USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი $8.64 მილიარდია - ვისი რამდენი გვმართებს?
Date:  890

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.64 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 728 მილიონი დოლარით მეტია. ლარებში საგარეო ვალი წლიურად 1.95 მილიარდი ლარით გაიზარდა და ის ამჟამად ₾23.5 მილიარდს შეადგენს.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ვისი ვალი აქვს საქართველოს - სტატისტიკა:

დონორი ორგანიზაცია ვალის ნაშთი 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით:
ADB $2,209,495,000
მსოფლიო ბანკის ჯგუფი $2,100,044,000
EIB $1,003,422,000
საფრანგეთი (AFD) $763,402,000
გერმანია (KFW) $625,202,000
ევრობონდი $500,000,000
EBRD $231,106,000
AIIB $210,211,000
IMF (მთავრობის ვალი) $195,993,000
ევროკავშირი $145,943,000
იაპონია $134,941,000
IFAD $37,184,000
რუსეთის ფედერაცია $15,241,000
ავსტრია $13,403,000
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი $12,830,000
ქუვეითი $11,458,000
ამერიკის შეერთებული შტატები $8,573,000
თურქეთი $4,342,000
ყაზახეთი $2,425,000
აზერბაიჯანი $2,230,000
სომხეთი $1,967,000
ირანი $1,626,000
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way