USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
дата:  362

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ, პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე საქართველოს ეკონომიკა სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამ კუთხით საქართველო და ევროკავშირი აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობენ. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკის ხელახლა ამუშავებისა და ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმიზაციისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე. ხაზი გაესვა სამიტის მიმდინარე წელს ჩატარების მნიშვნელობას და ორმხრივი მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელების აუცილებლობას, რათა დაისახოს კონკრეტული ამოცანები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს კარგი საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების, ასევე ვიზალიბერალიზაციის სახით, ინტეგრაციის პროცესში შემდგომი ორმხრივი ნაბიჯების გადასადგმელად.

საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის როლსა და მნიშვნელობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გააქტიურების კუთხით.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვას მაშინაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ამ კუთხით ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება პირისპირ შეხვედრაზე განიხილონ, რომელიც, მსოფლიო პანდემიის დასრულების შემდეგ, ბრიუსელში გაიმართება.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати