დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვას დაიწყებს.
საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. კომიტეტის სხდომამდე, 15:00 საათზე, იგეგმება უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისში გაიმართება.
როგორც "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები აცხადებენ,ისინი არც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში და არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას,ვიდრე გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ.
მათი განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები კიდევ ერთხელ ჩავარდება, პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დაეკისრება, ვინაიდან, მან 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შეასრულა.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციური კანონის პროექტის შესაძლო ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თითოეული დეპუტატი კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
რაც შეეხება სხვა ფრაქციებს, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არაერთხელ დააფიქსირეს "პატრიოტთა ალიანსმა" და "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" , ასევე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს 17:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისათვის, კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში 113 დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი.