USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Тбилиси
"საქართველოს მთავრობაში რამდენიმე ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას“ - ინვესტორი ნიდერლანდებიდან
дата:  692

#ინვესტორისხმა - ასე ჰქვია გადაცემა „Forbes კვირისა" და TheCheckpoints-ის ახალ რუბრიკას, რომლის ფარგლებშიც BMG-ის ბელგიელი ჟურნალისტი გიომ მულარტი საქართველოს ბიზნესგარემოზე უცხოელი ინვესტორების მოსაზრებებს თუ შეფასებებს მოისმენს და გაგიზიარებთ.

58 წლის გროდ ვან ილი ნიდერლანდების სამეფოდანაა. მისთვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ნაცნობია. ის 20 წელზე მეტია საქართველოში ბევრ დიდ პროექტშია ჩართული, მაგალითად, როგორც ჟაკ ფლერი - "ბორჯომში." ასევე უძრავი ქონებისა და სავაჭრო ცენტრების მიმართულებითაც საქმიანობს.

გროდ ვან ილი BMG-სთან იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც საქართველოში ბიზნესის კეთების მიმართულებით არსებობს. ბიზნესმენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებაა. მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იღებს. „მე ერთ-ერთ პროექტში ვარ ჩართული, რომელიც ცდილობს „მაკდონალდსის“ დრაივ-ინის აშენებას. ექვს თვეზე მეტია ველოდებით ნებართვას, რადგან სახელმწიფო გვეუბნება, რომ დრაივ-ინის გზაზე მოძრაობა არ არის სწორად დალაგებული“, - ყვება ის.

„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ შენ თვითონ უნდა გააკეთო. ნუ ელით, რომ მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება დაგეხმარებათ. როდესაც გვერდით გყავს სწორი ხალხი, სწორი პარტნიორები, შეიძლება სულაც არ იყვნენ ქართველი პარტნიორები, აქ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. მაშინაც კი, თუ არ დაგეხმარებიან, შენს საწინააღმდეგოდ მაინც არ იმოქმედებენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია.

საბანკო სისტემა აქ საკმაოდ დახვეწილია. გარემო ძალიან, ძალიან სასიამოვნოა. კარგი კლიმატია. არ ვიცი ეს რამდენადაა ინვესტიციის ჩადების მოტივი, მაგრამ ეს ქვეყნისთვის პლუსია. ცხადია, უარყოფითი გარემოებებიც არსებობს. მე გაგაფრთხილებდით, რომ არ მოელოდეთ მთავრობისგან დიდ დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქტიურად ამბობენ, რომ დაგეხმარებიან, ეს მაინც რთული საკითხია;

როდესაც ქართველ ხალხთან მუშაობთ, მათ ყოველთვის სურთ თავიანთი ოჯახის ჩართვა ბიზნესში. როდესაც თქვენ გყავთ პარტნიორი ან ადამიანი, რომელთან ერთადაც გარკვეულ საქმიანობაში ხართ ჩართული, ისინი ყოველთვის წარგიდგენენ თავიანთ ოჯახის წევრს, რომელიც, როგორც წესი, სულაც არ არის შესაფერისი სამუშაოსთვის. ქართველები არ არიან პუნქტუალურები. ასე რომ, თუ ერთი საათს დააგვიანებენ... ასე ხდება ხოლმე.

ქვეყნაში არსებობენ პროფესიონალები. მაგრამ, უნდა ვთქვა, სახლი არ ააშენებინოთ ქართველს, სახლის შენება დაასრულებინეთ ქართველს, რადგან ისინი ნიჭიერი და არტისტულები არიან - მხატვრობაში, ხელოვნებაში, მუსიკაში... ამ შენობასაც თუ შეხედავთ, მიხვდებით როგორ შეასრულეს. მათ ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლიათ. ჩამოიტანეთ თქვენი უნარები, იდეები და ფული, მაგრამ იპოვნეთ სწორი პარტნიორი. არ დაიწყოთ ბიზნესი მარტომ. არ გირჩევდით უბრალოდ ფულის ჩადებას და წასვლას. დარჩით ან იპოვნეთ ვინმე სანდო ადამიანი, რომელიც აქ ორ წელზე მეტია ცხოვრობს.

ადამიანი, რომელმაც იცის ბიზნესი, ადამიანი, რომელსაც ენდობით. იპოვნეთ სწორი პარტნიორი. ეს არ არის ახალი ქვეყანა, მაგრამ ის განვითარების შუა ეტაპებზეა. საქართველო არ არის ისე შორს, როგორც რუსეთია და მას სურს იყოს ევროპასთან ახლოს. შესაბამისად, საქართველო ცდილობს ევროპული სტანდარტების დანერგვას. ბანკები ევროპული სტანდარტებისაა. მე ვიტყოდი, რომ რეგისტრაციის სისტემა აქ ძალიან მარტივია.

სიმართლე გითხრათ, ბოლო ორი, სამი წლის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ კრიზისს, არჩევნებისა და თავად მთავრობის კომპეტენციის გამო. ვფიქრობ, მთავრობაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი არ იღებს ამ გადაწყვეტილებებს და ხალხს ეშინია გადაწყვეტილებების მიღების. მე ერთ-ერთ პროექტში ვარ ჩართული, რომელიც ცდილობს „მაკდონალდსის“ დრაივ-ინის აშენებას. ექვს თვეზე მეტია ველოდებით ნებართვას, რადგან სახელმწიფო გვეუბნება, რომ დრაივ-ინის გზაზე მოძრაობა არ არის სწორად დალაგებული. ჩვენ მივმართეთ საქართველოში არსებულ ერთადერთ ექსპერტს, რომელიც სახელმწიფოს ხშირი მრჩეველია მსგავს საკითხებში. მან თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სადღაც მთავრობის შიგნით, ადგილობრივი ხელისუფლების შიგნით, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ვერ ბედავს ამ გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის პრობლემა. ეს ხდება იმიტომ, რომ იერარქიაში ამ ადამიანის ზემოთ მდგომი პირი ალბათ შვებულებაშია ან სხვა მიზეზითაა შეფერხებული. ეს ტიპიური საქართველოს ქეისია ამ მომენტისთვის. სიმართლე გითხრათ, ადრე ამაზე უკეთესი ვითარება იყო. ახლა ხალხს ეშინია გადაწყვეტილების მიღების. ყველაფერი კი ნებართვების საფუძველზე ხდება. აქ ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. ზოგჯერ, ეს ნებართვა სწრაფად მოდის, ზოგჯერ კი წლები სჭირდება“, - აცხადებს გროდ ვან ილი.

bm.ge

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати