USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
საქართველოს სამკურნალო მცენარეები – პრობლემები და პერსპექტივები
дата:  1363

სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში გამოყენებული ნედლეულის მნიშვნელოვან წყაროს ველურად მოზარდი მცენარეები წარმოადგენს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ მცენარეებს, რომლებიც უშუალოდ ან გადამუშავების შემდეგ გამოიყენება სამკურნალო საშუალებად.

მედიცინაში გამოყენებულ სამკურნალო საშუალებათა საერთო რაოდენობის დაახლოებით 40% მცენარეული წარმოშობისაა.

ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ასიათასობით ტონა სამკურნალო მცენარეული ნედლეული მზადდება. მიუხედავად ამისა, სააფთიაქო ქსელისა და სამედიცინო მრეწველობის გაზრდილი მოთხოვნები მაინც ვერ კმაყოფილდება.

ამის ერთ-ერთ მიზეზს მრავალი მცენარის გავრცელებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ მონაცემთა არარსებობა წარმოადგენს.

საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების ნაირგვარობა და კონტრასტულობა, განსხვავებული ფიტოლანდშაფტური მდებარეობა მცენარეული სამყაროს განსაკუთრებულ სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას განაპირობებს.

საქართველოს ფლორა მოიცავს უმაღლეს მცენარეთა 4 ათასზე მეტ სახეობას, რომელთა შორის 700-მდე გამოიყენება სახალხო მედიცინაში, 200-მდე კი მეცნიერულ მედიცინაში.

უძველესი ცნობები, რომლებიც საქართველოში სამედიცინო მიზნით მცენარეთა გამოყენებაზე მიუთითებს, მითოლოგიურია.

ბერძნული მითების თანახმად, კოლხიდაში (კოლხეთი) იყო არტემისის ჯადოსნური ბაღები, მეფე აიეტის ასული მედეა ფლობდა მცენარეთა სამკურნალო და მაგიური მოქმედების საიდუმლოს და სხვა.

შუა საუკუნეებში საქართველოში შეიქმნა მნიშვნელოვანი სამედიცინო წიგნები. მათ შორის, ზაზა ფანასკერტელციციშვილის „სამკურნალო წიგნი _ კარაბადინი“ (XV ს.) და დავით ბაგრატიონის „იადიგარ-დაუდი“ (XVI ს.).

მათში მოცემულია ცნობები მრავალი ველური და კულტურული მცენარის სამკურნალო მნიშვნელობასა და გამოყენების შესახებ.

თანამედროვე მედიცინაში ფიტოთერაპიას (მცენარეებით მკურნალობა) და ნაწილობრივ მედიკამენტოზურ თერაპიას საფუძვლად უდევს მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებათა გამოყენება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ მცენარეებს, რომლებიც ე.წ. ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად) სახელწოდებითაა ცნობილი.

ეს არასპეციფიკური მოქმედების მცენარეები ადამიანის ორგანიზმში იწვევს საერთო ტონუსის ამაღლებას, ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას და ა.შ.

სამწუხაროდ, ამ მცენარეთა დიდი ნაწილი შეზღუდული გავრცელების, არასწორი ექსპლუატაციის ან სხვა ფაქტორების გამო გადაშენების საფრთხის წინაშეა. ამავე დროს არ არის განსაზღვრული, დაზუსტებული ან შეფასებული მრავალი მცენარის ბიოლოგიური და საექსპლუატაციო მარაგი, საფრთხეში მყოფი პოპულაციების სიმრავლე, სტატუსი, თანამედროვე არეალი.

საქართველოს ფლორის სამკურნალო მცენარეებს გააჩნია ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ მათი გამოყენება შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი თვითგანახლებასთან, რაც აუცილებელია სამკურნალო მცენარეული ნედლეულით მოსახლეობის მიმდინარე და პერსპექტიულ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.

ბუნებრივი სამკურნალო მცენარეული რესურსების რაციონალური გამოყენების, მათი დაცვისა და თვითგანახლების ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად საჭიროა გარკვეული ღონისძიებების გატარება, რათა მივაკვლიოთ სად და რა რაოდენობით იზრდება ესა თუ ის მცენარე, რომელ სახეობაზეა დამამზადებლის ყურადღება მისაქცევი და სხვა.

რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, სამკურნალო მცენარეთა რესურსების რაციონალური გამოყენება ბუნებრივი სამკურნალო პრეპარატების მისაღებად გარკვეულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში.

გარდა ამისა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე დიდი მოთხოვნილების გამო, სამკურნალო მცენარეთა მნიშვნელოვანი ნაწილის კულტივირება გააადვილებს მათი რესურსების კონსერვაციას და გარკვეულ წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საქმეში, ასევე შეიძლება გახდეს მომგებიანი კომერცია და საქმიანი წრეების დაინტერესებაც გამოიწვიოს.

ავტორი: ჯუმბერ კუჭუხიძე; სატყეო მოამბე.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати