USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
Tbilisi
საქართველოს საპატრიარქო გმობს აფხაზი მღვდელმსახურის მოწოდებებს მოსკოვის მიერ აღიარებაზე
Date:  733

საქართველოს საპატრიარქომ 25 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლის, ბესარიონ აპლიას მიმართვა მოსკოვის საპატრიარქოსადმი სტატუსის განსაზღვრის თაობაზე.

განცხადების თანახმად, ბესარიონ აპლიამ, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერაა ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, „უხეშად დაამახინჯა“ აფხაზეთში საეკლესიო ისტორიის საკითხები, როდესაც განაცხადა, რომ „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია“ არასდროს ყოფილა ქართული ეკლესიის ნაწილი.

საპატრიარქომ შეახსენა აპლიას, რომ „აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ნაწილია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკლესიურად“, ხოლო წირვა-ლოცვებს რეგიონში ყოველთვის ქართულ ენაზე აღასრულებდნენ.

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ აფხაზეთში ყველა ეკლესიის მსახურება ჩერდება, სანამ ეკლესიის სტატუსს მოსკოვი არ განსაზღვრავს.

„ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოს ეკლესიის ნაწილი, არასდროს ვყოფილვართ ქართული ეკლესიის ნაწილი და არც ვიქნებით“, – განუცხადა ბესარიონ აპლიამ აფხაზურ ტელეკომპანიას.

აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმი-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი, თუმცა 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ, თბილისი ამ ტერიტორიაზე საეკლესიო კონტროლს ვერ ახორციელებს.

აფხაზეთზე ფაქტობრივი საეკლესიო კონტროლი „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა“ და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას“ აქვთ.

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way