USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმას აქვეყნებს
თარიღი:  239

საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა.

გეგმა 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ არის დამტკიცებული.

დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიაში უკვე გადაიგზავნა, ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები, განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები. დოკუმენტი საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯებია:

ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება;

შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;

ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით;

ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა;

დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება;

ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება განსახორციელებელ აქტივობებს, ესენია:

საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით. სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში ევროკავშირის პოზიციებთან მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესება.

არსებული პრაქტიკის საფუძველზე, აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, მათ შორის გაგრძელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგულარული ანგარიშგება ევროკომისიის (FISMA, DG TAXUD), აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან არსებული საკომუნიკაციო არხებით, სანქცირებული და სენსიტიურ საბაჟო კოდებზე საბაჟო ოპერაციების სანქციებთან შესაბამისობის თაობაზე.

ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ჩართვა ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში. საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან (საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში) თანამშრომლობის გაგრძელება.

2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირი-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა.

ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა.

საარჩევნო კოდექსში პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე ცვლილებების შეტანა (პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულებების აკრძალვა; მშპ-თან მიმართებით წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება).

რეგულარული დიალოგის ხელშეწყობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება, სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რომლებიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება. ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრების გამართვა ამ ორგანოების წლიური ანგარიშების განსახილველად,

დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ (ცნობა: 2023 წლის 22 ნოემბერს, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პარლამენტმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს, ეროვნულ პლატფორმასთან მესამე ერთობლივ კონფერენციაზე.) საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით.

სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების გაერთიანებული შეხვედრა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეხვედრაზე განხილული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის 2024-2026 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი.

ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა მიმდინარე გამოძიებებზე; ევროკომისიისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებებთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.

 
 
 
 
კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.