USD 2.6729
EUR 2.8469
RUB 2.8628
თბილისი
საქართველოს "რბილი ძალა" ჩრდილოეთ კავკასიაში
თარიღი:  1712

შესავალი
  
საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს შორის ურთიერთობის ხანგრძლივ და, ამავე დროს, საკმაოდ მრავალფეროვან თუ მრავალშრიან ურთიერთობებზე არაერთხელ დაწერილა, თუმცა კი ცვალებადია როგორც წარსულის შეფასება, ისე მიმდინარე კონტექსტებიც, რის გამოც მოცემულ საკითხზე ქართული პერსპექტივისა და სტრატეგიის გადააზრება, ვფიქრობთ, არასდროსაა ზედმეტი. 


შესაძლოა, ახლა, საუკუნის მესამე დეკადისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობაც ჰქონდეს იმისთვის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ (და საზოგადოებამ) მოახერხოს მეტ-ნაკლებად სტაბილური და უახლოეს ათწლეუ(ებ)ში რეგიონში მოსალოდნელ სავარაუდო განვითარებებზე მორგებული მიდგომათა ჩარჩოს ფორმირება. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს სახელმწიფოს, რომელსაც კავკასიის რეგიონში, სულ მცირე, გეოგრაფიულად, ცენტრალური პოზიცია უკავია, მართებს ჰქონდეს თავისი ჩამოყალიბებული პოლიტიკა მისი ჩრდილოეთი საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ხალხების მიმართ. ამასთან, ამგვარი პოლიტიკა დაცლილი უნდა იყოს მახვილი აქცენტებისგან, რათა მისი ადაპტირება და ცვალებად კონტექსტზე მორგება შესაძლებელი რჩებოდეს, მათ შორის, საქართველოს მომავალი ხელისუფლებებისთვის. 


სანამ იმაზე მსჯელობას დავიწყებდეთ, თუ როგორი მიდგომები შეიძლება იყოს, ერთდროულად, რეალისტური და სარგებლის მომტანი როგორც ჩვენი სახელმწიფოსთვის, ისე, სტრატეგიის ადრესატებისთვის (ანუ, მრავალფეროვანი ჩრდილოკავკასიელი ხალხებისთვის), სასურველია შესაძლებლად მოკლედ, თუმცა კი საკმარისად ამომწურავად შევახსენოთ ერთმანეთს, თუ რა წანამძღვრები და ისტორიული გამოცდილება ახასიათებს საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელთა ურთიერთობას.


ამასთან, როდესაც ვსაუბრობთ საკმაოდ კომპლექსურ ურთიერთობაზე, ცხადია, გამოიკვეთება რიგი ფაქტორები, რომლებიც გვაერთიანებს ან გვყოფს. სამომავლო სტრატეგია, მართალია, გამაერთიანებელ ასპექტებზე აიგება, თუმცა კი პრობლემათა უგულებელყოფამ, შესაძლოა, საკმაო ბარიერი შეუქმნას ნებისმიერი სამომავლო პოლიტიკის განხორციელებას.


2. ისტორიული კონტექსტი


ქართველები და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა უმეტესობა კავკასიის ავტოქტონური მოსახლეები არიან. ანუ, ჩვენთვის ცნობილ წარსულში ისინი არც საიდანმე მოსულან და არც სამშობლო გააჩნიათ სხვაგან. შესაბამისად, გადაჯაჭვულია არათუ მათი ისტორია, არამედ გენეტიკა და ენებიც კი. მართლაც, ჩვენს ხალხებს აერთიანებს ერთი და იგივე დომინანტი ჰაპლოჯგუფი (G2A) და იბერო-კავკასიური ენათა ჯგუფი, ომელიც ქართველურ, აფხაზურ-ადიღეურ და ნახურ-დაღესტნურ ენებს მოიცავს.

რაც შეეხება ისტორიას, ჩვენ მის რამდენიმე ნაწილს გამოვყოფთ და, რაც უფრო ახალ პერიოდებზე ვისაუბრებთ, მით მეტად დეტალურად შევეხებით მათ.


"ძველი ისტორია" - არახალი და, ამავე დროს, ბუნებრივი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქართველოს, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, სხვადასხვა ინტენსივობის ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიასთან და სხვადასხვა დოზით ახერხებდა თავისი გავლენის გავრცელებას მასზე. ამგვარი გავლენა, მეტწილად კულტურული, ენობრივი და ეკონომიკური იყო, თუმცა მოიცავდა უსაფრთხოების საკითხებსაც. ქვეყანა, რომელიც მუდმივად იყო ჩართული სამხედრო დაპირისპირებებში, ხშირად პოულობდა საომარი ძალისა და გენოფონდის შევსების საშუალებას მონათესავე კავკასიელი ხალხებისგან, რასაც ჰქონდა თავისი თანმდევი შედეგებიც, კავშირების გაძლიერების კუთხით. ის, რასაც, სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებად ახასიათებდა ცვალებადობა, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე უშუალოდ მომიჯნავედ მცხოვრები ხალხების მჭიდრო ურთიერთობა იყო: ურთიერთობა რაჭველებსა და ბალყარელებს, სვანებსა და ყარაჩაელებს, კახელებსა და დაღესტნელებს, მეგრელებს, აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის. სხვათაშორის, ამგვარ ტრადიციულ კავშირებზე გავლენა ვერ მოახდინა ვერც ჩრდილოკავკასიელ ხალხთა  მნიშვნელოვან ნაწილში ისლამის გავრცელებამ.


"მეცხრამეტე საუკუნე" - ქართულ-ჩრდილოკავკასიური ურთიერთობის ჩრდილად შეიძლება განვიხილოთ მეცხრამეტე საუკუნე, როდესაც ლეკიანობისგან შეწუხებულმა ქართველებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს რუსეთის იმპერიას რუსეთ-კავკასიის ომის დროს. ეს ომი ასევე ცნობილია, როგორც „რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა“ (1817-1864) და მან კავკასიის ხალხთა მნიშვნელოვანი ნაწილი დააზარალა, ხოლო ზოგი ერი, მაგალითად, უბიხები, სრულად განადგურდა. ომს მოჰყვა კავკასიური მუჰაჯირობაც, რაც მტკივნეულ კვალს ტოვებს დღემდე. სამწუხაროდ, არაერთმა ქართველმა სამხედრო მოღვაწემ გამოიჩინა თავი კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანის უშუალო ჩართულობით დაატყვევეს იმამი შამილი, რის შედეგადაც გადატყდა კავკასიელ ხალხთა წინააღმდეგობა.


საინტერესოა, რომ ქართველთა ამგვარი მიდგომის გარკვეული გადახედვა იმავე საუკუნის ბოლოს მაინც დაიწყო, რაც ქართველთა მხრიდან რუსული პოლიტიკის სრული სიმძაფრისა და სიმძიმის შეგრძნებამ განაპირობა.


"1918-1920" - თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის შედარებით უცნობ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პარალელურად, გარკვეული (თუმცა კი საკმაოდ შეზღუდული) დამოუკიდებლობა მოიპოვეს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმაც. საქართველოს როლი ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში იმდენად არსებითი იყო, რომ მისი დამოუკიდებლობა 1918 წლის 11 მაისს ბათუმში გამოცხადდა, ხოლო სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქმიანობის დიდ ნაწილს თბილისიდან წარმართავდა. სამომავლო მსჯელობისთვის გამოგვადგება თუ აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის საქართველო ფანჯარას წარმოადგენდა გარესამყაროსთან კომუნიკაციისთვის. სწორედ ამგვარმა კომუნიკაციამ განაპირობა, რომ მთიელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა საქართველოსთან ერთად აღიარა თურქეთმა, გერმანიამ, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა და ავსტრია-უნგრეთმა.

                                       

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით,  რომ რესპუბლიკამ არსებობა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა, თუმცა მანამდე იყო ერთი საგულისხმო რამ: როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი, აცნობიერებდნენ, რომ ჩრდილოკავკასიის ოკუპაციის შემთხვევაში, რიგში შემდეგი სწორედ ხსენებული სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკები იქნებოდნენ, ამიტომ, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას უწევდნენ ჩრდილოკავკასიელთა წინააღმდეგობას.


ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ ამ თემაზე, საკითხის აღსაწერად ნოე ჟორდანიას მემუარებიდან შემდეგი ამონარიდიც კმარა: "განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევდით მთიელთა რესპუბლიკას, არ იყო არც ერთი შემთხვევა, მათ თხოვნაზე დახმარების შესახებ უარი გვეთქვას.  თებერვალში გვთხოვეს სამხედრო იარაღი, მთავრობამ დაადგინა: მიეცეს მათ ყოველივე, რაც სჭირიათ სამხედრო საწყობიდან. არავისთვის ასეთი დახმარება არ გაგვიწევია. ჩვენ თვითონ გვიჭირდა, სოფელ-სოფელ პატრონებს ვაგროვებდით, თითოში ორ მანეთს ვაძლევდით, ისე გვაკლდა სამხედრო მასალა, ამავე დროს მთიელთ ასე გულუხვად ვეხმარებოდით. რატომ? ცხადია რატომ, ამას მოითხოვდა ჩვენი ჩრდილო საზღვრების უზრუნველყოფა; ძლიერი, დამოუკიდებელი მთა იყო ჩვენი სიმაგრე, მოსკოვის წინააღმდეგ ამართული. მის არსებობაში ვიყავით ყელამდე დაინტერესებული და ეს გვიკარნახებდა ჩვენს დამოკიდებულებას მასთან”.


ამდენად, დამოუკიდებლობის პერიოდში ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასიის რესპუბლიკები საერთო ინტერესებით ურთიერთქმედებდნენ: ერთი მხრივ, სამხრეთი უზრუნველყოფდა ჩრდილოეთისთვის საკომუნიკაციო ფანჯრის გახსნას და, შესაძლებლობის ფარგლებში, იარაღით აღჭურვას, ხოლო, მეორე მხრივ, ჩრდილოეთი ქმნიდა ერთგვარ ბარიერს საბჭოთა რუსეთისთვის, სამხრეთ კავკასიის ოკუპაციის გზაზე.


"საბჭოთა პერიოდი" - კავკასიის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ქართველები და ჩრდილოკავკასიელები ერთიანნი იყვნენ რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებებშიც, რომლებიც 1920-იან წლებში კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ნაწილშიც ისევე სასტიკად ჩაახშეს, როგორც საქართველოში. თუმცა, ჩრდილოკავკასიელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ბედი ბევრად დამძიმდა სტალინის ეპოქაში, როდესაც მოხდა ძირითადად ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია შუა აზიაში. დეპორტაციას ასობით ათასი ადამიანი დაექვემდებარა, რომელთა დიდი ნაწილი შეეწირა კიდეც პროცესს. სადამსჯელო მოქმედებათა ფარგლებში ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიები გაუქმდა და მათი ტერიტორია მნიშვნელოვანწილად გადაუნაწილდათ ჩრდილოეთ ოსეთს, დაღესტანსა და საქართველოს. უფრო მეტიც, ჩეჩენთა და ინგუშთა ნასახლარებზეც ოსები, დაღესტნელები და ქართველები ჩაასახლეს. საგულისხმო და საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1957 წლიდან, ანუ, მას შემდეგ, რაც მოხდა დეპორტირებულთა რეაბილიტაცია, ჩრდილო კავკასიაში ჩასახლებულმა ქართველებმა უყოყმანოდ დაუთმეს სახლები ჩეჩნებსა და ინგუშებს ხოლო მიწები კი აღდგენილ ავტონომიას დაუბრუნდა. ამ მცირე ისტორიულმა დეტალმა თავისი წვლილი შეიტანა ქართველებისადმი დამატებითი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში და ნაწილობრივ გადაფარა ის აგრესია, რომელიც სტალინის ეთნიკური წარმომავლობის გამო, ქართველთა მიმართ არსებობდა.

"90-იანი წლები" - 1990-იანი წლების კონფლიქტები და მათში ჩრდილოკავკასიელთა ჩართულობა (მიუხედავად იმისა, თუ რას მივაწერთ ამ მოვლენას), საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ურთიერთობის ერთ-ერთ მძიმე ეპიზოდს წარმოადგენს, რომელიც დღემდე (და, გარკვეული დოზით, უახლოეს მომავალშიც) განსაზღვრავს საქართველოს კავკასიურ პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი და აღიარებულია რუსეთის გადამწყვეტი როლი საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებულ კონფლიქტებში, ქართველებს არ ტოვებთ ხსოვნა კონფლიქტში მონაწილე ჩრდილოკავკასიელებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ. ამის პარალელურად, ქართველთა ძირითადი ნაწილი აცნობიერებს იმასაც, რომ კონფლიქტში მათი მონაწილეობა სწორედ კავკასიელთა შორის ურთიერთობებში დამატებითი ბზარის შეტანის განზრახვით იყო მოტივირებული და რომ, შესაძლოა, ეს სულაც არ ასახავდა ჩრდილოკავკასიელთა რეალურ დამოკიდებულებას ქართველთა მიმართ.


მიუხედავად ამისა, საკითხზე სხვა მოსაზრებებიც არსებობს, რომელთაც ნამდვილად აქვთ არსებობის უფლება. მაგალითისთვის, ცხადია, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩრდილოკავკასიელებისთვის აფხაზები ბევრად ახლო მონათესავე მთიელი ხალხია და თუკი სურათი იმგვარად იყო მათთვის [ჩრდილოკავკასიელებისთვის] წარმოდგენილი, რომ ქართველები აფხაზებს დაესხმენ თავს, ბუნებრივია, გაჩნდებოდა აფხაზებისადმი თანადგომის სურვილი და გარკველი აგრესია საქართველოს მიმართ.


ამავე დროს, 90-იანი წლების დასაწყისში, კავკასიელთა შორის არსებობდა გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა შესაძლოა გადაიზრდილიყო რუსეთის ფედერაციის დაშლის პროცესში. ასეთ შემთხვევაში, ჩრდილოეთ კავკასიას შესაძლოა ეფიქრა საკუთარი დამოუკიდებლობის პერსპექტივებზე და ცალკე სახელმწიფოს შექმნაზე, მსგავსად 1918 წლისა. ამ პირობებში, ასეთ შესაძლო სახელმწიფოში, წევრად ან პარტნიორად, განიხილებოდა აფხაზეთიც, რომელიც, ზღვაზე გასასვლელის წყალობით, გარესამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემდა ჩრდილოეთ კავკასიას. ამდენად, კავკასიელებს აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფის თავისი ინტერესიც შეიძლება ჰქონოდათ. ასეა თუ ისე, საბოლოო ჯამში, მივიღეთ „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“, როგორც ერთგვარი მილიტარიზებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მართავდნენ და იყენებდნენ, სანამ სჭირდებოდათ.


ირონიულია, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რაც აქამდე აღვწერეთ 90-იანი წლების მოვლენათა ნაწილში, განვითარდა საქართველოს იმ პრეზიდენტის მმართველობისას,  რომელაც დეკლარირებული ჰქონდა ერთიანი კავკასიური იდეა.


მთელმა ამ პერიოდმა მკაფიოდ უჩვენა, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გამოყენებით ერთი კავკასიელი ერის მიერ მეორე კავკასიელი ერის დამარცხება, ჯამში, სარგებლის მომტანი ვერ ხდებოდა ვერც დამარცხებულისთვის და ვერც ე.წ. გამარჯვებული კავკასიელი ერისთვის.

რამდენადმე ცალკე შეგვიძლია გამოვყოთ 90-იანი წლების მეორე ნახევარი, როდესაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გარკვეული კავშირები დაამყარა რუსეთთან მეორე სამხედრო კონფლიქტში მყოფ ჩეჩნეთთან და, შეფარულად, გარკვეულ მხარდაჭერას უწევდა მათ. საგულისხმოა, რომ The Economist წერდა: "საქართველო,  რომელსაც გამუდმებით ეშინია, რომ რუსეთის მის შიდა საქმეებში ჩაერევა, ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ მალულად დაეხმაროს თავის გაცილებით უფრო პატარა მეზობელს [ჩეჩნეთს]".


სწორედ ამ პერიოდში, 1997 წელს საქართველოს ეწვია ასლან მასხადოვი, რომელიც თბილისში სრული საპრეზიდენტო პატივით მიიღეს. საქართველოში ჩამოსული მასხადოვი, რომელსაც, სხვათაშორის, თბილისის საარტილერიო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, აცხადებდა იმას, რის მოსმენაც ქართველებს, ალბათ, ყველაზე მეტად უნდოდათ და მომავალშიც ენდომებათ: "მე 1996 წელს ვესაუბრებოდი აფხაზეთის ლიდერებს იმ ომის შემდეგ. მართლა ღიად ვესაუბრებოდი, გახსნილი ვიყავი; ვუთხარი, რომ არ მესმოდა მათი ბრძოლის არსი. როგორ შეიძლება გამოეყო საქართველოს და შეუერთდე რუსეთს, რანაირი თავისუფლება ან რა სახელმწიფოებრიობაა ეს?  ქართველი - ეს სიახლოვეა, ადათია, ტრადიციაა, კავკასიაა." ვფიქრობ, ახლო წარსულის ეს ეპიზოდიც უნდა მოვინიშნოთ და გავიხსენოთ მაშინ, როდესაც ქვემოთ საქართველოს სამომავლო სტრატეგიაზე ვისაუბრებთ.


"2004-2008" - ისტორიის ამ ეპიზოდს საქართველოს უახლეს ისტორიას მივაკუთვნებდით და მისი აღწერა საკმაოდ მოკლედ არის შესაძლებელი, რადგან 2004-2008 წლებში საქართველოს ჩრდილოეთი კავკასიის მიმართ, რეალურად, პოლიტიკის არქონის პოლიტიკა ჰქონდა არჩეული. მართლაც, პოლიტიკის არქონაც პოლიტიკაა და, ვფიქრობთ, ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა: ამ პერიოდში (უფრო მეტად კი, წესით, 2006 წლამდე) საქართველოს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა, რომლის გასაღებიც მოსკოვში იყო, მოლაპარაკების გზით მოგვარდებოდა, თუნდაც საქართველოს მხრიდან გარკვეული (თუ არა არსებითი) დათმობების ხარჯზე. ამდენად, საქართველოს ხელისუფლებას, ვფიქრობთ, მიაჩნდა, რომ სანამ არსებობდა ასეთი რესურსი, ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ რაიმე აქტიური პოლიტიკის ქონა მხოლოდ კონტრ-პროდუქტიული იქნებოდა, გააღიზიანებდა რუსეთს და დააბრკოლებდა შესაძლო მოლაპარაკების პროცესს. უახლესი ისტორიის მომდევნო ოთხწლეულში ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველოს პოლიტიკა ჩრდილოკავკასიის მიმართ რადიკალურად შეიცვალა, რის ერთ-ერთ ძირითად საფუძველსაც რუსეთის მეშვეობით პრობლემათა მოგვარების ყოველგვარი გონივრული მოლოდინის გაქრობაში ვხედავთ.


"2008-2012" - რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და, თუ მაინც რაიმე ჰქონდა დასაკარგი, ეს ნამდვილად არ იყო რუსულ-ქართული ურთიერთობა, რადგან ის აბსოლუტურ ფსკერზე იყო. ამდენად, რადიკალურად შეიცვალა საქართველოს პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართაც. ცვლილება შეეხო ურთიერთობათა მთელ სპექტრს და მკაფიოდ გამოხატული სახე მიიღო 2010 წლიდან. უახლესი ისტორიის ამ ოთხწლეულის ფარგლებში ჩვენ შევეხებით ყველა არსებით მოვლენასა თუ მოქმედებას, რომელიც განხორციელდა ან, თუნდაც, ვერ განხორციელდა "აქტიური პოლიტიკის" ფარგლებში.


ასეთ არსებით საკითხებად გამოვყოფდით შემდეგს: ჩრდილოკავკასიის მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას; ჩერქეზების გენოციდის აღიარებას; ტელეკომპანია "პიკ"-ის მაუწყებლობას რეგიონზე; ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო კონცეფციის მიღებას.


პირველ რიგში, დავსვათ კითხვა, თუ რა მიზანს ისახავდა საქართველო, როდესაც გადაწყვიტა აქტიური კავკასიური პოლიტიკის გატარება და შევაფასოთ, რამდენად მიღწევადი იყო ასეთი მიზანი. კითხვა, ვფიქრობთ, ლეგიტიმურია, თუმცა ცხადი პასუხი არ არსებობს და იმაში, რომ ეს ასეა, იმ ექსპერტთა თუ მკვლევართა მოსაზრებებიც  დაგვარწმუნებს, რომლებიც წარსულში წარმოადგენდნენ ამავე პოლიტიკის შემქმნელ და წამმართველ სახელისუფლებო გუნდს. ჩვენი აზრით, მიზანი შეიძლება არც ყოფილიყო კრისტალიზებული ერთ ან რამდენიმე თეზაში. საქმე, ვფიქრობთ, ერთი მხრივ, ის იყო, რომ საქართველო გრძნობდა ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებით გააქტიურების საჭიროებას, ხოლო, მეორე მხრივ, მოხსნილი ჰქონდა ყველანაირი მორალური თუ პოლიტიკური ბარიერი, რომელიც უარს ათქმევინებდა ამგვარ აქტიურობაზე, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთიდან რაიმე პოზიტივის მოლოდინი აღარ არსებობდა. ამავე დროს, 2004 წლიდან მოყოლებული საქართველო საკმაო აქცენტს აკეთებდა თავის რეგიონალურ როლზე როგორც ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური ჰაბი; პოზიციონირებდა, როგორც რეგიონში "დემოკრატიის შუქურა"; როგორც კავკასიის კულტურული, სამეცნიერი, სამედიცინო და სხვა ტიპის ცენტრი; ცდილობდა გაეკეთებინა განაცხადი, როგორც მრავალეროვან, მულტი-კულტურულ სახელმწიფოს, რომელიც მზად იყო, შესაძლებლობის ფარგლებში, დაეცვა და საერთაშორისო განხილვის საგნად ექცია სხვადასხვა კავკასიელ ხალხთა პრობლემა. ასეთი განაცხადების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჩრდილოეთი კავკასიის ექვსი რესპუბლიკა უშუალოდ ემიჯნება, გაჩნდა სურვილი და, გნებავთ, პრეტენზია, რომ საქართველოს გაეტარებინა ფართო რეგიონალური პოლიტიკა ჩრდილო კავკასიის მიმართ. ალბათ, გათვლა იყო რამდენიმე სხვადასხვა შედეგზე, რომელიც სხვადასხვა დოზით იქნებოდა მიღწეული. მათ შორის, დავასახელებდით შემდეგ შესაძლო მიზნებს:


ჩრდილოკავკასიელი მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება - ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან მის მომიჯნავედ მცხოვრები ხალხების პოზიტიური დამოკიდებულების შექმნის მცდელობას ხანგრძლივი ახსნა არ სჭირდება და ეს არც თუ ორიგინალური სურვილი, წესით, ყველა სახელმწიფოს გააჩნია. ეს საკითხი მით უმეტეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რაც ზემოთ აღვწერეთ: უკანასკნელ ათწლეულებში ჩრდილოკავკასიელები აქტიურად იყვნენ ჩართულები (თუ გამოყენებულები) საქართველოს წინააღმდეგ ომებში, მათ შორის,  რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში;


უსაფრთხოების ბარიერის შექმნა - ზოგადად, არც ის არის უჩვეულო, რომ ყოველი სახელმწიფო ცდილობს უშუალო მოწინააღმდეგესთან, მით უმეტეს, სამხედრო კუთხით ძლიერთან, ჰქონდეს ე.წ. ბუფერი. თავის მხრივ, საქართველოც წარმოადგენს ბუფერს თურქეთისთვის, რუსეთისგან პოტენციური საფრთხის პირობებში. ამდენად, რა გასაკვირი და, მით უმეტეს, რა დასაზრახია, რომ საქართველოსაც სურდეს ჰქონდეს ზონა, რომელიც ერთგვარ ბარიერს შექმნიდა რუსეთისთვის საქართველოს მიმართ დამატებითი აგრესიის პირობებში. აქვე ვიტყვით, რომ თუკი ასეთი მიზანი ნამდვილად არსებობდა, ამჟამინდელი მოცემულობით, ეს მიზანი რეალიზებადი არ არის, რადგან რუსეთი მეტ-ნაკლები ეფექტურობით აკონტროლებს ჩრდილოეთ კავკასიას და, თანაც, საკმაო კონტიგენტი ჰყავს განლაგებული უშუალოდ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში;


რუსეთისთვის დისკომფორტის შექმნა - ის, რომ საქართველოს შეიძლება თუნდაც მცირე მასშტაბის საინფორმაციო, ჰუმანიტარული ან სხვა სახის გავლენა ჰქონდეს რუსეთის სამხრეთ რეგიონებზე, ცხადია, ეს რუსეთისთვის უკვე დისკომფორტია და სხვა, რაიმე ხელშესახები მიზეზი არც სჭირდება იმისთვის, რომ ყოველნაირად ეცადოს საქართველოს ამგვარი აქტიურობის აღკვეთას. თუმცა, უფრო კონკრეტულად, საქართველოს მიზანი შეიძლება ყოფილიყო რუსეთის ალტერნატივის შეთავაზება სხვადასხვა ასპექტებში: ქართველების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნაცვლად რუსული სახელმწიფო პროპაგანდისა; ბიზნესის საქართველოში წარმოება, ნაცვლად რუსეთში ინვესტირებისა; განათლების საქართველოში მიღება, ნაცვლად რუსეთისა; ახალი საზოგადოებრივი ჯგუფების ფორმირების ხელშეწყობა, რომლებიც წამოიწყებდნენ ან მხარს დაუჭერდნენ იმგვარ "ქოზებს", რომლებიც სულაც არ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში და სხვა;


ჩრდილოკავკასიელების მეშვეობით დიალოგის წარმოება აფხაზებთან და ოსებთან - ეს, ვფიქრობთ, ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი იყო (ან, თუ არ იყო - უნდა ყოფილიყო). ამ საკითხს შემდგომში განვავრცობთ და აქ მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლებით, რომ აფხაზების მონათესავე ადიღეელები ან კი ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელთა მონათესავე ჩრდილო ოსეთის მაცხოვრებლები, ბუნებრივია, ყველაზე კარგი ელჩები შეიძლება იყვნენ საქართველოს ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის;


საქართველოს იმიჯის ამაღლება - ზემოთ ვისაუბრეთ იმ პრეტენზიებზე თუ განაცხადებზე, რომლებიც საქართველოს ჰქონდა (და აქვს) გაკეთებული რეგიონში თავის როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს მხრიდან ამგვარ როლში აქტიური პოზიციონირება, შესაძლოა, ყოფილიყო ერთ-ერთი სურვილი მაშინ,  როდესაც გადაწყდა აქტიური პოლიტიკის წარმოება ჩრდილო კავკასიის მიმართ;


ეკონომიკური ფაქტორები - ვუშვებთ იმასაც, რომ საქართველოს ჰქონდა გათვლა ჩრდილოეთი კავკასიიდან ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის შესახებ, რადგან საქართველოში ვაჭრობა, საქართველოში ან საქართველოს გავლით მოგზაურობა, ისევე, როგორც სხვადასხვა სერვისების მიღება, ხშირ შემთხვევაში, მეტად მოსახერხებელია ჩრდილოეთი კავკასიის იმ მოსახლეობისთვის, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს საზღვრიდან (უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში, თბილისიდან) რამდენიმე საათის სავალ მანძილზე ცხოვრობს. ამასთან, საქართველო შესაძლოა გამხდარიყო ერთგვარი თავშესაფარი იმ კაპიტალისთვის, რომლის დაკარგვის პოტენციური საფრთხე გააჩნია რუსეთში ყველა პირს, რომელსაც პრობლემა შეიძლება შეექმნას ადგილობრივ თუ ფედერალურ ხელისუფლებასთან.


მიგვაჩნია, რომ ამ გაზომვად თუ გაუზომავ მიზანთა და ამოცანათა ნაზავი ამოძრავებდა საქართველოს მაშინ, როდესაც, მიუხედავად რუსეთის პოტენციური გაღიზიანებისა, გადაწყვიტა გააქტიურებულიყო ჩრდილოეთი კავკასიის მიმართულებით, რადგან, როგორც ვთქვით, რუსეთის გაღიზიანება დამატებით ნეგატივში ვეღარ გადაითარგმნებოდა.


რაც შეეხება ამ არადეკლარირებულ მიზანთა და ამოცანათა განხორიელებას, ამ გზაზე პირველი ნაბიჯი საზღვრის გახსნა, ანუ, სავიზო რეჟიმის გაუქმება იყო. რა იყო უჩვეულო საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში? ყველაზე საგულისხმო უვიზო რეჟიმით აპლიკაცია, ანუ, მისით მოსარგებლე რესპუბლიკათა ნუსხა იყო: საქართველოში თავისუფლად მოგზაურობის უფლება დაერთო არა რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, არამედ მხოლოდ ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ადიღეასა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში ჩაწერილ მოქალაქეებს. მოდით, ამ მომენტში გვერდით გადავდოთ საკითხის ეკონომიკური და ადამიანური ფაქტორები, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია, არამედ შევხედოთ წმინდად პოლიტიკურ ჭრილში. საქართველომ ამ გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან გამიჯნა რუსეთი და ჩრდილო კავკასია. ეს რუსეთისთვის მტკივნეული მოვლენა უნდა ყოფილიყო იმ იარების გათვალისწინებით, რაც მას აქვს რეგიონში;


მეორე ნაბიჯი იყო ჩერქეზთა გენოციდის აღიარება. რთულია იმის გაზომვა, თუ რამდენად გაუმჯობესდა (ან თუ გაუმჯობესდა) ჩერქეზთა თუ სხვა კავკასიელ ხალხთა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით, თუმცა, დიდი ალბათობით, ამას ჰქონდა გარკვეული პოზიტიური ეფექტი. საქართველო, რომელიც,  რუსული პროპაგანდის წყალობით, მოძმე აფხაზთა მჩაგვრელად იყო შერაცხული, გამოვიდა სხვა ჩაგრულ კავკასიელთა ტრაგედიის აღიარებისა და ისტორიული სამართლიანობის დადგენის წინადადებით. ამასთან, მაღალი ალბათობით, არსებობდა გათვლა იმისაც, რომ ამ მოვლენას შეიძლება მოჰყოლოდა გარკვეული, თუნდაც მორალური სახის დისკომფორტი რუსეთისთვის, რომელიც 2014 წელს იმ ადგილას აპირებდა ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას, სადაც მოხდა ჩერქეზთა გენოციდი ან სადაც ეს ერი სახლობდა;


მესამე ნაბიჯად დავასახელეთ ქართული ტელეკომპანიის მაუწყებლობის გავრცელება ჩრდილოეთ კავკასიაში. ყველასთვის ცხადი იყო, რომ ეს რუსულ-ენოვანი არხი წარმოადგენდა საქართველოს პროპაგანდისტულ მანქანას საქართველოს სასარგებლო და რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობების განსავითარებლად. არხის მაუწყებლობის შედეგები რთულად დათვლადია, თუმცა მარტივად დასაანგარიშებელია ის ხარჯები, რომლებიც გაწეული იქნა არხის ფუნქციონირებისთვის და რომელიც რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენდა. მიუხედავად გარკვეული პოზიტივისა, ახალი ამბების გაშუქება იმდენად მიკერძოვებულ ხასიათს ატარებდა, რომ იგი ზოგ შემთხვევაში კონტრ-პროდუქტიულადაც კი იყო მიჩნეული ექსპერტთა ნაწილის მიერ.


საქართველოს აქტიურ პოლიტიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ძირითადად, 2010-2012 წლებში, შემდგომში, რეკომენდაციების ნაწილში შევაფასებთ, თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში, საქართველოს სახელმწიფოს სურვილი გასაგები და, ხშირ შემთხვევაში, მისასალმებელიც იყო, განხორციელებულ მოქმედებებს აკლდა თანმიმდევრულობა, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებულობა, შედეგების გაზომვადობა და გრძელვადიანი ხედვა.


ამ სტატიის მიზნებისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთგვარი ხიდი გავდოთ აწმყოში არსებულ საქართველოს ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკასა და სამომავლოდ, ჩვენი აზრით, განსავითარებელ პოლიტიკას შორის. ამავე მიზნებისთვის, ყველაფერს, რაც მოხდა 2012 წელს და მას შემდეგ, მივიჩნევთ არა უახლეს წარსულად, არამედ არსებულ მოცემულობად მიუხედავად იმისა, თუ საქართველოს რომელი ხელისუფლების პერიოდს ეკუთვნის ესა თუ ის მოქმედება (ან უმოქმედობა), რადგან სტატია ეხება საქართველოს და არა მისი რომელიმე ხელისუფლების პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიაში.


3. არსებული მოცემულობა


იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის ამჟამინდელ სტატუსზე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ორი დოკუმენტი, რომლებიც,  მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის საკმარისად აქტიურად არ გამოიყენება საქართველოს მიერ რეალურად წარმოებულ პოლიტიკაში (რის მიზეზებსაც ქვემოთ ავხსნით),  არავის გაუუქმებია და ფორმალურად დღესაც ინარჩუნებს სახელმძღვანელო ფუნქციას. ეს ორი დოკუმენტია "ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია" და "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია".


ზოგადად, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული მიდგომებისთვის წერილობით ჩამოყალიბებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი სახის მიცემა, ვფიქრობთ, თავისთავად დადებით მოვლენას წარმოადგენს და პოლიტიკის ერთგვარი სიმყარის შეგრძნებას იძლევა.


რაც შეეხება დოკუმენტების შინაარსს: პირველ რიგში მიმოვიხილავთ "ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის კონცეფციას", რომლის პრეამბულა შეესაბამება ჩვენ მიერ ამ სტატიის საწყის ნაწილში აღწერილ ისტორიას. კერძოდ, კონცეფცია აღიარებს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა კავშირებს და იმას, რომ კულტურულმა ნათესაობამ, ტრადიციათა მსგავსებამ და ხანგრძლივად ერთ გეოგრაფიულ არეალში - კავკასიის რეგიონში - ცხოვრებამ, ხალხთა დაახლოება განაპირობა. პრეამბულის მიხედვით, საქართველო კავკასიის განუყოფელი ნაწილია და აქ მიმდინარე ყველა პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის. კონცეფციის შესავალშივე გაცხადებულია, რომ საქართველო დაინტერესებულია ჩრდილოეთი კავკასიის სტაბილურობით, უსაფრთხოებით, ეკონომიკური განვითარებით და აცხადებს, რომ ეს შედის როგორც ჩრდილოკავკასიელთა, ისე საქართველოს ინტერესებში.


კონცეფცია გვთავაზობს რვა მიმართულებას, რომელთა განვითარება ემსახურება ქართველთა და ჩრდილოკავკასიის ხალხთა დაახლოების და საერთო საკითხების ეფექტურად გადაჭრის მიზანს. ჩვენ მაქსიმალურად მოკლედ შევეხებით კონცეფციით გათვალისწინებულ ზოგიერთ ასპექტს:


ადამიანთა შორის კავშირები - ამ მუხლში, სხვა, შედარებით სტანდარტულ ჩანაწერებთან ერთად (რომლებიც ეხება ტურიზმს, ახალგაზრდათა დაახლოვებას და სხვა) მნიშვნელოვანი პასაჟი გვხვდება: "საქართველო პატივს სცემს განსხვავებული რელიგიური და სხვა ღირებულებების მქონე ადამიანებს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოკავკასიელ ხალხებში ყველაზე გავრცელებული რელიგია ისლამია, საქართველო მოხარულია მისცეს მათ შესაძლებლობა, მისი ტერიტორიის გავლით მოილოცონ წმინდა ადგილები". იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა როლი აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამს როგორც ადამიანურ, ისე პოლიტიკის დონეზე, კონცეფციაში ამ საკითხის, თუნდაც ტურიზმის კონტექსტში, შემოყვანას დიდი მნიშვნელობა აქვს და სულ სხვა ელფერს სძენს მოცემულ მუხლს;


ადამიანის უფლებები - ამ დებულებაში საქართველო აფიქსირებს თავის შეშფოთებას ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით ჩრდილოკავკასიაში და აცხადებს, რომ  საქართველო იზიარებს კავკასიელ ხალხთა ღირებულებებს და მზადაა, დაეხმაროს მათ დაცვაში, მათ შორის, უშუამდგომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა მოხდეს ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების დაცვა. საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციად მიაჩნია ჩრდილოეთ კავკასიასა და გარესამყაროს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა. აქვე საქართველო აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას;


განათლება და მეცნიერება - აქ აქცენტი კეთდება საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობაზე და საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობაზე.  რაც შეეხება მეცნიერებას, საქართველო აცხადებს, რომ სხვადასხვა ღონისძიებების გატარებით იზრუნებს კავკასიელ ხალხთა ენებისა და იდენტობის შენარჩუნებაზე;


კონომიკა და ვაჭრობა - საქართველო აცხადებს, რომ მიესალმება ინვესტიციებს ჩრდილოკავკასიიდან და ხაზს უსვამს, რომ საქართველო შეიძლება იყოს როგორც  ლოჯისტიკური ფუნქციის მატარებელი, ისე გამოყენებულ იქნას პლატფორმად, რათა კავკასიურმა ბიზნესებმა საერთაშორისო დონეზე მოახდინონ პოზიციონირება;


ისტორიული სამართლიანობის დადგენის ხელშეწყობა - საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს კავკასიის ხალხების მიმართ სხვადასხვა ეპოქაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, ანალიზსა და მისი საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობას. ამის მაგალითად კონფენცია მანამდე, 2011 წელს, ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაზე მიუთითებს;


დიასპორებთან ურთიერთობა - საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს კომუნიკაციას და დიალოგს იმ ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით მოუწიათ რეგიონის დატოვება. აქ, ვფიქრობთ, არაპირდაპირი აქცენტი კეთდება მუჰაჯირობის პერიოდში დღევანდელ თურქეთსა და სირიაში გადასახლებულ ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობაზეც;


ჯანმრთელობის დაცვა - საქართველო აცხადებს, რომ მას შეუძლია იყოს რეგიონის სამედიცინო ჰაბი და მზად არის გაუწიოს სამედიცინო მომსახურება ჩრდილოკავკასიის მოსახლეობას ისევე, როგორც იზრუნოს იქაური მედიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.


ამით საქართველომ მონიშნა ის ძირითადი მიმართულებები, სადაც თანამშრომლობის საჭიროებასა და შესაძლებლობას ხედავს. აქედან ზოგიერთი პუნქტი წმინდად დეკლარაციული ხასიათისაა, თუმცა, ჯამში, დოკუმენტი შესაძლოა მუშა, საკმაოდ კონკრეტული და განხორციელებადი დებულებების შემცველად იქნას განხილული. თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ სპეციფიკურ აქცენტს (მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას თუ ისტორიული სამართლიანობის დადგენაში ხელშეწყობის საკითხს, რომლებიც რუსეთისთვის ცალსახად უსიამოვნოა), შეიძლება ითქვას, რომ რთულია, დოკუმენტი ვინმესთვის მიუღებელი ან, მით უმეტეს, გამაღიზიანებელი იყოს. პირიქით, იგი ძირითადად კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური აქცენტების მატარებელია, რასთანაც რთულია პრეტენზია გქონდეს.


რაც შეეხება "ეროვნული თავდაცვის კონცეფციას", იგი შემდეგ არსებით ჩანაწერებს შეიცავს ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონის და მისი როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურაში:


"კავკასიაში არსებული კონფლიქტები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებაზე... რუსეთი ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობა".


"საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გარემოს შექმნას და მშვიდობის დამყარებას... საქართველო აცნობიერებს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მიზნებთან და პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მათი ინფორმირებულობის გაზრდას, კავკასიაში ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ენები, კულტურული და ისტორიული მონაპოვარი მსოფლიო საგანძურის ნაწილია და მათი შენარჩუნება-განვითარებაზე ზრუნვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია".


"კავკასია მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისა და ჯგუფის საერთო სახლია".


მიგვაჩნია, რომ "ეროვნული თავდაცვის კონცეფციაში" გაჟღერებული გზავნილები, შესაძლოა არც ისე ვრცელი, მაგრამ საკმარისად მკაფიოა და სრულად ეხმიანება ჩრდილოკავკასიელ ხალხთან საქართველოს ურთიერთობის კონცეფციასაც და არსებულ რეალობასაც. აქვე, რთულად წარმოსადგენია, რომ სახელმწიფომ თავისი უსაფრთხოების კონფენცია იმაზე განზრახვით შეადგინოს, რომ რომელიმე სახელმწიფო გააღიზიანოს, ან, პირიქით, იმაზე ზრუნვით, რომ ამგვარი გაღიზიანება თავიდან აიცილოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ზემოთ მოცემული კონცეფციები, იმ დათქმებით, რაც აღვნიშნეთ, ერთიანობაში, მეტ-ნაკლებად მწყობრ მიდგომას ქმნიან და სწორ აქცენტებს სვამენ.


მოკლედ ვიტყვით იმასაც, რომ 2017-2020 წლის საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა და საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ახსენებს ჩრდილოეთი კავკასიიდან კონფლიქტების საქართველოში გადმოდინების საფრთხეს. ამგვარი მოკლე განცხადებები, შესაძლოა, ამავე დოკუმენტების ბუნებით აიხსნას, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი უფრო ფართოდ არის გაშლილი "ეროვნული თავდაცვის კონცეფციაში".


რომ გავცდეთ დოკუმენტებს და დავუბრუნდეთ მის მიღმა არსებულ პოლიტიკას, ცხადია, გასათვალისწინებელია, რომ 2012 წლის შემდეგ შეცვლილია კონტექსტი. ჩვენ არ შევეცდებით შევაფასოთ შეცვლილი კონტექსტი უკეთესია თუ უარესი, არამედ მხოლოდ ფაქტების დონეზე აღვწერთ იმ მოცემულობას, რომელიც არსებობს.


2012 წლის შემდეგ საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ არც საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეუცვლია და არც რაიმე წინსვლა ჰქონია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლიდან და რუსეთისადმი შერბილებული რიტორიკიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გააჩნდა გარკვეული რესურსი, რათა სხვადასხვა ფორმატებში ეწარმოებინა დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან და ჰქონოდა რუსეთის საპასუხო მოქმედებების მოლოდინი.


სწორედ რიტორიკის შერბილების ფარგლებში, საქართველო, რეალურად, დაუბრუნდა 2004-2008 წლების "პოლიტიკის არქონის პოლიტიკას" კონკრეტულად ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებით. ამდენად, დღეის მოცემულობით, რთულია ქართული პოლიტიკის ავ-კარგიანობის შემოწმება. ამის სანაცვლოდ, შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ რამდენიმე თეზისი და პრინციპი, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ქართული სტრატეგია მომიჯნავე რეგიონთან მიმართებით. ეს მოიცავს რეკომენდაციებს, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, თუ რისგან არის თავის შეკავება სასურველი ქართული სახელმწიფოსთვის. 


4. რეკომენდაციები მომავლისთვის


უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოს ჩრდილოეთი კავკასიის მიმართ პოლიტიკაზე დაკვირვებისას იკვეთება რამდენიმე საგულისხმო ფაქტი.


პირველი, ყველაზე ცხადი და ადვილად დაკვირვებადი გარემოება ის არის, რომ საქართველოს აქტიური პოლიტიკა ჰქონდა ან რუსეთის მიმართ ან ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. ამ ეტაპისთვის, საქართველოს სახელმწიფომ ვერ მოახერხა, შეემუშავებინა იმგვარი მიდგომა, რომელიც ამ ორ პოლიტიკას ერთმანეთის გამომრიცხავად არ წარმოადგენდა. შესაბამისად, პირველი ზოგადი რეკომენდაცია სამომავლო პოლიტიკის ჩამოყალიბებისას ის არის, რომ ჩრდილოკავკასიის მიმართ შემუშავებული სტრატეგია იყოს იმგვარი ხასიათის, რაც საჭიროს არ გახდის სტრატეგიის განხორციელების სრულად შეწყვეტასა თუ გაუქმებას, პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის პირობებში. ამავე კონტექტში უნდა ითქვას, რომ საჭიროა არსებობდეს დაბალანსებული შუალედი "პოლიტიკის არქონის პოლიტიკასა" და აქტიურ, პროვოცირების ზღვარზე მყოფ პოლიტიკას შორის. სწორედ ასეთი მიდგომა გვესახება სიცოცხლისუნარიანად და შედეგზე ორიენტირებულად.


მეორე და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლის დაცვის საჭიროებაც უკვე რამდენიმე საუკუნემ გვაჩვენა, არის ჩრდილოკავკასიელი ხალხის ინტერესებით "ვაჭრობის აკრძალვა". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ან კონკრეტულ ტაქტიკურ ამოცანათა თუ საჭიროებათა გადაჭრა ჩრდილოკავკასიელი ხალხების ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოახდინოს. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, რომლებიც ასევე ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება: პირველ რიგში, ასეთი მოქმედება დააზიანებს საქართველოს მიმართ ნდობას, რასაც უკვე ჰქონია ადგილი, განსაკუთრებით კი მე-19 საუკუნეში და ჩვენ ვნახეთ, რომ მისი აღდგენა ისტორიული მეხსიერების დონეზე ასწლეულების საკითხია; და მეორე, წარსული იმასაც გვეუბნება, რომ არცერთ კავკასიურ ერს, გარე ძალის (რუსეთის) დახმარებით თუ მის სასარგებლოდ, მეზობელი ერის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმატებისთვის არ მიუღწევია. პირიქით, როგორც წესი, "ინტერესებ-გაწირული" ერის შემდეგ სწორედ "ინტერესის-გამწირველი" ერის ჯერი დგებოდა ხოლმე. სწორედ ამიტომ, პრაქტიკულ დონეზე, საქართველომ უნდა უზრუნველყოს საქართველოში მყოფი ან მოღვაწე ჩრდილოკავკასიელი მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათი საკუთრების ხელშეუხებლობა, თავი შეიკავოს მათი ოფიციალური თუ არაოფიციალური ექსტრადიციისგან იმ შემთხვევებში, როდესაც ამის საშუალებას საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა იძლევა (საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც იკვეთება ექსტრადიციას დასაქვემდებარებელ პირთა მიმართ პოლიტიკური დევნის ნიშნები).


მესამე, საქართველოს ჩრდილო კავკასიის მიმართ სჭირდება გრძელვადიანი და თანმიმდევრული, სტაბილური პოლიტიკა. მოკლედ მოგახსენებთ, თუ რას ვგულისხმობთ:


უპირველეს ყოვლისა, საქართველომ უნდა განსაზღვროს, თუ რა სჭირდება მას, ანუ, რა შედეგზე და ამოცანაზე აქვს გათვლა. როგორც მიზნები და ამონაცანები, ისე, მათი მიღწევის საშუალებები უნდა იყოს რეალისტური და განხორციელებადი, ხოლო შედეგები, საუკეთესო შემთხვევაში - დათვლადი. 2010-2012 წლებში გატარებულ პოლიტიკას, ჩვენი აზრით, სწორედ ის ნაკლი ჰქონდა, რომ საქართველომ არც ის იცოდა, თუ ზუსტად რა უნდოდა, არც ის - თუ როგორ მიეღწია შედეგისთვის და, რაც ყველაზე თვალშისაცემია, ჩნდებოდა განცდა, რომ ისეთ მიზნებს ეპოტინებოდა, რომელთა მიღწევის რესურსი არ გააჩნდა ან, როგორც მინიმუმ, ნაადრევი იყო.


რატომ არის ეს საკითხი კრიტიკული? არა მარტო იმიტომ, რომ არის რისკი იმის, რომ გაიფლანგოს რესურსი (თუნდაც ფინანსური), ხოლო შედეგი არ დადგეს. მავანმა შეიძლება თქვას, რომ სულ არაფრის კეთებას, სჯობს გარკვეული მანევრები გაკეთდეს, თუნდაც რაიმე კონკრეტული და ხელშესახები შედეგი არ დადგეს. ზოგ შემთხვევაში, ეს მიდგომა შეიძლება სწორიც იყოს, "ცუდად ჯდომას, რომ ცუდად შრომა სჯობია", იმ საკამათო პრინციპით. მაგრამ აქ სხვა პრობლემაა: საქართველოს აქტიურობას, მის მიერ განხორციელებულ მანევრებს  კავკასიონის ქედს მიღმა არაერთი მცხოვრები პირი აჰყვა, ირწმუნა, მიიღო მონაწილეობა გარკვეულ პროექტში თუ პროგრამაში, შესაძლოა, საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასადაც, ხოლო, რაღაც მომენტში, საქართველოს სახელმწიფომ (და ამ გაგებით სულერთია, თუ რა ერქვა მმართველ პარტიასა თუ ლიდერს) შეცვალა საკითხის მიმართ მიდგომა, სხვადასხვა მოსაზრებიდან გამომდინარე. ამგვარი პრაქტიკა არ უწყობს ხელს ნდობის გარემოს შექმნას და საქართველოს სამომავლო მოქმედებათა განხორციელების პერსპექტივას.


გარდა ამისა, მესამე თეზაში ვგულისხმობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქვე-პრინციპს: საქართველოს პოლიტიკა უნდა მოერიდოს ისეთი მახვილი, აგრესიული ვექტორების ქონას, რომლებიც თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ადაპტირებას არ ექვემდებარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაცხადებული სტრატეგია არ შეიძლება იმდენად მკვეთრი და მოუქნელი იყოს, რომ საჭიროებიდან თუ ხელისუფლების ცვლილებიდან გამომდინარე, საქართველოს არ შეეძლოს მისი კორექტირება და იძულებული ხდებოდეს, ან მთლიანად შეცვალოს იგი ან უბრალოდ სტრატეგია ფურცელზე დატოვოს, თუმცა რეალობაში აღარ (ან ვეღარ) განახორციელოს. კონცეფცია, უნდა იყოს სტაბილური პროდუქტი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა გარემოების ან პოლიტიკური გემოვნების გამო, სხვადასხვა ხარისხით შეზავდეს და შეიკმაზოს, მაგრამ პროდუქტი პროდუქტად რჩებოდეს. სტაბილურობა და მიდგომათა სიმყარე, თავის მხრივ, ნდობასაც უზრუნველყოფს და განხორციელებასაც უნდა რეალურს ხდის.


ცალკე მეოთხე საკითხად შეიძლება გამოვიტანოთ ის პრინციპი, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკამ ჩრდილოეთი კავკასიის მიმართ, არ შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთებში, პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში ასოცირდება რუსეთის სახელმწიფოს დასუსტებასთან, რაც, როგორც წესი, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა, საბოლოო ჯამში, კონკრეტული შედეგის არმქონე რყევები ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველ ხალხსაც აზარალებდა და ჩრდილოკავკასიელ პარტნიორებსაც. შესაბამისად, დესტაბილიზაციის გაღვივების მცდელობა ან მისი ხელშეწყობა არ არის ის მიმართულება, რასაც საქართველო პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა უჭერდეს მხარს.


ყველა ამ პრინციპის გათვალისწინებით, ჩვენი მოსაზრებით, საქართველომ უნდა აწარმოოს რეალური პოლიტიკა ჩრდილოკავკასიის მიმართ, რადგან ეს საქართველოს ბუნებრივი მდგომარეობა და განგრძობადი საჭიროებაა. ამასთან, ვფიქრობთ, რომ გასაზიარებელია "ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციის" ის ძირითადი ასპექტები, რომლების კულტურული, სავაჭრო, ჰუმანიტარული ელემენტების მატარებელია.


მიგვაჩნია, რომ საქართველოს პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი ჩრდილოკავკასიასთან მიმართებით არ უნდა იყოს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი. მით უმეტეს დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კონტექტში ჩრდილოკავკასიის ბუფერად განხილვა. მიამიტობა იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ საქართველოს ამგვარი მიდგომა შეუნჩნეველი დარჩებოდა და რომ, შემჩნევის პირობებში, რომელიმე ერი ნებაყოფლობით ითანამშრომლებს ჩვენს სახელმწიფოსთან იმისთვის, რათა საქართველოსთვის დამცავი ფუნქცია შეასრულოს.


ამის სანაცვლოდ, ზოგადი მიზანი უნდა იყოს ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან მაქსიმალური დაახლოვება კულტურულ (საგანმანათლებლო, სამეცნიერო), ჰუმანიტარულ (მედიცინა) და კომერციულ (ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციები, ბიზნესი, საერთაშორისო ვაჭრობის პლატფორმა) სფეროებში თანამშრომლობის პირობებში. აქ საგანგებოდ აღვნიშნავდით, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებდით კომერციულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების მონაწილეთა უფლებების, მათ შორის, საკუთრების ხელშეუხებლობისა და ინვესტიციების დაცვას.


ვფიქრობთ, რომ საქართველო აქტიურად უნდა პოზიციონირებდეს, როგორც ჩრდილოკავკასიელთა საკომუნიკაციო ფანჯარა გარესამყაროსთან, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობის მიზნებისთვის. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, საქართველო შეიძლება იყოს პლატფორმა თავად კავკასიელ ხალხებს შორის დიალოგისთვისაც, რადგან ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონი მრავალ მოუგვარებელ პრობლემას და მოუშუშებელ იარას ატარებს იქ მცხოვრებ ერთა შორის ურთიერთობაშიც.


თავის მხრივ, საქართველოს მოლოდინი (და ერთ-ერთი მიზანიც) შეიძლება იყოს ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მხრიდან შუამავლობა და სახალხო დიპლომატიის გააქტიურება აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესის დაწყებისა და საბოლოო რეინტეგრაციისთვის.


ზემოაღნიშნული მიზნებისთვის და მოქმედებებისთვის, საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი დამატებითი ელემენტები ქართულ ჩრდილოკავკასიურ სტრატეგიაში:


პირველ რიგში, საჭიროა ჩრდილოკავკასიის მოსახლეობის მუდმივი ინფორმირება საქართველოს მიერ წარმოებული პოლიტიკის, საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგების შესახებ. ამისთვის უნდა იყოს გამოყენებული ყველა საკომუნიკაციო რესურსი, მათ შორის, ინტერნეტ რესურსი.


მეორე, აუცილებელია ხდებოდეს კავკასიაში მიმდინარე მოვლენების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი. საჭიროების შესაბამისად, შესაძლოა გარკვეული ცვლილებების შეტანა საქართველოს სამოქმედო გეგმებში და გაკეთებულ გზავნილებში.


მესამე, კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო გაცვლების ფარგლებში, სასურველია, თითოეულ რესპუბლიკაში, საზოგადოების სხვადასხვა ფენაში არსებობდნენ პირები, რომლსაც გარკვეული გავლენა აქვთ საკუთარ თემში და ლოიალურები (თანამოაზრეები) იქნებიან საქართველოს წამოწყებებისა და განხორციელებული მოქმედებებისადმი.


მიგვაჩნია, რომ ამგვარი გრძელვადიანი, პრაგმატული, სტაბილური პოლიტიკის წარმოება მოგვცემს საშუალებას, მოვიპოვოთ მეზობელ ხალხთა ნდობა, კეთილგანწყობა, დავამყაროთ საჭირო კავშირები და, პერსპექტივაში, მივიღოთ კონკრეტული გაზომვადი და შეფასებადი შედეგები. ამასთან, აღწერილი მიდგომები, ვფიქრობთ, უზრუნველყოფს, რომ არჩევანი არ იყოს შეზღუდული შემდეგი მოცემულობებით: რუსეთი ან ჩრდილოეთი კავკასია; პოლიტიკის არქონა ან აგრესიული პოლიტიკა;  საქართველოს ინტერესები ან მეზობელი ერების ინტერესები და სხვა მსგავსი დილემები, რომელთათვის თავის არიდება პოლიტიკური სიმწიფისა და დამოუკიდებლობის მეოთხე ათწლეულში შესვლის ნიშანი უნდა გახდეს. 

ავტორი: სანდრო სამადბეგიშვილი

17 მარტი, 2020 წ.

https://www.geocase.ge/

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.