშე ისეთი აქტების მიღება, რომლებიც არეგულირებს სამართლებრივი წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებს, არ შეესაბამება დემოკრატიული კანონშემოქმედებითი პროცესის სტანდარტებს.


ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებების პროექტი ლიმიტირებულია და არ ითვალისწინებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის სრულ რეფორმას. 


ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, მათ შორის რომელზეც კომისიამ 2022 წლის მოსაზრებაში იმსჯელა, გადაიდო, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო, სადაც გასაჩივრებულია კანონის შესაბამისი დებულებები. ამ ვითარებაში დეპუტატებმა უფრო მიზანშეწონილად მიიჩნიეს თავი შეიკავონ საკანონმდებლო ინიციატივებისგან, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო სამართალწარმოებამ, პრინციპში, შეიძლება ხელი შეუშალოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას, თუმცა, ნებისმიერი ასეთი შეფერხება არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა ამისთვის.


კომისია მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ სურთ გაითვალისწინონ მისი რეკომენდაციები და კვლავ უწევს რეკომენდაციას, რომ საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს გაუმართლებელი შეფერხების გარეშე.




იუსტიციის უმაღლესი საბჭო


2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ დააყენა რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებას, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა საქართველოს სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობის გაზრდისთვის. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყო შემდეგი:


1. მოსამართლეთა ხელახლა კენჭისყრა: უნდა დაზუსტდეს, რომ მეორე ტურით დანიშნულმა მოსამართლეობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული ვაკანსიის ყველა კრიტერიუმი, მაგ. სპეციალიზაციის მოთხოვნა.

2. მოსამართლეთა მივლინება ან გადაყვანა: მოსამართლეთა მივლინება მათი ნების საწინააღმდეგოდ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა იყოს შესაძლებელი და გამართლებული ლეგიტიმური მიზნით. გათვალისწინებული უნდა იყოს მკაფიო და ვიწრო კრიტერიუმები, ასევე მივლინების დროის მოკლე პერიოდები. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღდგეს შემთხვევითი ან ობიექტური პროცედურა გეოგრაფიული შეზღუდვით. 

3. რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ჩამოცილება საქმის განხილვიდან: საქმის განხილვიდან ჩამოცილების სიმძიმის გათვალისწინებით, კრიტერიუმი „დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაბამის თანამდებობაზე დარჩენით მოსამართლე ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას“ ძალიან ბუნდოვანი და ფართოა. ასევე, საჩივრის შეტანის (სამი დღე) და საჩივრის განხილვის ვადები (ხუთი დღე), ძალიან მოკლე დროა იმისათვის, რომ მოსამართლეს ჰქონდეს საკმარისი დრო დისციპლინური სამართალწარმოების დროს მისი საქმის წარსადგენად. გარდა ამისა, მოსამართლის ხელფასი არ უნდა შეჩერდეს, დისციპლინური სამართალდარღვევის დადასტურებამდე და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა: ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესი, იუსტიციის საბჭოში კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების შესახებ, რაზეც 
არსებობს უკმაყოფილება, აზიანებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ და სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

5. დისციპლინური გადაცდომის ახალი საფუძვლები: თუ ფორმულირება მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ დარღვევა შენარჩუნებული იქნება, კანონით უნდა განისაზღვროს დისციპლინური სანქციების საფუძვლები. კერძოდ, რომ ასეთი გადაცდომა ვლინდება მხოლოდ ნეიტრალიტეტის მოვალეობის აშკარა დარღვევის დროს ან გამორიცხავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოსამართლის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმების და საკანონმდებლო საკითხების შესახებ აზრის გამოთქმა.

ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას მოიცავს და არც ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს ითვალისწინებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად კომისია მიიჩნევს, რომ რეკომენდაციები ამ ეტაპზე შესრულებული არ არის.


საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის მომდევნო ეტაპზე იქნება გათვალისწინებული. ამ კონტექსტში, ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით მისი რეკომენდაციების ფუნდამენტური მნიშვნელობის შესახებ.


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ, ზოგადი შენიშვნის სახით, ვენეციის კომისიამ განაცხადა: „[...] [A] მართლმსაჯულების საბჭომ, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საბოლოოდ ისე უნდა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება სასამართლო დამოუკიდებლობის და მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და ხარისხის დასაცავად, რომ გააძლიეროს საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ დაზიანდება, თუ მართლმსაჯულების საბჭო აღიქმება ორგანოდ, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესების, საკუთარი თავის დაცვისა და კრონიზმის საფუძველზე. საბჭოში დაშვებული არ უნდა იყოს კორპორატივიზმი, რომელიც ემსახურება მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ინტერესებს მოსამართლეთა სხვა ჯგუფების საზიანოდ.“

ვენეციის კომისია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, რაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები დანიშნულები არ არიან. საბჭოს არამოსამართლე წევრი აირჩევა პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ან საკონსტიტუციო ცვლილების გზით ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის შემოღებით ან კანდიდატებზე პოლიტიკური კომპრომისის მიღწევით.


ვენეციის კომისია საუბრობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პლურალიზმის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების როლზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 


შესაბამისად, აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას ეფექტიანი მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში და რეკომენდაციას აძლევს საქართველოს პარლამენტს გადახედოს საბჭოს შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, რათა უზრუნველყოს შესაბამისი ბალანსი საბჭოს არამოსამართლე და მოსამართლე წევრებს შორის.


ასევე, კორპორატივიზიმის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად, ვენეციის კომისია საბჭოს წევრების როტაციის წესით განახლებას მიიჩნევს და იმეორებს 2022 წლის რეკომენდაციას. 


2021 წლის დეკემბერში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილებებით, იუსტიციის საბჭოს წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ წევრის პოზიციაზე არჩეულ იყვნენ ერთზე მეტი ვადით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია მიუთითებს 2022 წლის მოსაზრებაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, სასურველია ფიქსირებული ვადების დადგენა, რათა უზრუნველყოფილი იქნას საბჭოს წევრების დამოუკიდებლობა და სთავაზობს ხელისუფლებას გადახედოს ორგანული კანონის 47-ე მუხლს მე-12 ნაწილს და მხედველობაში მიიღოს აღნიშნული მოსაზრება. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა განიხილოს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის წესის რეფორმაც. 


კომისია აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმის მომზადება და განხორციელება, წარმოდგენილი საკითხების გათვალისწინებით, სასწრაფოა. 



უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კვალიფიკაცია


ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატებისთვის დაზუსტებულ მოთხოვნებს, როგორც ასაკობრივი, ასევე გამოცდილების ნაწილში. შესაბამისად, ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაცია, რომელიც ამ საკითხთს შეეხებოდა, არ არის შესრულებული და კვლავ უწევს რეკომენდაციას, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმის ფარგლებში.



კანდიდატების წარდგენა უზენაეს სასამართლოში


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნომინირების შესახებ გადაწყვეტილების ანტი-ჩიხური მექანიზმი


2019, 2020 და 2021 წლებში ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ შეიქმნას ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ შემოკლებულ სიაში შეყვანილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ვერ მიიღებენ 2/3-ის უმრავლესობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, შესაბამისად, კომისიის რეკომენდაციები ამ მხრივ შესრულებული არ არის და აღნიშნავს ამ საკითხის განხილვის საჭიროებას შემდგომი საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში.



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეცვლილი შემადგენლობა განმეორებითი გასაჩივრების დროს


ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია მისცა, რომ „შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა შემდგომი გადაწყვეტილებებისათვის“ საბჭოს იმ წევრების გამორიცხვით, რომლებიც მიკერძოებულები იყვნენ ან სხვაგვარად არღვევდნენ კანდიდატები უფლებებს. ეს რეკომენდაცია გათვალისწინებულია 343-ე მუხლის 131-ე პუნქტის პროექტში. თუმცა, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი კითხვა ამის შესახებ, უნდა იყოს თუ არა იუსტიციის საბჭოს წევრი ჩამოცილებული მომდევნო რაუნდში, მიზანშეწონილია უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების მხედველობაში მიღება.


გარდა ამისა, ცვლილებების პროექტი არ შეეხება კვორუმის პოტენციურ პრობლემებს და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საბჭოს რამდენიმე წევრის ჩამოცილების შემდეგ. კანონი უნდა მოიცავდეს შესაბამის მექანიზმს. რომელიც საშუალებას აძლევს საბჭოს მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის შემდეგ, რომელიც მისი რამდენიმე წევრის დისკვალიფიკაციას ახდენს.


