საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს დღეს წარადგენს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტი ორეტაპიანი იქნება. მათივე ცნობით, ეს არის მიზნობრივი, სოციალური და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმები.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, დღეს გაცხადდება, თუ რა სახის სოციალურ პაკეტს შესთავაზებენ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა, ან მომავალში პანდემიის შედეგად დაკარგავენ სამუშაო ადგილებს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეს არის დივერსიფიცირებული, მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული რისკის დაზღვევას ამ ადამიანებისთვის. ასევე საუბარი იქნება იმაზეც, თუ ეტაპობრივად როგორ გამოვიდეთ შექმნილი კრიზისიდან და ავამოქმედოთ ეკონომიკა.
საქართველოში კორონავირუსი 425 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.
კარანტინის რეჟიმში - 5126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578, - ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.