ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი.
საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მონაწილეობს.
IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, IBTM World 2024-ის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ. საქართველოს სტენდთან მიმდინარებს პრეზენტაციები და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
„საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად გამოფენას კერძო სექტორის წარმომადგენლები, სასტუმროები და ტურისტული სერვისების მიმწოდებელი კომპანიები ესწრებიან. მხოლოდ საკონვენციო ბიუროსთან 120-მდე შეხვედრა, ხოლო კერძო სექტორის თითო წარმომადგენელთან დაახლოებით 60 შეხვედრა იმართება. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა საქართველოს მიმართულებაზე და ინტერესი დიდია. მრავალი დაინტერესებული პირი მოდის ჩვენთან, ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ჩვენი ქვეყნის ბიზნეს ტურიზმის მიმართულებას“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა ლევან ჯაფარიძემ.
IBTM World 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას.
IBTM World 2024-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.
„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.
„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.