გარდა ამისა, განსახილველი დებულების პროექტი ადგენს საბჭოს წევრების ჩამოცილებას იმ შემთხვევაში, რომლებმაც „კანდიდატების შერჩევისას გამოიჩინეს მიკერძოება, მათი მიდგომა იყო დისკრიმინაციული ან/და გადააჭარბეს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე დაემუქრა სასამართლოს დამოუკიდებლობას“. 


ამ დებულების ფარგლები საკმაოდ ფართოა, ვინაიდან იგი ჩამოცილებას არა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვს, როდესაც „დაირღვა კანდიდატის უფლებები“, არამედ იმ დროსაც, თუ „სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება“. ამ უკანასკნელი კრიტერიუმის ფარგლები და რელევანტურობა არ არის ნათელი ცალკეული კანდიდატების შეფასების კონტექსტში და უნდა იქნას ამოღებული.



უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათი და დანიშვნის პროცედურის შეჩერება

როგორც ვენეციის კომისიამ 2021 წლის დასკვნაში აღნიშნა, მის ახალ გადაწყვეტილებაში იუსტიციის საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მითითებები, რაც აუცილებელია გასაჩივრების უფლების ეფექტიანობისათვის. 


რა თქმა უნდა საბჭოს უფლებამოსილება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის შესახებ არ არის შეუზღუდავი და კანონი უზენაეს სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას შეამოწმოს პროცედურის კანონიერება. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი არასწორი ინტერპრეტაცია, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინსტრუქციების სავალდებულო ხასიათი შეიძლება პირდაპირ იყოს მითითებული.


გარდა ამისა, თუ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება უნდა იყოს მნიშვნელოვანი და უნდა არსებობდეს მკაფიო წესი, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ძალაში დარჩეს დანიშვნის პროცედურა. 


უზენაესი სასამართლოს ინსტრუქციების იუსტიციის საბჭოსთვის სავალდებულო ხასიათის გაძლიერების შესახებ რეკომენდაცია ჯერ კიდევ საჭიროებს სრულად განხორციელებას და კომისია იმეორებს მას, რათა ხელისუფლებამ მხედველობაში მიიღოს საკანონმდებლო ცვლილების დროს.



უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა

2019 წლის მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის გათვალისწინებული 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა იყო ხანგრძლივი და შეიძლებოდა მისი შემცირება. 


მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის ხანგრძლივობაზე, ზოგადი მიდგომაა, რომ ასეთი ვადა არ უნდა იყოს ძალიან მოკლე, რათა არ შეფერხდეს სასამართლოს თავმჯდომარის ეფექტიანი ხელმძღვანელობის შესაძლებლობა, ამავდროულად მყარი და ძლიერი სასამართლო ორგანიზების შენარჩუნება. მეორე მხრივ, შესაბამისი ვადა არ უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შიდა სასამართლო დამოუკიდებლობაზე და გამოიწვიოს სასამართლოში ერთი პირის დომინირება.


ვენეციის კომისია ასკვნის, რომ ეს რეკომენდაცია რჩება აქტუალური და უნდა იქნას განხილული მომავალში კონსტიტუციაში ცვლილების დროს.


კანდიდატების გადანაწილება


2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ შეაფასა ის ცვლილება, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დანიშნოს [პირველ ეტაპზე] წარუმატებელი კანდიდატები ისეთ ვაკანსიებზე, რომლებიც თავისუფალი დარჩა კონკურსის შემდეგ (ე.წ. კანდიდატების „გადანაწილება“). კომისიამ რეკომენდაცია მისცა, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების ვაკანტურ თანამდებობებზე „გადანაწილების“ შემთხვევაში უნდა დაზუსტდეს, რომ მეორე ტურში დანიშნულმა მოსამართლეობის კანდიდატმა დააკმაყოფილოს კონკრეტული ვაკანსიის ყველა მოთხოვნა, მაგალითად, სპეციალიზაციის ნაწილში. 


ვინაიდან ეს რეკომენდაცია არ არის შესრულებული, კომისია იმეორებს მას, რათა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შემდგომი საკანონმდებლო ცვლილების დროს.



მოსამართლეთა მივლინება


2022 წლის მოსაზრება ეხებოდა კანონის 371-ე მუხლში ცვლილებებს, რამაც გაზარდა იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილება მოსამართლეთა მივლინება და გადაყვანის თაობაზე მათი თანხმობის გარეშე. ვენეციის კომისიამ ეს დებულებები უაღრესად პრობლემურად მიიჩნია და რეკომენდაციას გასცა, რომ „მოსამართლეთა მივლინება მათი ნების საწინააღმდეგოდ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყოს შესაძლებელი და ლეგიტიმური მიზნით გამართლებული. უნდა იყოს გათვალისწინებული მკაფიო და ვიწრო კრიტერიუმები, ასევე - მივლინების დროის მოკლე პერიოდები. უნდა აღდგეს შემთხვევითი ან ობიექტური პროცედურა გეოგრაფიული შეზღუდვით.“


რადგან ცვლილებების პროექტი არ შეეხება ორგანული კანონის 371-ე მუხლს, ეს რეკომენდაცია არ არის შესრულებული და კომისია აღნიშნავს, რომ ეს მუხლი დაუყოვნებლივ შეიცვალოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმის შემდგომ ეტაპზე.



მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან

2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ კომენტარი გააკეთა მოსამართლეების საქმის განხილვისგან ჩამოცილების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან დისციპლინური სამართალწარმოება.


კომისიამ მიუთითა, რომ ძალიან ბუნდოვანი და ფართოა მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების საფუძველი: „არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაბამის თანამდებობაზე დარჩენით მოსამართლე ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას.“


კომისია აღნიშნავს, რომ მოსამართლეს არ უნდა შეუჩერდეს ხელფასი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული ცვლილებების პროექტში, შესაბამისად, კომისია იმეორებს მას კანონში შემდგომი ცვლილებისთვის.



დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები

ორგანულ კანონში 2021 წელს შეტანილმა ცვლილებებმა მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი გააფართოვა, რომელსაც 711-ე მუხლი დაემატა: „მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“. 2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ამ ახალ საფუძვლებთან დაკავშირებით შემდეგი რეკომენდაცია გასცა: „თუ ფორმულირება „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ შენარჩუნდება, კანონმა დისციპლინური სანქციების საფუძველი მხოლოდ ნეიტრალიტეტის მოვალეობის დარღვევასთან მიმართებით უნდა დაადგინოს ან გამორიცხოს სასამართლო სისტემის რეფორმები და საკანონმდებლო საკითხები.“


ვინაიდან ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა, ძალაში რჩება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.



დისციპლინური პროცედურების ინიციირება

2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი წინა რეკომენდაცია იმის დასადგენად, თუ როდის უნდა ჩაითვალოს დისციპლინური სამართალწარმოება ინიციირებულად, რათა მოსამართლემ ადრეულ ეტაპზევე ისარგებლოს ადვოკატის უფლებით. კომისიას სურს გაიმეოროს ეს რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე არ შესრულებულა.



ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შეუსრულებელი რჩება შემდეგი ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც მანამდეც ჰქონდა:

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხი, რომელიც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილებების შეზღუდვა მოსამართლის მივლინების ან გადაყვანისას მათი თანხმობის გარეშე, ისე, რომ დაემატოს ვიწრო კრიტერიუმები და შეზღუდვები დროისა და ლოკაციის თვალსაზრისით, და უზრუნველყოფილი იქნას შემთხვევითი სისტემა.
  • მოსამართლეთა საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების პროცედურა გადაიხედოს და შესაბამისი საფუძვლები უფრო ზუსტად განისაზღვროს, მეტი დრო უნდა დაეთმოს ასეთი გადაწყვეტილებების გასაჩივრებას, ასევე, მოსამართლეს შეუნარჩუნდეს ხელფასი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში;
  • ლიმიტირდეს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, რომლებიც შეეხება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოვალეობის აშკარა დარღვევას მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის დროს, ხოლო მოსამართლეებს უნდა დარჩეთ კომენტირების სივრცე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმები;
  • უზრუნველყოფილი იქნას, რომ უზენაესი სასამართლოს ინსტრუქციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის იყოს სავალდებულო ხასიათის.
კომისია მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებზე წვდომის მარეგულირებელი დებულებების პროექტი დადებითია, მაგრამ ის რეკომენდაციას იძლევა, რომ პროცესი შემცირდეს და გამარტივდეს, ასევე, უზრუნველყოფილი იქნას წვდომა როგორც წარსულ, ასევე მომავალ გადაწყვეტილებებზე.

ევროკომისიის თანახმად, იმისათვის, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მან უნდა განხორციელოს სასამართლოს რეფორმა:

„მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით“. 



---
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
წყარო:https://courtwatch.ge/
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის