USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
თბილისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა − „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023″
თარიღი:  449

სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებო,

 

ევროკომისრებო,

 მინისტრებო,

 ძვირფასო მეგობრებო,

 ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მივმართავდე გლობალური კარიბჭის ფორუმის მონაწილეებს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს დღეს ბრიუსელში ჩვენი მასპინძლობისათვის.

 2021 წლის დეკემბერში, როდესაც გლობალური კარიბჭის ინიციატივა შეიქმნა, ევროკავშირმა პარტნიორები მოიწვია მდგრად განვითარებაზე აქცენტირებისთვის ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემათა გაძლიერებისა და ციფრული წინსვლის ხელშეწყობის საშუალებით.

 ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მის ერთ-ერთ უძლიერეს აქტივს წარმოადგენს, ამიტომ გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენი შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად. გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად.

 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოუყენებელი შესაძლებლობები შავი ზღვის კვეთით, რაც მტკიცედ დაგვაკავშირებს ევროკავშირთან და საშუალებას მოგვცემს, სრული პოტენციალი ავითვისოთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის.

 აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შუა დერეფანი საქართველოს გავლით ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით, გამარტივებული პროცესებით და კონკურენტული ხარჯთწარმოებით იზრდება ამ დერეფნის მნიშვნელობა.

საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად ჩვენი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განხორციელდა ქვეყნის გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაზე ისევე, როგორც ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების შემუშავებაზე.

 ეს მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, რომელიც სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის და მწვანე, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოს გავლით ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ხოლო შავ ზღვაზე გაუმჯობესებული საბორნე მიმოსვლა გააძლიერებს საერთაშორისო ტრანზიტს შუა დერეფნის გავლით.

 ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის დიდი ოდენობის ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. გარდა ამისა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი სწრაფ ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე, რაც ჩვენს მოსახლეობას უფრო სწრაფი და საიმედო ინტერნეტკავშირით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

 საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით 2024 წლის ბოლომდე ეროვნული რკინიგზის გამტარუნარიანობა ორჯერ გაიზრდება ძირითადი მაგისტრალებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დაგეგმილ გაუმჯობესებასთან ერთად.

 

ჩვენი მთავრობა საჰაერო კავშირსაც აძლიერებს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, რომელიც უმაღლესი კატეგორიის სატრანსპორტო კვანძი გახდება და საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს გლობალური საავიაციო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილის რანგში.

ვაღიარებთ რა ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხთა გადაჭრის აუცილებლობას, აქტიურად ვნერგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში. მათ შორისაა ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროები.

 როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით არსებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძირითადი მილსადენები უზრუნველყოფს ნახშირწყალბადების უსაფრთხო ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით.

 ყველა ახალი ტრანსფორმაციული პროექტი შედეგად იქონიებს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას ჩვენი ხალხისა და, ზოგადად, რეგიონისთვის.

 განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების როლი ამ პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია. სხვათა შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს. საქმიანობის დაწყების დღიდან მას მნიშვნელოვანი საკრედიტო რესურსი აქვს გამოყოფილი და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში.

 მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კომპლექსური საკითხები არასტაბილურობით ხასიათდება და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თან სხვა რეგიონული და გლობალური პრობლემა-გამოწვევები არსებობს – მათ შორის საქართველოსთვის – პრაგმატული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ჩვენმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი მშვიდობა-სტაბილურობის შენარჩუნება. ეს არის მთელი ათწლეულის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის პერიოდი საქართველოში! ჩვენ უზრუნველვყავით ასევე ძლიერი ეკონომიკური ზრდა.

 ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა საქართველოში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10 პროცენტზე მეტი იყო 2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, საქართველო, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის სტატუსს.

 საქართველოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების შედეგები სამომავლოდაც უზრუნველყოფს  ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს საკანონმდებლო, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტების ინდექსებში დიდი მოწონებით სარგებლობს. მინდა რამდენიმე მათგანი ვახსენო:

 „World Justice“ პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, 2023 წელს საქართველო პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; 2021 წლის „ღია ბიუჯეტის“ კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საერთაშორისო რეიტინგის თავში მოექცა საქართველო; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში“ საქართველომ ევროკავშირისა და ნატოს ბევრ წევრ სახელმწიფოს გადაუსწრო; „Fraser Institute“-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პირველ 25-ეულშია საქართველო 2023 წლის მდგომარეობით.  

 ჩვენი ყოველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას, მოდერნიზაციასა და განვითარებას ისახავს მიზნად, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ ოჯახში – იქ, სადაც ეკუთვნის.

 მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლაზე ვისაუბრო. ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს – გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას.

ძვირფასო მეგობრებო, რაც მთავარია, ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. საგულდაგულო, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში. გულდასმით გავითვალისწინეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული ყველა წინადადება და ძლიერ წინსვლას მივაღწიეთ.

 ამიტომ ქართველი ხალხი ელის, რომ საქართველოს შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად იქნება შეფასებული. გულდასმით, ერთგულებით და ჯეროვნად შემუშავებული გეგმით ჩვენი ერის ცივილიზაციური ბედისწერის რეალიზებისა და ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანებისთვის მოუთმენლად ველით კანდიდატის სტატუსის მიღებას.

 აშკარაა, რომ საქართველოს მოგზაურობა ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენი გლობალური პარტნიორობის გაძლიერებისკენ ურყევი ერთგულებით, გამძლეობით გამოირჩევა. ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ ვრჩებით ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ერთგულნი. დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და გამჭვირვალობის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია. საქართველო, როგორც ევროპული ერი და ბუნებრივი, გლობალური კარიბჭე, მზადაა, გააძლიეროს ევროკავშირი და წვლილი შეიტანოს მის უკეთეს მომავალში.

 დიდი მადლობა!

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.