საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. იგი ქართული კონსტიტუციონალიზმის თავფურცელია. საქართველოს პირველი კონსტიტუციის ტექსტი დაეფუძნა კონსტიტუციონალიზმის იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებიც ასეთ პრინციპებად აღიარებული იყო პროექტის შემუშავებისა და მიღების პერიოდში დასავლურ კონსტიტუციონალიზმში. ესენია: ხელისუფლების ფუნქციონალური განაწილების (კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობა პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლოს); მმართველობის ფორმის უცვლელობის; პარლამენტის უზენაესობისა და სუვერენობის; პარლამენტის უწყვეტობის; სახალხო სუვერენიტეტის; რესპუბლიკური მართვა-გამგეობის; უშუალო დემოკრატიის (რეფერენდუმი); კოლეგიალური მართვა-გამგეობის; აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის; აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის პრინციპები.
კონსტიტუცია დაეფუძნა საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რომელიც შემდგომში ამ კონსტიტუციის პრეამბულად ითვლებოდა. კონსტიტუციამ მმართველობის ფორმად საპარლამენტო რესპუბლიკა დაამკვიდრა ერთი განსაკუთრებული თავისებურების გათვალისწინებით - სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე, რაც მათი მხრიდან მონარქიის შიშით იყო გამოწვეული. სოციალ-დემოკრატები პრეზიდენტს მონარქთან აიგივებდნენ.
კონსტიტუცია შედგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან.